ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონტენეგრო ნატოს წევრობას ერთი ნაბიჯით უახლოვდება


ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს მიღების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე შეერთებული შტატების სენატმა იმსჯელა, საბოლოო კენჭისყრა კვირის განმავლობაში გაიმართება. სანამ ხელშეკრულების რატიფიკაციას პრეზიდენტი მოახდენს, მას სენატის ორი-მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.

მონტენეგროს ნატოში წევრობას სენატის 97-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

„ამ ხელშეკრულების დამტკიცება გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას, გააძლიერებს ალიანსს და გაუგზავნის ძლიერ მესიჯს რუსეთს, რომელიც მეზობლებს იპყრობს და საერთაშორისო წესრიგს არღვევს. ნატოს არაწევრ არც ერთ ქვეყანას, განსაკუთრებით რუსეთს, არ შეუძლია ვეტო დაადოს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას. ეს ძლიერი გზავნილი უნდა გვქონდეს,“ განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა.

თვის დასაწყისში სენატისადმი გაგზავნილ წერილში ნატოს გაფართოებას მიესალმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და კანონმდებლებს მონტენეგროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„ნატოს მაისის სამიტში, მონტენეგროს, როგორც ალიანსის სრულფასოვანი წევრის მონაწილეობა იქნება ტრანს-ატლანტიკური ერთიანობის ძლიერი მესიჯი, და იქნება მესიჯი იმისა, რომ მესამე ძალა არ წყვეტს ნატოს წევრობის საკითხებს,“ ნათქვამია ტილერსონის წერილში.

Montenegro
Montenegro

მონტენეგრო დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალკანეთზე გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარე დაპირისპირების ეპიცენტრშია. ამ გავლენაზე ბრძოლის შედეგმა, შესაძლოა, მთლიანად რეგიონის ორიენტაცია განსაზღვროს, მანამდე კითხვად რჩება შეძლებს თუ არა ბალკანეთი ნატოსკენ და ევროპის კავშირისკენ სვლას თუ დაუბრუნდება ის რუსული გავლენის სფეროს?

სანამ მონტენეგრო ალიანსს ოფიციალურად შეუერთდება, მისი წევრობის რატიფიცირება ნატოს 28-ვე წევრმა უნდა მოახდინოს. 25-მა ქვეყანამ ეს პროცედურა უკვე შეასრულა. შეერთებული შტატების სენატში კი რატიფიცირებას ორი რესპუბლიკელი სენატორი ბლოკავდა. რენდ პოლი და მაიკ ლი სამხედრო ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

„მონტენეგროს ნატოში მიღება ჩვენს უსაფრთხოებას არ გააძლიერებს. ნატოში კიდევ ერთი პატარა ქვეყნის დამატება არაფერს მოიტანს. ნატოს გაფართოების მომხრეებს სჯერათ, რომ რუსეთი მთელს მსოფლიოს დაიპყრობს თუ ყველა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდა,“ თქვა პოლმა.

სენატორმა საქართველოზე და უკრაინაზეც ისაუბრა: „მონტენეგროს მხარდამჭერებს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაც სურთ. თუკი საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ჩვენ რუსეთთან მსოფლიო ომში მოგვიწევს ჩართვა.“

მილენა ჯურჯიჩი, "ამერიკის ხმის" სერბული განყოფილება

Facebook Forum

XS
SM
MD
LG