ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოდია: „მიშა ნიშნავს არეულობას - ამ აზრის დანერგვაში, მიშა ეხმარება ბიძინას“


ბიძინა ივანიშვილი გამარჯვების შემდეგ: "დანარჩენი, ალბათ ჩემზეა..."

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა, მაგრამ მას ამ დრომდე არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიცია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო მიტინგი გამართა და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. ამ დღეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია არის დანიშნული.

რამდენად სწორია ეს სტრატეგია? რას უქადის იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჰოლანდიიდან მომხრეებს ისევ პირდება, რომ „აუცილებლად დაბრუნდება“? როცა სხვა ოპოზიციურმა ძალებმა „რევოლუციურ სცენარს“ მხარი არ დაუჭირეს, რის გარშემო შეიძლება მოხდეს, ახალი, დიდი ოპოზიციური გაერთიანება? შეუძლია თუ არა გრიგოლ ვაშაძეს სააკაშვილისგან დისტანცირება და უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება?

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიტინგზე სკაიპით ერთვება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიტინგზე სკაიპით ერთვება

რა გაკვეთილი მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციაზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, შოკში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“? რა რესურსი აქვს ბიძინა ივანიშვილს მომდევნო 2 წელიწადში ქვეყანაში სიტუაცია კარდინალურად შეცვალოს, უკმაყოფილო და გაბრაზებული ამომრჩევლის გული ისევ მოიგოს? იმუშავებს თუ არა „არა ნაცებს“ კამპანია 2020 წელსაც?

ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორს, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს გია ნოდიას ესაუბრა:

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებიდან ერთი კვირა გავიდა, არჩევნების ბედი და საერთაშორისო სადამკვივებლო მისიების წინასწარი დასკვნები ცნობილია, თუმცა ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს, რამდენად სწორია ეს პოზიცია?

პოზიცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ მივიღოთ და არ ვაღიაროთ, არ არის სწორი და მომგებიანი სტრატეგია."

პოზიცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ მივიღოთ და არ ვაღიაროთ, ჩემი აზრით, არ არის სწორი და მომგებიანი სტრატეგია. იმიტომ, რომ ამას მოქალაქეები აღიქვამენ „რევოლუციური სცენარის“ განვითარების წინაპირობად. ეს კი ძალიან ბევრ ადამიანს აშინებს და ნეგატიურად განაწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ და მთლიანად, გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ.

მეორეს მხრივ, გასაგებია, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ძალიან ცუდად, ძალიან სერიოზული სისტემური დარღვევებით და ეს საჭიროებს პროტესტს, შესაძლოა, მძაფრ პროტესტსაც, მაგრამ როცა რაღაცას აპროტესტებ გარკვეულწილად პერსპექტივა უნდა ჩანდეს, ამ პროტესტით რისი მიღწევა გინდა.

შესაბამისად, ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, რუსთაველზე, საპროტესტო მიტინგში მონაწილეობა არ მიიღო. თუმცა, სოლიდარობა მაინც გამოხატეს, იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების გაპროტესტება თავისთავად სწორია, მათ შორის, ქუჩის აქციებით.

გრიგოლ ვაშაძე საპროტესტო აქციაზე
გრიგოლ ვაშაძე საპროტესტო აქციაზე

ეთანხმებით მოსაზრებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებით თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა?

რა თქმა უნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, რადგან ერთხელ რომ იტყვი არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებო, მერე ვეღარ აღიარებ. ამავე დროს აყენებ ისეთ მოთხოვნას, რომელსაც პერსპექტივა მაინცდამაინც არ აქვს, ვგულისხმობ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნელ-ნელა მოუწევს ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლა. აქ ნათლად გამოჩნდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით სხვადასხვა აზრი არსებობს. მიხეილ სააკაშვილის პირველი რეაქცია ვნახეთ, რომელიც კიდევ უფრო რადიკალურ მოქმედებებს გულისხმობდა, საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას, ჯარისადმი, პოლიციისადმი მოწოდებებს, პრაქტიკულად, რევოლუციურ სცენარზე გადასვლას.

მაგრამ საწყისს ვითარებასთან შედარებით, ახლა ეს მოთხოვნები შედარებით შერბილდა. მიტინგზე ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე მისცეს ვადა, "შემდეგ რა მოხდება ვნახოთ" ანუ პროცესი შერბილებისკენ წავიდა. გრიგოლ ვაშაძემ ისიც თქვა, რომ მიტინგები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მთავარი და ახლა საჭიროა ოპოზიციის ფართო სპექტრს შორის თანამშრომლობა დაიწყოს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა კი ამ რადიკალური მოთხოვნების გარშემო არ შედგება, რადგან ვიცით, რომ სხვა პარტიები ამ მოთხოვნებს და სტრატეგიას მხარს არ უჭერენ.

"გაერთიანებული ოპოზიციის" საპროტესტო მიტინგი რუსთაველზე
"გაერთიანებული ოპოზიციის" საპროტესტო მიტინგი რუსთაველზე

რა არის ის პოზიტიური დღის წესრიგი, რის გარშემოც ოპოზიციური პარტიების პოზიციები ისევ შეიძლება დაახლოვდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დიდი ოპოზიციური გაერთიანება კვლავ შედგეს?

მოდი ერთად ვიბრძოლოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სრულად პროპორციული სისტემის დასანერგად, ამ მოთხოვნის გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრი შეიძლება გაერთიანდეს"

ეს არის მოთხოვნა, რომ მოდი ერთად ვიბრძოლოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სრულად პროპორციული სისტემის დასანერგად. ამ მოთხოვნის გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრი და ალბათ, სამოქალაქო საზოგადოებაც შეიძლება გაერთიანდეს.

ანუ პოზიტიურ სცენარში, გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არ აღიარებიდან თანდათანობით ამ პოზიციაზე გადავიდეს. რას აპირებს სინამდვილეში 16 დეკემბრის შემდეგ ოპოზიცია, როცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია აუცილებლად გაიმართება, ეს ოპოზიციას უნდა ვკითხოთ. თუმცა, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ამ გაერთიანებაში ბევრ პოლიტიკოსს ეს სირთულეები გააზრებული აქვს.

მართალია, ელექტორალური აზრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში, რა თქმა უნდა, მთავარი მოთამაშე „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც სააკაშვილის პარტიაა, მაგრამ არ მაქვს ის შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის სხვა ლიდერები სააკაშვილს ყველაფერში უჯერებენ.

ანუ სააკაშვილი ჰოლანდიიდან რაღაცას იტყვის და „ესენი ამას აუცილებლად გააკეთებენ“, ეს ასე არ არის და ალბათ, ასე არც იქნება. გასაგებია, რომ სააკაშვილი პოპულარული ლიდერია, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, შეიძლება ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როდესაც საარჩევნო პერიოდი აღარ არის, გაცილებით უფრო მეტია დამოკიდებული ოპოზიციის იმ ლიდერებზე, რომლებიც საქართველოში არიან.

როგორც წინა არჩევნების შემთხვევაში, ახლაც აქტუალური გახდა დისკუსია, სააკაშვილი როგორც ლოკომოტივი კვლავ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია „ნაციონალური მოძრაობისთვის“? თუ მისთვისაც და ამ პარტიისთვისაც ჯობდა, რომ 2013 წლის შემდეგ, ექსპრეზიდენტს პოლიტიკური პაუზა აეღო... რომ ბოლო წლებში იგი კვლავ აზარალებს და ხელს უშლის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმაციას და მისი ფაქტორი ისევ აფრთხობს გადაუწყვეტელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველის დიდ ნაწილს. აქვს მას შანსი კვლავ გახდეს ლიდერი?

არსებობს პიროვნების თვისებები, ზოგი ადამიანი ისეთია, რომ შეუძლია დაწყნარდეს და თავისთვის იყოს. მიხეილ სააკაშვილის ტემპერამენტი კი ისეთია, როგორიც არის. ვნახეთ უკრაინაში როგორ მოქმედებდა. იქ დასრულდა, როგორც ჩანს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და ახლა საქართველოში ცდილობს ხელახლა დაწყებას.

საააკშვილი ხუთი წელია საქართველოში არ ყოფილა და ადექვატური წარმოდგენა აქ რა ხდება სინამდვილეში არ აქვს"

გარდა ამისა, იგი ხუთი წელია საქართველოში არ ყოფილა და ადექვატური წარმოდგენა აქ რა ხდება სინამდვილეში არ აქვს. მხოლოდ პარტიის ლიდერებთან საუბრებით იცის, რაც იცის. გასაგებია, რომ ის რეალური ლიდერი ვერ გახდება.

სწორედ ამ საკითხის გამო, სააკაშვილით თუ სააკაშვილის გარეშე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი პარტია პრაქტიკულად დაიშალა, გამოეყო „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირადად სააკაშვილის მიმართ ერთგული ხალხის ამარა დარჩა, ანუ ამ ნიშნით გაიყო პარტია.

ახლა ერთგვარად შემდეგი ეტაპია, ჩემი აზრით, სააკაშვილმა ბოლო ორი წლის მანძილზე დაინახა, რომ მხოლოდ მისი სახელით ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ დიდი კოალიციის შექმნას შეუწყო ხელი. ეს გარკვეულად, ბრენდის შეცვლაა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ ვართ, ეს არის დიდი კოალიციური გაერთიანება. ახლა მიდის საუბარი, რომ ოპოზიციას შორის კიდევ უფრო ფართო თანამშრომლობაა საჭირო. ეს, როგორც ჩანს, სააკაშვილს ესმის, მაგრამ გარკვეულ კრიტიკულ მომენტებში თავს მაინც ვერ იკავებს.

ბუნებრივია, სააკაშვილს ვერ აუკრძალავ იყოს აქტიური. იგი ჰოლანდიაშია, თავისუფალ ქვეყანაშია. იქ არავინ დაიჭერს და გასაგებია, რომ რასაც უნდა იმას იტყვის. მაგრამ, თავისთავად, როდესაც ეს მისი „ერთგულების ნიშნით“ შექნილი ორგანიზაცია მოითხოვს მეტ დამოუკიდებლობას, როგორც ჩანს, ისიც უფრო კარგად გაიგებს, რომ ჰოლანდიიდან ოპოზიციის ხელმძღვანელობა შეუძლებელია.

მეტი დამოუკიდებლობა ადგილზე და პარტიის შიგნით სააკაშვილის კრიტიკა, თუნდაც, „რუსთავი 2“-ის დირექტორის მიერ მისთვის პირდაპირ ეთერში შეხსენება, რომ სააკაშვილი ჰოლანდიაშია, თავდასხმების მოგერიება კი მას საქართველოში უწევს, გამორიცხავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ გაიყოს?

ძალიან კარგად მახსოვს 2016-2017 წლები, როცა პარტია დაიშალა, სააკაშვილის ერთგული მომხრეები მის ნებისმიერ კრიტიკას ძალიან მტკივნეულად განიცდიდნენ. ახლა, ამ თვალსაზრისითაც ვითარება შეიცვალა. ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ მიშა „კარგია“, „ჩვენია“, „მაგარია“, მაგრამ ყველაფერს სწორს არ ამბობს და შეიძლება ადგილზე მყოფმა ადამიანებმა უკეთ იცოდნენ რა უნდა გაკეთდეს.

ეს აზრი თვითონ სააკაშვილის ერთგულ მომხრეებს შორის თანდათანობით მომწიფდა. არ ვიცი რით და როგორ დამთავრდება, შეიძლება კიდევ იყოს მტკივნეული გაყოფები, ამას ვერ გამოვრიცხავთ, სააკაშვილის გარშემო არსებულ გაერთიანებაში პროცესები მიდის და ბუნებრივია წინააღმდეგობები, პრობლემებიც არსებობს. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც იქეთკენ მიდის, რომ ეს ხალხი სააკაშვილისგან უფრო დამოუკიდებელი იქნება.

ვაშაძე, რომელსაც ისევე ვიცნობ, როგორც სააკაშვილს, არ არის ის ადამიანი, რომ რასაც მიშა ეტყვის იმას გააკეთებს"

დავინახეთ, რომ ვინც იყო ხელისუფლებაში წლების მანძილზე, საააკშვილის უახლოესი გარემოცვა, ვისთან ერთადაც მართავდა, როცა მართავდა, დღეს, ძირითადად ეს ლიდერები „ევროპულ საქართველოში“ არიან და მათთან ასეთი კონფლიქტი მოუვიდა.

როგორ ააწყობს ამ ურთიერთობას, რომელიც უკვე გარკვეულად პრობლემურია, იმ ხალხთან, ვინც დღეს არის „გაერთიანებული ოპოზიცია“ ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ისევე ვიცნობ, როგორც სააკაშვილს, არ არის ის ადამიანი, რომ რასაც მიშა ეტყვის იმას გააკეთებს.

სააკაშვილი ბოლო დროს კვლავ ხშირად იმეორებს, რომ იგი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, რომ „ვერავინ გააჩერებს“. არის თუ არა პოლიტიკური გამბედაობის საკითხი, რომ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში მსჯავრდებულის სტატუსი აქვს, არ ჩამოდის სამშობლოში, რომ როგორც თავად ამბობს, „ამ შეთითხნილ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს“ სამართლებრივად პასუხი გასცეს... ხშირად გაიგონებთ, „აი ბაჩო ახალაია ჩამოვიდა და ჩაჯდა“, „ვანო მერაბიშვილი არ გაიქცა“...

