ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას მიაღწია თეირანმა ურანის გამდიდრების სფეროში?


რას მიაღწია თეირანმა ურანის გამდიდრების სფეროში?
რას მიაღწია თეირანმა ურანის გამდიდრების სფეროში?

8 ივნისს ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფერეიდუნ აბასიმ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება სხვადასხვა მიზნისთვის ორ ობიექტზე მოხდება.

საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის მთავრობისგან ატომურ სფეროში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულ გაზიარებასა და ბირთვული შეიარაღების წარმოებისკენ გამიზნული პროგრამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. საპასუხოდ თეირანმა განაცხადა, რომ ირანი არა მხოლოდ გააგრძელებს ურანის გამდიდრებას არამედ გამდიდრებული ურანის წარმოებას გააფართოებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეფრი იანგი იუწყება, რომ ანალიტიკოსები ირანის მთავრობის ოფიციალურ განცხადებებს სკეპტიკურად აფასებენ.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მზარდი კრიტიკის მიუხედავად, ირანის მთავრობა კვლავინდებურად აცხადებს, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. ბევრ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ საქმიანობას უფრო გასაიდუმლოებულს გახდის.

8 ივნისს ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფერეიდუნ აბასიმ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება სხვადასხვა მიზნისთვის ორ ობიექტზე მოხდება.

ერთი ობიექტი ქალაქ ნათანზთან ახლოს მდებარეობს. იქ გამდიდრებული ურანი ელექტროენერგიის წარმოებას მოხმარდება. მაგრამ მეორე ქარხანა, რომელსაც ფორდოს უწოდებენ, ბევრად უფრო საეჭვო ამოცანას შეასრულებს. გაუვრცელებლობის არასამთავრობო ჯგუფის „ბირთვული საფრთხის ინიციატივის“ ანალიტიკოსი კორი ჰინდერშტეინი აღნიშნავს, რომ ფორდოს ქარხანა ურანს უფრო მაღალ დონეზე გაამდიდრებს.

„ამგვარი გამდიდრება ბირთვული შეიარაღების შექმნისთვის მაინც გამოუსადეგარია, მაგრამ ეს მათ იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ თუ ისინი ბირთვული შეიარაღების წარმოებას დააპირებენ, ეს ბევრად უფრო ნაკლებ დროს დაიკავებს,“ აღნიშნა კორი ჰინდერშტეინმა.

ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანა ქალაქ კომის მახლობლად მდებარე მთის შიგნით არის განლაგებული. ეს კარგად დაცული ობიექტი, მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის თანამშრომლის, გაეროს ყოფილი ინსპექტორისა და ბირთვული საკითხების ექსპერტის დევიდ ოლბრაითის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო მეტ ეჭვს გაუჩენს, რომ ირანის ამბიციები ატომურ სფეროში მშვიდობიანია.

„ირანმა მსოფლიოს საკმაოდ პროვოკაციული სიგნალით მიმართა, რომ თეირანი ცენტრიფუგებს მიწისქვეშა ობიექტში განათავსებს, სადაც მათი დაბომბვა შეუძლებელი იქნება. ამას გარდა ირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბირთვული შეიარაღების შექმნისთვის საჭირო ატომური მასალა ექნებათ,“ აღნიშნა დევიდ ოლბრაითმა.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი აღნიშნავს, რომ ფორდოს ქარხანა ურანს 20 პროცენტამდე გაამდიდრებს, რასაც სამედიცინო იზოტოპებში იყენებენ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვით გამდიდრების ტემპი სამჯერ გაიზრდება. კორი ჰინდერშტეინი ამგვარ დასაბუთებას უარყოფს.

„მათ უკვე ისედაც აქვთ დაახლოებით 50 კილოგრამი 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი, რაც თეირანის კვლევითი სამედიცინო რეაქტორისთვის ხუთი წლის მარაგს წარმოადგენს. ხოლო სამედიცინო იზოტოპების წარმოებისთვის საჭირო სხვა რეაქტორი მათ არ გააჩნიათ. ამდენად ის იდეა, რომ მათ რატომღაც ყოველწლიურად ამ დონეზე გამდიდრებული ურანის წარმოება სამჯერ უნდა გაზარდონ ჩემში ეჭვებს იწვევს იმასთან დაკავშირებით ემსახურება თუ არა ეს ძალისხმევა სამოქალაქო მიზნებს,“ დასძენს კორი ჰინდერშტეინი.

XS
SM
MD
LG