ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იპოთეკური კრიზისი საქართველოში


იძულებითი გამოსახლება ქობულეთში. სულხან მესხიძის ფოტო

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. მთავრობა იპოთეკური სესხების აღსრულებაზე მორატორიუმის იდეით გამოდის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00
ბმული

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში, დაახლოებით, 75 000-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. იძულებითი აღსრულების გზით, სხვადასხვა ქონება კი ჯამში 170 000-მეტმა ოჯახმა დაკარგა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ მონაცემებია.

ამ ოჯახებმა ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან კრედიტები აიღეს და თავის დროზე ვერ დააბრუნეს. ექსპერტთა აზრით, ვინაიდან საქართველოში უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეთა აღრიცხვა არ ხდება ეს ციფრი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. ცნობილია, რომ მოქალაქეთა ნაწილი იძულებული იყო ვალის გადახდის მიზნით საცხოვრებელი თავად გაეყიდა.

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ პროგნოზით, ახლო მომავალში, სახლ-კარის დაკარგვის საფრთხის წინაშე, კიდევ 25 000-მდე ოჯახი შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგიერთი მონაცემით, ეს ციფრი 70 000-საც კი აღწევს.

სოფიო ბეროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეისათვის, საქართველოში 161 000 იპოთეკარია (კრედიტორია) რეგისტრირებული:

„მთლიანობაში არის 161 000, ხოლო, ამ 161 000 რეგისტრირებული იპოთეკარიდან 68 პროცენტი წარმოადგენს კერძო პიროვნებას ანუ კერძო მევახშეს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. იმ ფონზე, როცა ჩვენ გვაქვს 132 000-ზე მეტი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

საშუალოდ სამზე რომ გავამრავლოთ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ძალიან მალე, რა რაოდენობის ადამიანს შეიძლება დაუდგეს გამოსახლების პრობლემა და რა მასშტაბის პრობლემა იქნება ეს საქართველოსთვის.“

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე „პრობლე­მუ­რი იპოთე­კუ­რი სესხების სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­ში“ გაწევრიანებულ ათი ათასობით ადამიანს დახმარებას დაპირდა, დღეს რთულ სიტუაციაშია.

მთავრობამ დროებითი გამოსავალი - იპოთეკური სესხების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებაში დაინახა. პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილელების პაკეტის მიხედვით, მორატორიუმი აღსრულებაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს.

პარალელურად კი იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე, რომელიც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო მევახშეებს თამაშის ახალ წესებს დაუდგენს. საუბარია, საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, საშუალოდ - 30-35 პროცენტის ფარგლებში. ბოლო წლებში, ზოგიერთი იპოთეკარი მევალეს წლიურ საპროცენტო განაკვეთს 60-დან 120 პროცენტის ფარგლებშიც კი უსაზღვრავდა.

კანონი ასევე მოითხოვს, სასესხო ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმებას, რამაც წინასწარ განზრახული, თაღლითური გარიგებები უნდა აღმოფხვრას.

ჯერჯერობით, უცნობია, მორატორიუმი და ახალი რეგულაციები ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება თუ მხოლოდ კერძო იპოთეკარებზე. მთავრობის ინიციატივები საბანკო და საფინანსო სექტორიდან მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება.

ბანკების აზრით, მორატორიუმი და რეგულაციები დააზარალებს როგორც საბანკო-საფინანსო სფეროს, ისე უძრავი ქონების ბაზარს და უფრო გააძვირებს სესხებსა და კრედიტებს.

რა იქნება 2014 წლის 1 თებერვლის შემდეგ, ვერავინ ამბობს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, მთავრობა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრობლემის „გაყინვას“ ცდილობს. პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მევალეს ვალის დაბრუნება მაინც მოუწევს:

„ეს იქნება ერთჯერადი ღონისძიება, რათა რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ შანსი, რომ რაიმე გზით და საშუალებით შეძლონ ამ ვალდებულებების გასტუმრება.

ამას, არავითარ შემთხვევაში არ ექნება რაიმე სხვა ეტაპი მომავალში. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ სიტყვების მოსმენა - ყველამ უნდა მოვახერხოთ საკუთარი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება.“

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მევალეთა რეესტრში, დღეის მდგომარეობით, 91631 მევალე ფიქსირდება. იანვრიდან, მევალეთა რაოდენობა 15024-ით არის გაზრდილი. თავის მხრივ, მოიმატა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამაც და ჯამში 250 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ ზუსტად 8 წლის წინ, 2005 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტმა ევროპის სოციალური ქარტიის რატოფიცირება მოახდინა. ქარტიის 31-ე მუხლი ქვეყანას ავალდებულებს, მიიღოს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს: უბინაობის პრობლემის თავიდან აცილებსა და შერბილებას, მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით;

ასევე, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას და საცხოვრებელ ბინებზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო სახსრები. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ ქარტიის ეს მუხლი სავალდებულოდ არ აღიარა.
XS
SM
MD
LG