ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამსახველი ვიდეოკადრები განადგურებულია


აფგან მუხთარლი ბაქოს სასამართლოში, By Ramin Deko

29 ივნისს, ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს. საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს, რომ ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში ქართველი ძალოვნები მონაწილეობდნენ.

ოფიციალური თბილისი, ფაქტობრივად იზიარებს ოფიციალური ბაქოს პოზიციას, რომ ჟურნალისტმა თითქოს საკუთარი სურვილით გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა იმ ქვეყანაში, სადაც უეჭველი დაპატიმრება ელოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ არ წარმოუდგენია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებდა, თუ სინამდვილეში რა მოხდა, 29 მაისს, საღამოს, ვეკუასა (ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის) და ბარათაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც აფგან მუხთარლი ბოლოჯერ ნახეს.

შსს-ს ოფიციალურმა წარმადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ვიდეო კამერების ჩანაწერების გასაჯაროება მხოლოდ, გამოძიების შუალედური შედეგების დასრულების შემდეგ მოხდება. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, შუალედური გამოძიების დასრულებისთვის აუცილებელია აზერბაიჯანმა ქართულ მხარეს აფგან მუხთარლის დაკითხვის უფლება მისცეს.

By Rustavi 2
By Rustavi 2

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ვიდეო ჩანაწერები ზოგან უკვე შეცვლილია, ზოგან კი საერთოდ განადგურებული. ადვოკატი შსს-ს ვიდეო მასალების სასწრაფო გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს:

ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე არის ვითარება შეცვლილი და ამას სისხლის სამართალში მტკიცებულების განადგურება ჰქვია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, შესაძლებელია, სხვა მტკიცებულებებიც უკვე განადგურებული იყოს. იყო თუ არა მტკიცებულებების გაყალბება, ესეც გამოძიების საკითხია"
არჩილ ჩოფიკაშვილი, აფგან მუხთარლის ადვოკატი

„ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე არის ვითარება შეცვლილი და ამას სისხლის სამართალში მტკიცებულების განადგურება ჰქვია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, შესაძლებელია, სხვა მტკიცებულებებიც უკვე განადგურებული იყოს.

იყო თუ არა მტკიცებულებების გაყალბება, ესეც გამოძიების საკითხია. პროკურატურამ უნდა გასცეს, როგორც ძირითად კითხვას პასუხი, ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი?

ისე მეორე კითხვასაც - ამ საქმეში ჰქონდა თუ არა მტკიცებულებების გაყალბებას ადგილი და ვის მიერ გაყალბდა ეს მტკიცებულებები“

რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული, ერთი-ერთი კერძო ვიდეოკამერიდან ამოღებულ, 29 მაისის საღამოს ჩანაწერებს, რომელიც დიდი ალბათობით, შეცვლილია, უკვე გაეცნო „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (Alliance of Liberals and Democrats for Europe - ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დანიელი პოლიტიკოსი ჰენრიკ მორტენსენი.

ევროპარლამენტრმა, სადაც ALDE-ს 68 წევრი ჰყავს, 15 ივნისის საგანგებო რეზოლუციაში აღნიშნა, რომ „კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას თბილისში და შემდეგ მის დაუსაბუთებელ დაკავებას ბაქოში, რასაც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს.“

ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, მუხთარლის საქმეზე „სწრაფი, საფუძლიანი, გამჭირვალე და ეფექტური გამოძიება“ უზრუნველყოს და „დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.“

მორტენსენი მესამე დღეა მუხთარლის გატაცების დეტალებს თბილისში პირადად იკვლევს. იგი უკვე შეხვდა საქართველოს ოპოზიციური პარტიების, მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ აქტივისტებს და სპეციალურად, ბაქოდან ჩამოსულ „მუსავათის“ ლიდერს არიფ ჰაჯილის.

2015 წელს, "მუსავათის" ლიდერის ვიზიტს თბილისში აფგან მუხთარლიც ესწრებოდა
2015 წელს, "მუსავათის" ლიდერის ვიზიტს თბილისში აფგან მუხთარლიც ესწრებოდა

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები: ისა გამბარი და არიფ ჰაჯილი აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის საქმეზე 16 და 17 ივნისს დაკითხა. ჰაჯილიმ მაშინ აღნიშნა, რომ ბაქოშიც და თბილისშიც „გამოძიების იმიტაციას ახდენენ და ეს ყველაფერი ცირკია.“ იგივე გაიმეორა აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა დღეს თბილისში.

თავად, ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი ჰენრიკ მორტენსენი კი ამბობს, რომ ჟურნალისტის გატაცების გამოძიება ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ტესტია.

ჟურნალისტის გატაცება მიუღებელია. მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს. ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა და დემოკრატიულმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სიმართლის დასადგენად"
ჰენრიკ მორტენსენი, Alliance of Liberals and Democrats for Europe-ს ვიცე-პრეზიდენტი

„ეს არის შემთხვევა, რომელზეც ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ჟურნალისტის გატაცება მიუღებელია. მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს. ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა და დემოკრატიულმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სიმართლის დასადგენად. ამიტომ არის ეს საქმე თქვენი დემოკრატიის ტესტი.“

გუშინ, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოულოდნელად საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიღო. დღეს კი აფგან მუხთარლის, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევისა“ და „კონტრაბანდის“ გამო, აზერბაიჯანში 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, პირველად მისცეს უფლება თბილისში მყოფ მეუღლეს - ლეილა მუსტაფაევას ტელეფონით დაკავშირებოდა.

დღესვე, ლეილა მუსტაფაევას პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. მანამდე მუსტაფაევამ უარყო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზება, „უსაფრთხოების დაცვის მიზნით“ მას და მის შვილებს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მინიჭებოდათ.

გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო
გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო

მუსტაფაევა ქმრის გატაცებაში საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებს. იგი უკვე ორჯერ დაკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პარალელურად, რეზონანსულ საქმეს „აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დაჩქარებული წესით იხილავს.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტია, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს აფარებდა თავს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესზე ჟურნალისტური გამოძიების სერია მოამზადა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო უწყების წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაგნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG