ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ზურაბიშვილი სამშობლოდან სამშობლოში


მაკრონი და ზურაბიშვილი ელისეს სასახლეში
მაკრონი და ზურაბიშვილი ელისეს სასახლეში

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავიდა ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, დიპლომატად ჩამოყალიბდა, სახელმწიფო სამსახურში 30 წელი იმსახურა და საიდანაც ყოველთვიურად პენსიას - 3320 ევროს - დღემდე იღებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ფობურ-სენტ-ონორეს ქუჩაზე მდებარე, ელისეს სასახლეში ქართველ კოლეგას ემანუელ მაკრონმა გულთბილად უმასპინძლა.

მაკრონმა და ზურაბიშვილმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას, საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის, პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის სახელობის "ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.

ეს დიალოგი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას ისახავს მიზნად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კერძოდ ბრძანა:

საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოში ე.წ. სადემარკაციო ხაზზე"
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

„ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში, ხელი ეწერება დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას. ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება საფრანგეთს შეეწირა, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი.

საფრანგეთი აუცილებლად და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოში ე.წ. სადემარკაციო ხაზზე.

მსგავსი პრაქტიკა რუსეთის მხრიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და ჩვენ არ გავჩუმდებით. ყოველთვის დავგმობთ ამას. საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას დამკვირვებლები სეპარატისტულ რეგიონებში. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ - ხაზი გაუსვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა პირველ ლედის ბრიჟიტ მარი-კლოდ მარკონს, პარლამენტის ზედა პალატის - სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს და UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს.

"საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“ - ამ სახელმწოდების საჯარო ლექციით საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (SciencesPo) აუდიტორიის წინაშე წარსგა, სადაც 1969-72 წლებში თავად სწავლობდა, 2006-15 წლებში კი ასოცირებული პროფესორი იყო.

SciencesPo-მ საქართველოს პრეზიდენტის სტუდენტის ბარათი გამოაქვეყნა
SciencesPo-მ საქართველოს პრეზიდენტის სტუდენტის ბარათი გამოაქვეყნა

ზურაბიშვილს ასევე საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტმა (IFRI) და ორგანიზაცია "ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის“ უმასპინძლეს.

პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, რომელიც მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციისა და მფარველობის ქვეშ არის და 1929 წლიდან ქართველების სამლოცველოა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

ყველაზე ემოციური ლევილის შატოს და სასაფლაოს მონახულება იყო, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის მშობლები და ოჯახის სხვა წევრები განისვენებენ.

პრეზიენტი ლევილში შვილებთან და ქართველ ძიუდოისტებთან ერთად მივიდა. მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები ყვავილებით შეამკო. ლევილში ყოფნისას სალომე ზურაბიშვილმა კერძოდ აღნიშნა:

ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და აქ ჩემი ძმა დამხვდებოდა, როგორც ქართული დიასპორის ხელმძღვანელი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება"
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

"ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და აქ ჩემი ძმა დამხვდებოდა, როგორც ქართული დიასპორის ხელმძღვანელი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება."

“ეს უცნაურია, უცნაური შეგრძნებაა. მე ნამდვილად ვგრძობ თავს როგორც სახლში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ორივე ქვეყანას წარმოვადგენ. ამჟამად მე ვარ ჩემი ქვეყნის სამსახურში, საიდანაც ჩემი მშობლები და ბაბუები წამოვიდნენ, იმ დროს, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა“. - “ - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა რადიო RTL-ს, როცა მას საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის რანგში დაბრუნების თაობაზე ჰკითხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას სამი დღის შემდეგ უმასპინძლა, მას შემდეგ რაც, მისივე ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ელისეს სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა და პუტინმა სირიასა და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს.

ბრიჟიტ მარკონი და სალომე ზურაბიშვილი
ბრიჟიტ მარკონი და სალომე ზურაბიშვილი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG