ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსთავი 2“ შსს-ს ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალში ადანაშაულებს


"რუსთავი 2"-ის დირექტორი საგანგებო განცხადებას აკეთებს

საიდან "ჟონავს" უკანონოდ მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალა?

სამაწუყებლო კომპანია „რუსთავი 2“ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო თვალთვალსა და მოსმენებში ადანაშაულებს. ფარული აუდიოვიზუალური თვალთვალი ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მიმდინარეობდა.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის მტკიცებით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არაოფიციალურად მიაწოდეს. „რუსთავი 2“ ბუნებრივია ძალოვან სტრუქტურაში ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

ცნობილია, რომ ვიდეომასალა მათ ორი ფაილის სახით გადაეცათ: ნიკა გვარამიას კაბინეტში უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერი - 15 წუთიანია, ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახში გადაღებული მასალა კი ერთ საათიანი. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ უკანონო ჩანაწერები შარშან ზაფხულშია გაკეთებული.

„ინფორმატორის ცნობით, რომელის არგამხელის უფლებასაც ვიტოვეთ, არსებობს კიდევ რამდენიმე ათეული ფაილი, რმლებიც ასახავენ ჩვენი თანამშრომლების, როგორც საქმიან, ასევე პირადი ხასიათის საუბრების და შეხვედრების ჩანაწერებს.

ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი ძალებით აღმოგვეჩინა სათვალთვალო ტექნიკა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. აღმოვაჩინეთ მხოლოდ სპეციფიური ნახვრეტები, რომელიც წერში არის გაკეთებული, თუმცა ვიდეოკამერები იქ არ დაგვხდა.“

ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა ერთდროულად - 21 000-ზე მეტ აბონენტს მოუსმინოს. ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან მოდის, როცა უკანონო მიყურადება და შემდეგ ჩანაწერების პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ამ პოლიტიკის მაშინ აქტიურად უჭერდა მხარს „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელსაც 2004-2009 წლებში მაღალი თანამდებობები ეკავა. 2007 წელს გენერალური პროკურორის მოადგილის რანგში, სწორედ გვარამიამ მოამზადა გახმაურებული ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, სადაც უკანონოდ მოპოვებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების სატელეფონო საუბრები იყო გამოყენებული. დღეს გვარამიამ სამუშაო ბიოგრაფიაში თეთრი ლაქებისთვის ბოდიში მოიხადა.

2012 წლის შემოდგომაზე, უკვე ახალმა ხელისუფლებამ დადო პირობა რომ უკანონო მოსმენების მანკიერ პრაქტიკაზე უარს იტყოდა. მოხდა წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალების ნაწილის საჯაროდ განადგურება.

თუმცა, ბოლო პერიოდია „ქართული ოცნება“, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე ბლოკავს კანონპროექტს, რომლითაც ფარული მიყურადების სამართლებრივი საკითხები უნდა დარეგულირდეს. ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, 2014 წლის მარტიდან ისევ აწარმოებენ კამპანიას „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ და პარლამენტს კანონის სასწრაფო მიღებას სთხოვენ.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე ამბობს

„კითხვები რა თქმა უნდა არის... რა მიზანი ამოძრავებდა იმ წყაროებს, რომლებმაც ეს ინფორმაცია და მასალები რუსთავი-2-ს მიაწოდეს? რა მოტივაცია ჰქონდათ? ვინ არიან? რა უფლებამოსილება აქვთ? ჰქონდათ თუ არა პირადად წვდომა ამ მასალებზე?

ბუნებრივია, კითხვები ბევრია, თუმცა წყაროებს, ამ ეტაპზე, რუსთავი-2 არ ასაჯაროებს. ვფიქრობ, სამართალდამცველებმა უნდა დაიწყონ გამოძიება, რადგან ის რაც ეთერში გავიდა ამის საფუძველს ერთმნიშვნელოვნად იძლევა და ხელისუფლებამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

მეორე - თუ კი ჩავთვლით ან დავიჯერებთ, რომ უსმენენ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და იგივე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რატომ არ შეიძლება უსმენდნენ რომელიმე სხვა ტელეკომპანიას? პასუხისმგებლობა ამ ამბის გამოძიების და გარკვევის, რა თქმა უნდა არის ხელისუფლებაზე.“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უკვე მოითხოვა გამოიძიების სასწრაფო დაწყება და იმის დადგენა - თუ ვინ და რა მიზნით უსმენდა კომპანიის ტოპ მენეჯმენტ?! ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველმაც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი სისტემურ გამოძიებას მოითხოვს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორც უკანონო მოსმენებზე და ფარულ ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი პირები, ისე, ის ფაქტი, თუ როგორ და რა მიზნით „ჟონავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაცია.

დღესვე, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158- მუხლით, რაც კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის, საიდუმლოს დარღვევას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG