ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-სომხური სპეცოპერაცია „ურანი“


სუმბათ ტონოიანი და გრანტ ოჰანიანი

სომხეთის ეროვნული უსაფრთოების სამსახურმა გუშინ, სპეციალური განცხადებით გაახმაურა, რომ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად, 2010 წლის აპრილში, ერევანში, სომხეთის მოქალაქე გარიკ დადაიანი დააკავა.

დადაიანი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდაში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ცდილობდა, სომხეთის ორი მოქალაქე - სუმბათ ტონოიანი და გრანტ ოჰანიანი, ერთი თვით ადრე, 2010 წლის მარტში, საქართველოში, 18 გრამი გამდიდრებული ურანის, მილიონ ნახევარ ამერიკულ დოლარად გაყიდვას.

დღეისათვის დადაიანის სასამართლო პროცესი ერევანში, ხოლო ტონოიანისა და ოჰანიანის თბილისში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა "ამერიკის ხმას" უთხრა:

„ეს ოპერაციები მიმდინარეობს მუდმივად, იმისთვის, რომ ამოვიღოთ რადიაქტიური ნივთიერებები, განსაკუთრებით, ასეთი სახიფათო ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა იყოს მიმოქცევაში ქვეყნის ტერიტორიაზე.

სომხური მხარეც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. ჩვენ ვიცით, რომ მათ დააკავეს გარიკ დადაიანი, რომელიც ამ ეტაპზე, მოიაზრება ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ამ კრიმინალური ჯგუფის. ორ ქვეყანას შორის მართლაც იყო მჭიდრო თანამშრომლობა ამ ოპერაციის დროს.“

საინტერესოა, რომ გარიკ დადაიანი, 2003 წლის ივლისში, 173 გრამი გამდიდრებული ურანის შემოტანისას სოფელ სადახლოში დაიჭირეს. მან აღიარა, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოსიბისკიდან მოდიოდა. თუმცა, დაუდგენელ მიზეზთა გამო, მაშინ დადაიანის სომხეთში ექსტრადირება გადაწყდა, იქ მას ორ წელიწადნახევარი მიუსაჯეს, შემდეგ კი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

2010 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ ანკესზე დადაიანის ახალი თანამზრახველები წამოეგნენ. კონტრაბანდისტები აჭარაში, შუამავალს ეძებდნენ, რომელიც თურქეთის მუსლიმანურ ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან იქნებოდა კავშირში. უკვე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ შუამავალი ქართული პოლიციის აგენტი იყო, ზუსტად ამ სქემით, აკავებდა პოლიცია ურანით მოვაჭრეებს წინა წლებში.

2006 წლის თებერვალში რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი, 100 გრამი გამდიდრებული ურანით, მუხიანში დაიჭირეს; აგვისტოში კი ბათუმში დააპატიმრეს საქართველოს მოქალაქე თამაზ დემეტრაძე, ერთი კილოგრამი ურანით, რომელიც გამდიდრებული არ იყო.

სულ 2002 წლიდან, საქართველოში ბირთვული კომპონენტების უკანონო ვაჭრობის მცდელობის ფაქტზე 29 ადამიანი იქნა დაპატიმრებული, მათ შორის - ოცი საქართველოს, თითო აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის და ექვსიც სომხეთის მოქალაქე, მარტში დაკავებულთა ჩათვლით. შოთა უტიაშვილი ამბობს:

„ამოღებული ურანის გამდიდრების ხარისხი იყო 90 პროცენტამდე. ანუ თეორიულად ის შეიძლება გამოყენებული იქნას ატომური ბომბის შექმნაში. ბუნებრივია, რაოდენობა ძალიან მცირეა, იმისათვის რომ ატომური ბომბი შეიქმნას, თუმცა ეს არის ძალიან დაცული ნივთიერება და ის, თუ საიდან მოხვდა ეს ნივთიერება ამ ორი ადამიანის ხელში ძალიან საინტერესოა გამოძიებისთვის.

ჩვენ გვაქვს, დასაბუთებული ეჭვი, რომ ურანი არის წარმოშობით ნოვოსიბირსკიდან, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არ შეგვიძლია ეს ეჭვი დავადასტუროთ ან ვუარყოთ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს, რუსეთის მოქალაქე ხინცაგოვის საქმის გამოძიებისას, ჩვენი და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლობა არ შედგა.“

გაკოტრებულმა ბიზნესმენმა სუმბათ ტონოიანმა და ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა გრანტ ოჰანიანმა თვრამეტი გრამი „სასინჯი“ ურანი საქართველოში, თბილისი-ერევნის სამგზავრო მატარებლით შემოაპარეს.

ურანი ვაგონებს შორის იყო დამალული. საქართველო-სომხეთის, ისევე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ამერიკის მთავრობის დახმარებით, რადიოაქტიური ნივთიერების აღმომჩენი ძვირადღირებული კონტროლის სისტემებია დამონტაჟებული. თუმცა ამჯერად, ურანი ტყვიით დაფარულ სიგარეტ „მალბოროს“ კოლოფში იყო მოთავსებული და სენსორებმა მისი დაფიქსირება ვერ შეძლეს. ე

ქსპერტთა აზრით, ასეთი სახის ურანის წარმოება სომხეთში ტექნიკურად შეუძლებელია, თუმცა იზოტოპური შემადგენლობის კვლევის შემთხვევაში შესაძლებელია ურანის წარმოშობის დადგენა. ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი შუქრი აბრამიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს

„მთავარი ამ ისტორიაში არის ის, რომ გახსნილი იყოს სქემა საიდან მოდის ურანი. ჩვენ, ფიზიკის ინსტიტუტი, ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლის წინ ვამბობდით და დავადგინეთ კიდეც, რომ ეს ურანი უდავოდ უნდა იყოს რუსული, ანუ საბჭოთა წარმოშობის.

ეს იმის გამო ხდება, რომ როცა საბჭოთა სისტემა დაინგრა, ასევე დაინგრა და მოიშალა სახელმწიფო დისციპლინა და ეს იყო მთავარი მიზეზი მკაცრად დაცული ტერიტორიებიდან ურანის გამოტანისა.

ჩემი აზრით, იქედან გამომდინარე რომ დიდი ოდენობით ეს ნივთიერება ემუქრება მშვიდობას მთელ მსოფლიოში, გადალახული უნდა იყოს რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობაში დღევანდელი სიძნელეები. უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინტერესი, რომ გადაწყვიტონ მთავარი - დადგინდეს საიდან მოდის ურანი.“

ურანით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის შესახებ მსოფლიოს, ჯერ კიდევ აპრილში, ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე, საქართველოს პრეზიდენტმა ამცნო.

მიხეილ სააკაშვილი მაშინ გამოძიების დასრულებას არ დაელოდა და პირდაპირ განაცხადა, რომ კონტრაბანდული ურანი კავკასიაში რუსეთიდან შემოდის. ამ ბრალდებას ოპერატიულად უწოდა პროვოკაცია რუსეთის საგარეო უწყებამ.

დღეს, როცა ამ კრიმინალურ-პოლიტიკური ისტორიის უფრო მეტ დეტალს მოეფინა ნათელი, დიდ მნიშვნელობას იძენს, როგორ მიუდგება გამოძიებას რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი. სომხური პრესის ცნობით, გუშინ ამ თემის კომენტარზე უარი თქვეს, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროებში.

XS
SM
MD
LG