ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გია ვოლსკი სენატორ რიშის პასუხად: სანამ განცხადებას გააკეთებენ საქმე უნდა შეისწავლონ


სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე, საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი ადამიანი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი, საქმე უნდა შეისწავლოს დეტალურად და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სენატორის განცხადების პასუხად. „ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სტრუქტურა - არც სამთავრობო, არც საპარლამენტო და არც პარტიული, რომელიც მიუთითებს, როგორ უნდა იმოქმედოს [სასამართლომ], არ არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ გააკეთო ისეთი რევერსი, როგორსაც მოგვიწოდებენ, - თქვა მან.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, განცხადება კომიტეტის "ტვიტერზე" გააკეთა. ის საქართველოში აშშ-ის საელჩოს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სენატორის განცხადებამ დაასრულა სპეკულცაიების იმის თაობაზე იყო თუ არა ეს მარტის შეთანხმების ნაწილი.

„იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგან ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო, სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. „აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სენატორის განცხადება, საქართველოს დასავლელი პარტნირების პოზიციას გამოხატავს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნას აქვს ადგილი.

„აშშ-ის, საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე, ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რომელიც დადო საქართველოს მეგობრების და ქართული საზოგადოების წინაშე - გამოუშვას პოლიტპატიმრები. თუნდაც, ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს“, - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

11 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ელჩებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ღიად მოუწოდეს 8 მარტის „ისტორიული შეთანხმება“ შეასრულოს. ელჩები, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მარტის პოლიტიკური დიალოგის მთავარი ხელშემწყობები, განმარტავენ, რომ მიღწეული „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.“

ელჩების განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა ადამ კინზინგერიც, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე და აღნიშნა, რომ "უკიდურესად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს".

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მოწოდება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, 8 მარტს, მმართველი ძალა ვერ აიღებდა მათი გათავისუფლების ვალდებულებას“.

პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში შუამავლად ჩართულ ელჩებს მოუწოდა დაედასტურებინათ, რომ ასეთი შეთანხმება არ შემდგარა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტი არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით გამართვას. პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული - 30 დეპუტატით ფორმირებას. 8 მარტსის შეთანხმებაში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის „არასათანადო პოლიტიზირების“ თავიდან აცილებაზე. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების ეს ნაწილი უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG