ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაცია თელავში, პროტესტი მუკუზანში


სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი "ბატონის ციხეში" დადო

სალომე ზურაბიშვილმა თელავში, მეფე ერეკლე მეორეს სასახლეში გამართულ ინაუგურაციაზე, ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის რანგში პირველ გამოსვლას ზუსტად 25 წუთი მოანდომა. 12 წუთით მეტი, ვიდრე, 2013 წლის ინაუგურაციაზე, მისმა წინამორბედმა მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ ხნის მანძილზე, „ბატონის ციხეში“ შეკრებილმა პუბლიკამ ახალ პრეზიდენტს საინაუგურაციო სიტყვა ტაშით 32-ჯერ შეაწყვეტინა. ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ მისი, როგორც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავლის გაპრეზიდენტებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე ერთგვარი წრე შეიკრა.

მარგველაშვილმა ზურაბიშვილს უფლებამოსილება გადააბარა
მარგველაშვილმა ზურაბიშვილს უფლებამოსილება გადააბარა

რიგით მეხუთე პრეზიდენტის თქმით, დღესაც, „როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა“ და "დიდი გამოწვევების წინაშე დგას:"

უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს“
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით! ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება.

უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს.“

ევროპელი ლიდერებიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, ლიტვის სეიმის სპიკერი პრანკიეტისი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი კარჩევსკი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი გოიკოვიჩი, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი კუბივი, მოლდოვას ვიცე პრემიერი ლესნიკი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ბელიარი დაესწრნენ.

სარკოზი, სარქისიანი, ჩიჩუა და მარგველაშვილი ინაუგურაციაზე
სარკოზი, სარქისიანი, ჩიჩუა და მარგველაშვილი ინაუგურაციაზე

სამეზობლოდან თელავში სტუმრად იმყოფებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის სპიკერი ასადოვი და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი. ამერიკის შეერთებულ შტატების დელეგაციას ინაუგურაციაზე, USAID-ის ვიცე-ადმინისტრატორი ბროკ ბირმანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც კერძოდ ბრძანა:

აშშ განაგრძობს საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ ასევე განვაგრძობთ, თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას"
ბროკ ბირმანი, USAID-ის ვიცე-ადმინისტრატორი, აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი ინაუგურაციაზე

„აშშ განაგრძობს საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ ასევე განვაგრძობთ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების პროცესში.“

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, 16 დეკემბერს, ინციდენტების მთელ სერიას, რომელიც ინაუგურაციის პარალელურად, პოლიციასა და ოპოზიციის მწვავე შეტაკების დროს მოხდა. ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად, ხოლო ზურაბიშვილს არალეგიტიმურად მიიჩნევს, თელავში პროტესტის გამოსახატავად შეკრებას გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებულმა ძალებმა იმ მოტივით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინაუგურაციის ღონისძიებისთვის ხელის შეშლას აპირებდა, მათი აქტივი, თბილისიდან დაძრული რამდენიმე ათასი ადამიანი თელავისკენ არ გაატარა.

გომბორის უღელტეხილთან, მუკუზანთან, ველისციხეში და ჩუმლაყთან, იქ, სადაც პოლიციამ გზა ჩახერგა მწვავე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ათამდე პოლიციელი და აქციის მონაწილე დაშავდა. დაზიანდა, როგორც პოლიციის, ისე ოპოზიციის ავტომობილები.

გურამ მურადოვის ფოტო, civil.ge
გურამ მურადოვის ფოტო, civil.ge

შსს მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციამ პროვოკაციის მოწყობის მიზნით, სპეციალურად არ ისარგებლა ალტერნატიული მარშრუტებით, რომელიც შსს-მ შესთავაზა. ოპოზიცია კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ არანაირი ალტერნატიული მარშრუტი პოლიციას არ შეუთავაზებია და ხელისუფლებამ შეკრების, გამოხატვისა და გადაადგილების უფლება უკანონოდ შეზღუდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას თბილისში, რუსთაველის გამზირზე აგრძელებს, სადაც პარტაქტივმა რამდენიმე კარავი გაშალა, ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე მათი ლიდერები 17 ოქტომბერს ისაუბრებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG