ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საერთო ინტერესი აქვს სერბეთსა და საქართველოს და არის თუ არა ეს ინტერესი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკისთვის? ამაზე პასუხი მაია გოიკოვიჩის ვიზიტია. სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში იმყოფება იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვას ხაზი.

სხვა საკითხია, შედგებოდა თუ არა ეს ვიზიტი, სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი რომ არ ჩასულიყო სერბეთში რამდენიმე კვირის წინ და როგორც ოსური მედია იტყობინება, ოფიციალური შეხვედრები არ გაემართა. სერბეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და სერბეთის პატრიარქი ირინეი ბიბილოვთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ და შემდგომ შეხვედრები გამართეს.

კადრები იმის შესახებ, თუ როგორი გულმხურვალე დალოცვა მიიღო ერთმორწმუნე პატრიარქისგან ბიბილოვმა, როგორ უსურვეს მას და მის ქვეყანას გაძლიერება და დასახული მიზნების რეალიზება, ფართოდ გაშუქდა. ამ ქმედებაზე ახსნა–განმარტებისთვის სერბეთის საპატრიარქოში გაგზავნილი წერილი საქართველოს საპატრიარქოდან ჯერაც უპასუხოდაა დარჩენილი. მაია გოიკოვიჩი კი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მაქსიმალურად პოზიტიური განწყობის ჩვენებას ცდილობს.

ის მადლობას უხდის საქართველოს კოსოვოს არაღიარებისთვის: „სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პოზიცია, რომელიც გამოხატულია საქართველოდან სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა საქართველოს კოსოვოს არ–აღიარებისთვის.

მადლობა საქართველოს, რომ ის მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა UNESCO. ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებები შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობას, ჩვენს პროგრესს. ჩვენი საერთო მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ევროკავშირი განაგრძობს გაფართოების პოლიტიკას იმ გამოწვევების მიუხედავად, რაც მის წინაშე დგას“,– ამბობს მაია გოიკოვიჩი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობას საქართველოსთვის და სერბეთისთვის.

როგორ და რატომ აღმოჩნდა დე–ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ბიბილოვი ოფიციალურ პირებს შორის ღონისძიებაზე, ამ საკითხს საქართველოს ელჩი საბერძნეთში, იოსებ ნანობაშვილი იმით ხსნის, რომ ბიბილოვი რუსული პასპორტით გადაადგილდება. „შეხვედრებზე ბიბილოვის ვიზიტის თემას ორივე მხარე შეეხო. ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები ეწინააღმდეგება სერბეთის ეროვნულ ინტერესებს. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე. ისინი ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას, დაგმობენ ამგვარ ფაქტებს. ის, რომ ბიბილოვის შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან იყო სრულიად არაოფიციალური, როგორც პირად საუბარში, ასევე ოფიციალურადაც დამიდასტურა სერბეთის პატრიარქმა“, – განაცხადა ელჩმა.

სავარაუდოდ, სირცხვილის ჩამოცილების ერთგვარი აქტის შეფასება "ამერიკის ხმამ" ჯიპას პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს სთხოვა. „როგორც იტყვიან, სამუშაო ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, დიპლომატიურ ჭრილში სერბეთთან. ამით უფრო აიხსნება შექმნილი ვითარება. სერბეთს ხშირად უნდა განვუმარტოთ, როგორც ჩანს, რომ ჩვენ კოსოვო არ ვცანით და თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, კოსოვოს ცნობას წინ არაფერი უდგას. ამის ახსნა იქნება საუკეთესო ბერკეტი.

სერბებს და ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ბიბილოვის ჩასვლა იქ აიხსნება იმით, რომ სერბეთი გასაგებია, აშშ–ზე განაწყენებულია და რუსეთთან კავშირი აქვს აქედან გამომდინარე, ჩვენც გვიჭირავს ხელში ბერკეტი, რომელიც ყველა ამ კავშირს გადაფარავს, ესაა კოსოვოს აღიარება. ჩვენმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს, რომ მსგავსი არასასურველი ვიზიტების პრევენცია მოხდეს.

ზოგადად, დიპლომატიურ ასპარეზზე ბევრი საკითხია დღის წესრიგში. მაგალითად, ყველაზე სერიოზული ჩავარდნა ჩვენ გვაქვს გერმანიასთან. ქართულ–გერმანულ ურთიერთობებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, გერმანიისგან დიდი დახმარება მიგვიღია და კვლავაც ვიღებთ, მაგრამ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის რესურსები გამოყენებული არ არის. უფრო მეტი შედეგის მიღება შეგვეძლო გერმანიისგან ამ ხნის განმავლობაში.“

მომავალ კვირაში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. მოლაპარაკების ძირითადი საკითხი 2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ტვირთბუნვის კონტროლს ეხება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG