ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზით თამაში


სურათზე: ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი საქართველოში მხოლოდ აზერბაიჯანს არ უნდა შემოჰქონდეს
სურათზე: ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი საქართველოში მხოლოდ აზერბაიჯანს არ უნდა შემოჰქონდეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და რუსული ენერგეტიკული გიგანტის „გაზპრომის“ პრეზიდენტის ბრიუსელის შეხვედრიდან, ზუსტად ორი კვირა გავიდა, თუმცა ამ ფაქტმა, იმდენად ააფეთქა ვითარება ბუნებრივი აირის ბაზარზე, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, შაბათს, დაუგეგმავი და ელვისებური ვიზიტიც კი დასჭირდა ბაქოში, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაემშვიდებინა.

სიტუაცია მართლაც არაორდინარულია. ერთის მხრივ, საუბარია ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის, ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ იარაღზე - „გაპრომზე“, რომელიც 2006 წელს დიდი სკანდალით წავიდა ქართული ბაზრიდან. კრემლმა და „გაზპრომმა“ მაშინ, ზუსტად, პოლიტიკური მოტივებით, პირდაპირი მნიშვნელობით, გაყინეს საქართველო. როცა, ცივ ზამთარში ააფეთქეს გაზსადენი და მეზობელი ქვეყნის მოსახლეობა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს.

მეორეს მხრივ, სწორედ რუსული „გაზპრომის“ გასვლის შემდეგ, მოიპოვა მონოპოლიური მდგომარეობა ქართულ ბაზარზე, აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია „სოკარმა“. თბილისს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ფორმალურად, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსგაზის“ მფლობელობაში რჩება, დანარჩენი საქართველოს გაზის ბაზრის ყველა სეგმენტში- იქნება ეს იმპორტი, გატარება თუ მიწოდება, „სოკარი“ აბსოლუტური მონოპოლისტია.

ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს დღეს, ღიად არ უხსენებია „სოკარი“, თუმცა სწორედ გაზის მონოპოლიურ ფასს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ძალიან ძვირია.

„დღეს გაზგასამართ სადგურებზე შესასყიდი ფასი არის სხვადასხვა. ფასი იწყება 190 დოლარიდან 1000 კუბურ მეტრზე და ადის 315 დოლარამდე. მე ვფიქრობ, რომ 315 დოლარი არის ძალიან ძვირი ფასი, რომელიც ამჟამად ევროპაშიც კი არ არის.“

აზერბაიჯანულ გაზის ფასი კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, არაოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოსთვის სამი ტარიფი მოქმედებს: ე.წ სატრანზიტო ტარიფი, 1000 კუბურ მეტრ აირზე 55-დან 64 დოლარამდე მერყეობს. „შეღავათიანი“ და „კომერციული“ აზერბაიჯანული გაზის ფასი კი 189-დან 345 დოლარამდეა. საქართველო წელიწადში 2-2,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. აქედან, 2014 წელს, აზერბაიჯანიდან შესყიდული, „კომერციული“ გაზის წილი - 400 მილიონი კუბური მეტრი იყო.

რა არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლებას? პირველი ეს არის „სოკარის“ პოლიტიკა გაზის საბითუმო ბაზარზე, რომელსაც კონკურენტები „მხეცურს“ უწოდებენ. მაგალითად: აზერბაიჯანული მონოპოლისტი საქართველოში, საკუთარი გაზგასამართი სადგურების ქსელს, ბუნებრივ აირს დემპინგურ ფასებში აწვდის (275$), კონკურენტებს კი დაახლოებით, 70 დოლარით ძვირად (345$), რაც ბუნებრივია, ბაზრის მოთამაშეებს არათანაბარ ვითარებაში აყენებს.

იგივე სიტუაციია კომერციულ ოპერატორებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში გაზის მიწოდება-განაწილების ლიცენზიებს ფლობენ. მაგალითად, შარშან, კომპანია „ვარკეთილაირი“, რომელიც გაზს „სოკარიდან“ ყიდულობს და ვარკეთილი-დიდი ლილოს მოსახლეობის ნაწილს აწვდის, „სოკარის“ საფასო პოლიტიკის გამო, იძულებული გახდა ტარიფი 97 თეთრამდე აეწია.

დაპირისპირება აზერბაიჯანელ მონოპოლისტსა და საქართველოს მთავრობას შორის, განსაკუთრებით გამწვავდა, ზაფხულში, როცა კონკურენციის სააგენტომ, „სოკარი“ამჯერად, ნავთობის, ბენზინისა და დიზელის ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობის გამო - 14 მილიონი ლარით დააჯარიმა. პარალელურად, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ყულევში, კარბამიდის ქარხნის მშენებლობის პროექტი დააკონსერვა, სადაც მილიარდიან ინვესტიციას გეგმავდა.

საინტერესოა, რომ 2015 წელს, აზერბაიჯანულ „სოკარს“ მინიმუმ სამჯერ ჰქონდა მცდელობა, საქართველოში კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 79 თეთრიდან 84 თეთრამდე გაეზარდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მკაცრ წინააღმდეგობას წააწყდა.

მაგალითად, 1 სექტემბერს, „სოკარმა“ კომერციულ მომხმარებლებს ტარიფის ზრდის შესახებ ოფიციალური შეტყობინებებიც დაუგზავნა, თუმცა რამდენიმე საათში, ღარობაშვილის კაბინეტის მყისიერი რეაქციის შემდეგ, რომელსაც წინ საარჩევნო წელი ელის, გაზის გაძვირება „გადაიფიქრა“.

რის მიღწევას ცდილობს საქართველოს მთავრობა ბუნებრივი აირის ბაზარზე რუსული გაზის დაბრუნებით და პერსპექტივაში, ირანული გაზის შემოშვებით? თუ ეს მხოლოდ მანევრია „სოკარზე“ ზემოქმედების მოსახდენად?

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უარღესად ფრთხილად უნდა იმოქმედოს, როცა საუბარია „გაზრპრომზე“ და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვაზე, რომლის მომხმარებელი: ომის მდგომარეობაში მყოფი: საქართველოსა და რუსეთის გარდა, უპირველესად სომხეთია. ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი ასევე ომის მდგომარეობაში იმყოფება.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს

„ჩვენი ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუქცია, ერთადერთი რითაც ვართ საინტერესო დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის, რომ ჩევნ, აზერბაიჯანთან ერთად დასავლეთ-აღმოსავლეთს ვაკავშირებთ ენერგეტიკული რესურსების მიწოდების თვალსაზრისით. თუ, აზერბაიჯანთან რაღაც ტიპის გაუგებრობებში შევედით, ეს აბსოლუტურად გააუქმებს, ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას.“

მას შემდეგ, რაც, 2006 წელს სკანდალურად წავიდა, რუსული „გაზპრომის“ წილი საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე მინიმალურია, ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით, სომხეთში გაზის ტრანზიტიდან მიღებული - დაახლოებით 0,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანული „სოკარის“ დაპირისპირება, „გაზრპრომისა“ და ირანის თემის გააქტიურება, დროში დაემთხვა, საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების უკიდურეს დაძაბვას.

ოფიციალური ასტანა კომპანია „ყაზტრანგაზ თბილისში“ ყაზახური მენეჯმენტის აღდგენას უახლოეს პერიოდში ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟით იმუქრება და 130 მილიონი დოლარის ინვესტიციის უკან დაბრუნებას მოითხოვს.ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანგაზი“თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელს 2006 წლიდან ფლობს, თუმცა 2009 წლიდან, კომპანიაში სახელმწიფოს სპეციალური მმართველია შესული.

XS
SM
MD
LG