ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო „შავი ხვრელების“ წინააღმდეგ


სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სეულში

დღეს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დასრულდა ბირთვული უსაფრთოხების სამიტი, რომელსაც უკვე მეორედ საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ორი წლის უკან ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების პირველ სამიტზეც იმყოფებოდა.

სწორედ მაშინ არაფორმალურ ვითარებაში მოხდა სააკაშვილისა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას პირველი გაცნობითი შეხვედრა. ამერიკისა და საქართველოს ლიდერები ერთმანეთს სეულშიც შეხვდნენ. სამიტის დაწყებამდე, ბარაქ ობამამ სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოც მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამდიდრებული ურანის კონტრაბანდა რამდენჯერმე წარმატებით აღკვეთეს.

სამიტამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ.“ ამ საკანონმდებლო ინიციატივის გარდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სეულის სამიტზე ხუთ წუთიანი გამოსვლის დროს ძირითადი ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა, როგორც უკონტროლო „შავ ხვრელებზე“, საიდანაც რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდა ხდება. სეულში მყოფმა საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კერძოდ აღნიშნა

„ბირთვული მასალების ტერორისტთა ხელში მოხვედრა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას, ამიტომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი ბირთვული მასალების ექსპორტზე. უნდა გამკაცრდეს კონტროლი ატომულ ელექტროსადგურებში გამომუშავებულ მასალებზე და რაც მთავარია, ყველა ქვეყანამ დღევანდელ დღესთან შესაბამისოაბაში უნდა მოიყვანოს კანონმდებლობა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონები, რითაც ჩვენ შევასრულეთ ის ვალდებულებები რაც ავიღეთ ვაშინგტონის სამიტზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. სამწუხაროდ, ეს ტერიტორიები გადაიქცა ბირთვული მასალების უკანონო მარშუტად.“

საქართველოში გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის ბოლო გახმაურებული ფაქტი, ზუსტად ორის წლის წინ, 2010 წლის მარტში დაფიქსირდა. მაშინ სომხეთის ორი მოქალაქე თბილისში მილიონ ნახევარ ამერიკულ დოლარად 18 გრამი გამდიდრებული ურანის გაყიდვას შეეცადა.

ერთობლივი ქართულ-სომხური სპეცოპერაციის შედეგად - სუმბათ ტონოიანი და გრანტ ოჰანიანი დააკავეს, მათ საქართველოში 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სომხეთში კი შარშან გაასამართლეს, ამ ჯგუფის ლიდერი - გარიკ დადაიანი. იგი ციხეში 7 წელს გაატარებს.

ექვსი წლის წინ კი, 2006 წლის თებერვალში კი ქართველმა სამართალდამცებმა რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინჩაგოვი დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მან 100 გრამი გამდიდრებული ურანი რუსეთიდან საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა.

ხინჩაგოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტ სააკაშვილის ამნისტიის საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და 2011 წლის იანვარში საპატიმროდან განთავისუფლდა.

ვლადიკავკაზში დაბრუნებულმა ხინჩაგოვმა ყველა ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას არა ურანი, არამედ ტოპოგრაფიური ოქსიდი გადაჰქონდა. ქართულმა მხარემ ეს ბრალდება უპასუხოდ დატოვა.

სეულის სამიტზე საქართველომ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო კონტროლის მექანიზმების ამუშავება. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ კერძოდ განაცხადა:

„ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენენ ძალიან ნოყიერ ნიადაგს სწორედ ასეთი უკანანო ქმედებებისთვის. ამის რამდენიმე მაგალითი იყო უახლოეს წარსულში, რომელიც წარმატებით აღკვეთა საქართველომ, თუმცა ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ ხერხდება იქ საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტერიტორიები წარმოადგენენ საფრთხეს, როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და ასევე გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.“

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა სეულში, დღეს თბილისში გააპროტესტა საქართველოს მწვანეთა პარტიამ. მოძრაობის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ახალ კანონმდებლობაში ბევრი ადრე არსებული შეზღუდვა მოიხსნა

„ძველი კანონით იკრძალებოდა საქართველოში ბირთვული იარაღის, ან სხვა ამდაგვარი ტექნოლოგიების ტრანზიტი, ექსპორტი ან იმპორტი, შემოტანა ნებისმიერი სახით. ახალი კანონის მიხედვით კი დაუშვეს ატომური სადგურის მშენებლობა. გაქრა სიტყვა რეექსპორტი ბირთვული ნარჩენების ტრანზიტთან დაკავშირებით.

ბირთვული იარაღის ექსპორტის, იმპორტის და რეექსპორტის აკრძალვის ცნებაც საერთოდ გაქრა კანონმდებლობიდან. და, ამას ეძახიან ბირთვული უსაფრთხოების გაუმჯობესებას?!“

სეულის სამიტს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით, რუსეთის დელეგაციაც ესწრებოდა, თუმცა რუსები სააკაშვილის ბრალდებებს არ გამოხმაურებიან.

ბირთვული უსაფრთხოების მომავალი სამიტი 2014 წელს უკვე ჰოლანდიაში გაიმართება. საინტერესოა, რომ ტაილანდური პრესის ცნობით პრეზიდენტი სააკაშვილი სეულში, ტაილანდის კუნძულ ფხუკეტიდან ჩავიდა. ადგილობრივი გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ანდამანის ზღვის სანაპიროზე კერძო დღესასწაული აღნიშნა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG