ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენერგეტიკული იძულება


არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ. სწორედ აქედან წარმოიშვა ის კითხვები, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მათ შორის ჩვენც გვქონდა -გიორგი ონიანი.

საქართველოს ერენგოუსაფრთხოების საკითხის შესახებ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ. ბოლო დღეებში კი ამ თემის ირგვლივ ბუნდოვანებამ პიკს მიაღწია და ენერგეტიკის მინისტრს ამჯერად მოუწია უკარებას პოზიცია ოდნავ დაეთმო, ექსპერტებსა და სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ წარმომადგენელს შეხვედროდა და რამდენიმე კითხვაზეც ეპასუხა. ამის მიუხედავად, დღემდე ბუნდოვანებითაა მოცული, რა მიზანს ისახავდა ენერგეტიკის სამინისტროს თავგამოდებული მცდელობა საზოგადოების თვალისგან ინკოგნიტოდ ეწარმოებინა მოლაპარაკებები რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან და გაესაიდუმლოებინა, არათუ შეხვედრის შინაარსი, არამედ თავად ფაქტიც.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 35-38 პროცენტით გაიზარდა. როგორ მინისტრი კალაძე ამბობს, საქართველოში გაზის მოხმარება ყოველწლიურად 2 მილიარდ 500 000-სს შეადგენს. აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა კი ამ დროისთვის 6 მილიონი კუბური მეტრია. „2012-წელთან შედარებით მოთხოვნა 35-38 პროცენტითაა გაზრდილი. ფიზიკურად, ჩვენ ვერ ვიღებთ დამატებით მოცულობას ამ მილსადენიდან, რომლითაც სოკარი ბუნებრივ აირს აწვდის საქართველოს. ესაა 6 მლნ კუბური მეტრის მოცულობა, რასაც ის ატარებს, მეტის ტრანსფერი ფიზიკურად შეუძლებელია,“- აცხადებს კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი.

სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდუალევი თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა, შეხვდა პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს, რის შემდეგაც, კომპანიის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ სოკარი ბუნებრივი აირის მოწოდების გაზრდას 7 მილიონ კუბურ მეტრამდე შეძლებს.

"ამერიკის ხმასთან" ჯიპას პროფესორმა, პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა. იგი უშუალოდ ესწრებოდა შეხვედრას ენერგეტიკის მინისტთან. მისი თქმით, „როდესაც გიმალავენ, არ გეუნებიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩუმად, ეს აჩენს პრობლემას და ბადებს კითხვებს. როდესაც შევხვდით ენერგეტიკის მინისტრს, იქ მხოლოდ კალაძე არ ყოფილა. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც დიდი ხანია ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ და ვისაც ვენდობი. მათ თქვეს, რომ არის გარკვეული პრობლემები, რაზეც მიდის მუშაობა და პრინციპში, თუ მოხდება შეთანხმება გაზპრომთან, ეს დრამატულად არ გაზრდის გაზპრომზე დამოკიდებულებას. ეს იყო და ეს.

მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება: ჩემი ვარაუდით, ჩვენი მთავრობა მიიჩნევს, რომ სოკარს აქვს ზედმეტად დიდი ფასი კომერციული ობიექტებისთვის. მოსახლეობა, როგორც ვიცით, შეღავათიანი ფასით სარგებლობს და ამიტომ, ცდილობენ დააკლებინონ ღირებულება კომერციული ობიექტებისთვისაც. ამიტომაც შემოჰყავთ გაზპრომი, როგორც ალტერნატივა. გაზპრომი უფრო იაფად სთავასობს ბუნებრივ აირს კომერციულ ობიექტებს.

ჩემი ვარაუდით, არაა გამორიცხული, რომ მისი შემოყვანით, შესაძლოა მოხდეს ზეწოლა სოკარზე და მან ფასი დასწიოს. მე მგონი, ამაზეა საუბარი. მე რომ მკითხოთ, ესეც ბადებს კითხვის ნიშნებს, რადგან საქმე ეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს ამ ვაჭრობის გამო. შეხვედრა საჭირო იყო, რადგან თუმცა სამინისტროსგან ამ ლოგიკით, სხვა თუ არაფერი, ის მაინც გავიგე, რა ხდება. როცა მთავრობის მხრიდან კეთდებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, ბუნებრივია ეს კითხვებს აჩენდა და წარმოქმნიდა ძალიან სერიოზულ პრობლემას.“

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ონიანი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის გაღრმავება უსაფრთხო არაა, მისი არასანდო პარტნიორობის ისტორიიდან გამომდინარე. „არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ. სწორედ აქედან წარმოიშვა ის კითხვები, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მათ შორის ჩვენც გვქონდა. რადგან კარგად გვახსოვს ის საფრთხე, რის მატარებელიცაა გაზპრომთან ურთიერთობა. 2006 წელს, როდესაც გაზის მოწოდების ფასი გაორმაგდა საქართველოსთვის, ყველას კარგად გვახსოვს. ჩვენ ვფიქრობთ, გაზპრომთან ერთიერთობა სარისკოა ამ მხრივ.

მეორე ასპექტიც აქვს ამ ყველაფერს: რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს ოკუპანტ ქვეყნად, მას სასაქართველოს მეხუთედზე მეტი აქვს ოკუპირებული. ამ პირობებში რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან საქმის დაჭერა და მისთვის გარკვეული ფინანსური სარგებლის მიცემა სარისკოა, ამის აწონ-დაწონვაც მნიშვნელოვანია,“- ამბობს გიორგი ონიანი.

საქართველოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის გაზრდილი რაოდენობის მიღების შესაძლებლობა 2019 წლამდე არ ექნება. ამ დროისთვის კი შაჰდენიზის მეორე ფაზის მშენებლობა დასრულდება, რაც ახალ წყაროებს გახსნის. მანამდე არსებული დეფიციტის უზრუნველყოფისთვის კი სამი ვარიანტია: კომპრესორების მოწყობა, გაზსაცავის მშენებლობა, რაც 2016 წელსაა დაგეგმილი და რუსეთიდან გაზის შესყიდვა, რომლის ფასიც პოლიტიკური იქნება, თუ საბაზრო, კომერციაზე სულაც არაა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG