ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითაღიარებული დევნილები


დევნილთა ორი კატეგორია საქართველოში დიდ გაურკვევლობას ბადებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ადამიანების ნაწილის მდგომარეობა და მომავალი, ომიდან ოთხი წლის შემდეგაც გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქვეყანას დევნილთა ორი კატეგორია ჰყავს, დე–ფაქტო და დე–იურე. დე–იურე დევნილების ის ნაწილია, რომელთაც დევნილის სტატუსი ოფიციალურად აქვთ მინიჭებული, ამდენად სახელმწიფოს მათ წინაშე აღებული აქვს ვალდებულება განახორციელოს შესაბამისი პროგრამები. დე–ფაქტო დევნილები კი ის კატეგორიაა, რომელიც დევნილებად მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ითვლებიან, ქართული სამართლებრივი სივრცე მათ დევნილებად არ ცნობს მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა სახლ–კარი და ქონება საომარი მოქმედებების შედეგად დაკარგეს.

გასული წლის დეკემბერში კანონმა დევნილთა შესახებ ცვლილებები განიცადა. შეიცვალა მისი სახელწოდებაც. ახალი ნორმების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო დევნილად აღიარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან იძულებით გადაადგილებულები. ამგვარი ცვლილებით სამართლებრივი რეგულირების მიღმა დარჩნენ ის ოჯახები, რომელთაც დე–იურე არაოკუპირებული ტერიტორიების დატოვება მოუხდათ. მეტი სიცხადისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებულია უფრო მეტი ტერიტორია, ვიდრე ამას ქართული, რუსული და ოსური მხარეები აღიარებენ. ასეთები ზოგ შემთხვევაში მთლიანი სოფელი, ზოგ შემთხვევაში კი სოფლის მხოლოდ ნაწილია. მაგალითად ზარდიაანთკარი სრულად უკონტროლია საქართველოს სამართალდამცავი სტურქტურების მხრიდან. პოლიციელები მხოლოდ სოფლის შესასვლელთან დგანან. მათთვის შეუძლებელია გადაადგილება იმ ქართულ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელში, რომელიც ოკუპირებულად ოფიციალურად არ ითვლება.

„ჩემი სახლიდან, ვიცი, რომ მხოლოდ კედლებია დარჩენილი. პოლიციელები სოფლის შესასვლელში დგანან და შიგ არავის უშვებენ, ამბობენ, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენზე, თუ შემოვლითი გზით შეხვალთო. ჩემი მეზობელი ჩუმად შეიპარა, ბაღებზე გავლით, დაიჭირეს და მაგრად სცემეს. რა ვქნათ არ ვიცი, ოთხი წელია ვერ გავერკვიეთ, ვინ ვართ? თუ დევნილები ვართ, რატომ სტატუსს არ გვაძლევენ, თუ დევნილებად არ ვითვლებით, სახლებში რატომ არ გვაბრუნებენ და საბავშვო ბაღებში რატომ ვცხოვრობთ,“– ამბობს მირიან თაზიაშვილი, ზარდიაანთკარის მცხოვრები, რომელიც ამჟამად გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს.

ფაქტობრივი დევნილების საკითხის გარკვევაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის მათ 60 ბენეფიციარის სახელით სასამართლოს მიმართეს გასულ წელს. პირეველი ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვეს. გადაწყვეტილების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტოეიბიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საკითხზე მსჯელობა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება, მართალია ორგზის გაასაჩივრეს, მაგრამ უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თუმცა ამასობაში, თავად კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, დევნილის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკუთვნის პირს, თუ ის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა დევნილი. ამრიგად, ზარდიაანთკარელებისა და სხვა, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა საკითხი ისევ ჰაერში გამოეკიდა. ქეთევან ბებიაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფროსის მოადგილე ამბობს: „ჩვენ სამოცი ადამიანის ინტერესებს ვიცავდით სასამართლოში, თუმცა ახლა ვითარება იმგვარად შეიცვალა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა შეუძლებელი“.

იმდენად, რამდენადაც ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ გორის მუნიცპალიტეტის მცხოვრებლებზე პასუხიმგებლობა სამინისტროს მოეხსნა, საკითხმა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ომიდან ოთხი წელი გადის, რაიმე გადაწყვეტილება ამ მიმართულებით დღემდე არ შემუშავებულა, საკითხი გაყინული წეტილიდან არ დაძრულა. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ზურაბ ჩხეიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარს აღნიშნულ თემაზე ვერ გააკეთებს, რადგან ამ ეტაპზე ზემდგომი უწყებებიდან გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.

დე–ფაქტო დევნილები, ბევრნი სულაც არ არიან, მათი რაოდენობა 100 ოჯახს არ აღემატება, თუმცა უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. სოციალურ სიდუხჭირესთან ერთად, მათთვის ყველაზე აუტანელი გაურკვეველ მომავალთან შეგუებაა. დე–ფაქტო დევნილების უმეტესობა სოციალური შემწეობით სარგებლობს, რაც თვეში ოჯახის ერთ წევრზე 30 და ყოველ მომდევნო წევრზე 28 ლარის მიღებას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში, ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. როდესაც ოჯახი სიღარიბის პროგრამაშია ჩართული, არც ერთი წევრი არ უნდა მუშაობდეს. მცირეხელფასიან სამუშაოზე დათანხმების შემთხვაშიც კი პროგრამას მთელი ოჯახი ავტომატურად ეთიშება. დასაქმების პერსპექტივა მათ მცირე, მაგრამ გარანტირებული სოციალური შემწეობის მიღება–არმიღების არჩევანის წინაშე აყენებს.

XS
SM
MD
LG