ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ტელეკომპანია მეორედ დახურა


ბოლო 9 წლის მანძილზე "მეცხრე არხი" მეორედ დაიხურა
ბოლო 9 წლის მანძილზე "მეცხრე არხი" მეორედ დაიხურა

„მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“–ს 700–ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ 600–მდე თანამშრომელი და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის 130 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, მას შემდგ რაც პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა გუშინ, ამ მედია საშუალებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მეცხრე არხს“ და „ინფო 9“–ს 1 სექტემბერს დახურავდა, თუ მათ მყიდველი მანამდე არ გამოუჩნდებოდა. თუმცა, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სატელევიზიო სიგნალი გუშინვე, საღამოს 9 საათიანი გამოშვების შემდეგ გაითიშა.

ტელეკომპანიის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება, თავად „მეცხრე არხის“ თანამშრომლებმა მიიღეს. მათ იმედი არ აქვთ, რომ მომდევნო ორ კვირაში, საკმაოდ ძვირადღირებული ორი მედია საშუალების, თუნდაც, მესამედ ფასად გაყიდვა მოხერხდება.

უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტები, პროდიუსერები, ოპერატორები, მემონტაჟეები, წამყვანები და სხვა ტექნიკური პერსონალი მხოლოდ ორი თვის კომპენსაციას მიიღებენ და ახალი სამსახურის ძებნა მოუწევთ.

ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც 1999 წელს თავად იყო ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს

„მე მიმაჩნია რომ როგორც მთავრობის ასევე სახელწმიფოს იმიჯს გაცილებით სერიოზულ დარტყმას აყენებდა ის ფაქტი, რომ პრემიერ–მინისტრს ჰქონდა თავისი ოჯახის პირადი ტელევიზია.

ტელეკომპანია „მეცხრე არხმა შეასრულა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაკვეთა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ცოტა ხნით შემდგომ პერიოდში, თუმცა, ამავდროულად მან შეასრულა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დაკვეთაც. იმიტომ, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში საკმაოდ ჭირდა ალტერნატიული ინფორმაციის მიღება.

ამიტომ, გარკვეულ პერიოდში, 2012 წლის მანძილზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური და კერძო ინტერესები და საზოგადოების ინტერესი მიეღო მეტი ინფორმაცია, მეტი განსხვავებული წყაროსგან იყო თანხვედრი.

შემდგომ რა თქმა უნდა ეს პროცესი გაიყო და მივიღეთ ასეთი ვითარება. უკვე 2012 წლის ნოემბრიდან ივანიშვილს ჰქონდა განზრახვა არხი გაეყიდა, უნდოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისი შერწყმა, სიმბოლურ ფასად გადაცემა, ის ამას ცდილობდა და არ მალავდა.

პარალელურად ამ პროცესისა, საზოგადოების განწყობები მეტნაკლებად აისახებოდა „მეცრხე არხის“ რეიტინგებზე.

სხვადახვა წყაროებით, შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ რომ „მეცხრე არხი“ არ არის წარმატებული ტელევიზია. შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის წინაშე დღეს დადგა ორი ტიპის ამოცანა.

ერთი, კერძო, პერსონალური, რომ ივანიშვილი, მისი ოჯახი ხარჯავს ფულს ტელევიზიაში, რომელსაც არანაირი ამონაგები არ აქვს კომერციული თვალსაზრისით. მხოლოდ და მხოლოდ ითხოვს მეტ დანახარჯებს.

და მეორე მხრივ პოლიტიკური მხარე, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ტელევიზია არის პოლიტიკური ტვირთი.

ამიტომ, ივანიშვილმა მოძებნა ოპტიმალური პერიოდი, პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია და თქვა..აი აქ რომ არ შემიშალოს ხელი, აქ რომ არ შეუშალოს ხელი ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ამ არხის არსებობა ამ ფორმით.


დღეს უკვე, რამდენად თანხვედრი იქნება პრემიერ ივანიშვილის პირადი და პოლიტიკური გადაწყვეტილება და საზოგადოების განწყობა ეს უნდა გამოჩნდეს. ანუ საზოგადოება რამდენად მკაცრად უპასუხებს პრემიერს, რომ კი არის ეს შენი ტელევიზია, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება ეს ტელევიზია და დატოვე.

მე ასეთ რეაქციას საზოგადოებისგან ვერ ვხედავ და შემიძლია გითხრათ, რომ არც ველი. სწორედ ამიტომ, ელექტრონული და ბეჭდური მედია მაქსიმალურად უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური ფულისგან რომ ჩვენ რეალურად მდგრადი მედია გარემო მივიღოთ ქვეყანაში.“

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხურავს. რუსეთიდან დაბრუნებულმა მილიარდერმა ტელეკომპანია 1996 წელს დაარსა. 1999 წლიდან კი არხი თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მაუწყებლობდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კი 2004 წლის 1 აპრილს, ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით, ტელეკომპანია მოულოდნელად დახურა და 300–მდე თანამშრომელი უმუშევრად დარჩა.

მაშინ „მეცხრე არხის“ ძვირადღირებული ტექნიკის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს და „პირველ არხს“ საჩუქრად გადაეცათ. საინტერესოა, რომ უკვე დახურულმა ტელევიზიამ 2005 წლის იანვარში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა, თუმცა რა ხერხებით დღემდე გაუგებარი რჩება.

„მეცხრე არხის“ მეორე ისტორია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ დაიწყო. ივანიშვილმა ეთერში გასასვლელად 2011 წლის ბოლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ–ერთი ლიცენზია შეისყიდა, რომლის მფლობელიც მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახდა.

მეცხრე არხი ეთერს 2012 წლის 30 აპრილს დაუბრუნდა. წლისა და ოთხი თვის მაუწყებლობის შემდეგ, უკვე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არხი ხელმეორედ დახურა.
XS
SM
MD
LG