ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკა არჩევანის საშუალების გარეშე


პრემიერ–მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი თავისი პირველი პრესკონფერენციას მართავს

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის რანგში თავისი პირველი პრესკონფერენცია სასტუმრო რედისონში გამართა. თავდაპირველად მან შეაფასა ვითარება არჩევნების შემდგომ. განაცხადა, რომ პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები უკვე განთავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან, თუმცა თქვა ისიც, რომ ყოფილი ხელისულფება კვლავ აგრძელებს ძალადობას და ამას ამჯერად ადგილი აქვს ადამიანების ცნობიერებაზე.
პრემიერ–მინისტრი უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ დაკავებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია სამართლიანობის აღდგენა. საკითხის განსხვავებულ ასპექტში წარმოჩენის ინტერესი რომ ყოფილ ხელისუფლებას აქვს, ამის საილუსტრაციოდ ივანიშვილმა ბაჩო ახალაიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმების საკითხი დაასახელა.
„ისევ ძალადობენ და ისევ ცრუობენ, მე ორ მაგალითს მოვიყვან, რა გვაქვს მხედველობაში. ის დაპატიმრებები, რაც საქართველოში ხორციელდება, არაა ჩემს ინტერესებში. ეს განსაკუთრებით კითხვებს ბადებს ევროპასა და ამერიკაში და ჩვენ გვიწევს განმარტებების მიცემა და ამაზეც მოგახსენებთ. ყოფილი ხელისუფლება ახალაიას დაპატიმრების შემდგომ ამბობს დაჟინებით, რომ ესაა პოლიტიკური პატიმარი და ლამის ცოტნე დადიანს ადარებენ. მეორე მაგალითს მოგიყვანთ უფრო მსუბუქს: ფინანსთა სამინისტროს მაკონტროლებელი ჯგუფი შედის საზოგადოებრივ მაუწყებელში და ჭანტურია, გენერალური დირექტორი საუბრობს რაღაც პარალელებზე, თითქოს აპირებენ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას. ამ დროს, ელემენტარულად, დავალიანება სამ მილიონზე მეტია და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ მაკონტოლებელი იქ შესულიყო. ეს ორი მაგალითი მინდა გავაერთიანო და შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორი იყო საზოგადოებრივი ტელევიზია, ვის ემსახურებოდა და როგორ ემსახურებოდა. ახლა ძალადობა მიდის ისევე, როგორც ადრე, მხოლოდ ადრე პირდაპირი ძალადობა იყო და ახლა ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან პოლიცია და პროკურატურა მათ აღარ ემორჩილება, მაგრამ ძალადობას მაინც ვერ თმობენ და ახლა ძალადობენ ჩვენს ცნობიერებაზე, ჩვენს გონიერებაზე. ნუ გონიათ მათ საქართველოს მოსახლეობა ასეთი გონებაჩლუნგი, უკაცრავად ამ გამოთქმაზე“.
ტელევიზიის თემას პრემიერ–მინისტრი კიდევ ერთხელ შეეხო მაშინ, როდესაც მეცხრე არხის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა, რომელიც ივანიშვილის მეუღლეს ეკუთვნის. პრემიერმა განმარტა, რომ უხერხულობას გრძნობს ამ კუთხით და განიხილავს რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის მეცხრე არხის საზოგადოებრივ არხად გადაკეთების შესაძლებლობასაც. „უნდა მოხერხდეს, რომ პირველი არხი უნდა გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი, თუ ეს არ გამოვა, მე ვფიქრობ, რომ მეცხრე არხს, რაც აქვს, როგორც ადრე გავაკეთე, ამ ქონებას ვაჩუქებ პირველ არხს ყველაფრით, შენობისა და აღჭურვილობის ჩათვლით, თუ ეს არ მოხერხდა, ან ვერ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, რომ მეცხრე არხის ბაზაზე გაკეთდეს ჭეშმარტიად საზოგადოებრივი ტელევიზია. ახლა ვიცი ამას ისევ კუდებს მოაბამენ და იტყვიან, რომ მე არ მინდა პირველი არხის დაფინანსება და ასე შემდეგ. მე არ მინდა არც ერთი ტელეარხის დახურვა და არც ერთი ჟურნალისტის უსაქმოდ დატოვება. თუ მეცხრე არხის გადაკეთება საზოგადოებრივ არხად მაინც საჭირო გახდა, წინასწარ ოცი წლის გადასახადს დავფარაც და ჩემი ოჯახისგან მოვაცილებ. თქვენ მართალი ბრძანდებით, მე როგორც პრემიერ–მინისტრს არ მჭირდება, უხერხულობას მიქმნის და არ მჭირდება ჩემს მეუღლეს იქ წილი ჰქოდეს და ამ უხერხულობას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ.“
პრესკონფერენციაზე ერთ მნიშვნელოვან კითხვასაც გაეცა პასუხი, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემას ეხება. „ეს კითხვა გააჩინეს ხელოვნურად. ხუთწლიანი ვადა აქვს პრეზიდენტს და რატომ დანიშნეს ოქტომბერში არჩევნები, კითხვა არსებობს, რა თქმა უნდა. კიდევ ვიმეორებ, ამ საკითხმა შესაძლოა გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, აღარ შევეხოთ ამ საკითხს, პატივი ვცეთ ჩვენს კულტურას და რადგან დემოკრატიულობის პრეტენზია გვაქვს, გავაგრძელოთ ეს პროცესი. ამიტომაც იმპიჩმენტს, რომელიც ცუდად ჟღერს, ჩვენ პოლიტიკურად აღარ გავუკეთებთ ინიცირებას, მაგრამ შესაძლოა ინიცირება გავუკეთოთ კონსტიტუციურ ცვლილებას, რაც გასაგები იქნება ყველასთვის“.
პრემიერმა უცხოეთში ვიზიტების თაობაზე განაცხადა, რომ მართალია ნაყოფიერი იყო ევროპაში შეხვედრები, სადაც უცხოელ პარტნიორებთან არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული, თუმცა საქართველოს დატოვებამ ქვეყნის შიგნით ვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა, ამიტომ საკუთარ ვიზიტს აშშ–ში მხოლოდ მომავალ წელს გეგმავს. რაც შეეხება ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში, ივანიშვილმა ამგვარი შესაძლობლობა გამორიცხა მანამ, სანამ რუსეთის საელჩოები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფუნქიონირებს. თუმცა დასძინა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა სხვა უცხოურ ქვეყნებშიც არსებობს.
„შეხვედრა შტატებში უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი დაგეგმა არ დაწყებულა და დავიწყებთ მომავალი წლიდან, ჩემი მოთხოვნით. ევროპიდან დავბრუნდი კამყოფილი, სადაც წარმატებული ვიზიტი კი იყო, მაგრამ აქ ძალიან დავზიანდით და შევფერხდით. რაც შეეხება პრიორიტეტებს, გარკვეული და მარტივი პასუხი მაქვს. რუსეთში ჩემი ვიზიტი ვერ შედგება, ელემენტარული მიზეზის გამო, რომ რუსეთს საელჩოები აქვს აფხაზეთსა და ოსეთში. რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თვითონ რუსეთში ვერ შედგება ვიზიტი, მაგრამ რუსეთს გარეთ, ვთქვათ ევროპაში შესაძლოა შედგეს, თუმცა არც ამაზე არ დაწყებულა არანარი საუბარი. საუბედუროდ, შეთანხმება შეხვედრაზე რუსეთის მხარესთან ვერ მოხერხდა ზურაბ აბაშიძის, რუსეთთან ურთირთობებში ჩემი პირადი წარმომადგენლის დინეზეც კი. შესაბამისად, აქ პასუხი მარტივი გასაცემია, პრიორიტეტებიც განსაზღვრულია, ჩვენ არჩევანიც კი არ გვაქვს, სად წავალთ. ასეთ პირობებში მე რუსეთში ვერ ჩავალ. გარეთ შეხვედრაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. რუსეთიდან არ არის შესატყვისი პასუხი“.
პრემიერ–მინისტრი რედისონში ჟურნალისტების კითხვებს ორ საათნახევარს პასუხობდა.
XS
SM
MD
LG