გამბედაობა სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს, სააკაშვილმა ძალიან ბევრ შემთხვევაში აჩვენა ძალიან დიდი გამბედაობა, მაგრამ ციხეში ჩაჯდომის მას არანაირი სურვილი არ აქვს. ამისთვის მე მას ვერც შევარცხვენ და ვერც გავამტყუნებ. ეს მისი არჩევანია. სააკაშვილის ტემპერამენტიდან გამომდინარე ბევრი მისი მეგობარი ამბობს, რომ მისთვის ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, უბრალოდ ეს ის ადამიანი არ არის, ვინც ციხეს გაუძლებს.

საკაშვილის რიტორიკას და "ნაციონალური მოძრაობის" ქუჩაში გასვლას, ხელისუფლებამ სპეცოპერაციით უპასუხა, რომლის ბევრი დეტალი ამ დრომდე უცნობია. საუბარია უკრაინის ბატალიონ „დონბასის“ წევრების დაკავებაზე თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი სააკააშვილის აქტიური მომხრეა, ხელისუფლების მტკიცებით, ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. უშვებთ, რომ სააკაშვილს შეუძლია ასეთ პროვოკაციაზე წავიდეს?

არ ვიცი სააკაშვილი რაზე შეიძლება წავიდეს ან რაზე არა, მაგრამ, როდესაც პიროვნება, რომელიც ყველა ოპოზიციის ლიდერად აღიქვამს, რევოლუციურ სცენარზე ასეთ პირდაპირ განცხადებას აკეთებს, ხელისუფლება ამას ცხადია მაქსიმალურად გამოიყენებს.

„დონბასის“ წევრების დაკავებაზე ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ „ქართული ოცნება“ წინა წლებში, ხშირ შემთხვევაში იგონებდა ასეთ საქმეებს. მახსოვს „საბურავების საქმეზე“ იყო საუბარი, რომელიც შემდეგ სადღაც აორთქლდა. „ქართულ ოცნებას“ ადრეც გამოუყრია ფარული ჩანაწერები, სადაც სააკაშვილი უფრო აქტიური აქციებისა და რადიკალური მოქმედებებისკენ აქეზებდა, მაგრამ საქართველოში მყოფი მომხრეები არ ემორჩილებოდნენ.

ფაქტიურად, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ სააკაშვილის საჯარო გამოსვლები არგუმენტად, აქ მყოფ ლიდერებს კი არაფერი რევოლუციური, სინამდვილეში, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, მიტინგი ყველამ შეიძლება ჩაატაროს. რადგან ვიცი ვინც არიან ადგილზე, ასეთი სცენარი ძნელი წარმოსადგენია.

სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას ზეიმობს
სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას ზეიმობს

თქვენი აზრით, მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ აშკარად გაზრდილი უკმაყოფილების ფონზე, რაც თვალნათლივ აჩვენა ამ არჩევნებმა, „ქართული ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სიტუაციის კარდინალურად შესაცვლელად აქვთ კიდე რესურსი? ასეთი რთული და წინააღდეგობრივი გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა საკუთარ მომხრეებს უთხრა, რომ „დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ“, რისი გაკეთება შეუძლია დარჩენილ 2 წელში?

არჩევნებზე გასაგებია რომ რაღაცა პოზიტიურიც უნდა თქვა, სულ ნეგატივზე საუბარი უბრალოდ უხერხულია. ამიტომ, როცა ამომრჩეველი აშკარად გეტყვის, რომ შენით უკმაყოფილო ვარ, რაღაცას უნდა დაპირდე. ყველაზე რეალური დაპირება იყო ვალების განულება, თუმცა სხვა ბუნდოვანი, ზოგადი დაპირებებიც იყო, რომ „აი, უფრო კარგად მოვიქცევით“.

მაგრამ, ცოტა გაუგებარია რას ნიშნავს ეს? 6 წელი ხელისუფლებაში არიან და კონკრეტულად არც თქმულა, რა შეეშალათ, რა თვალსაზრისით აპირებენ ცვლილებას. ამიტომ, მე არ ველი, რომ პოლიტიკური ცვლილება სინამდვილეში იქნება.

ასე თუ ისე, ცუდად ხართ თუ კარგად ხართ, წყნარად ხართ და თუ მიშა მოვიდა ეს სიწყნარეც აღარ იქნება. ამ აზრის დანერგვაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მიშა ეხმარება ბიძინას"

რაც ჩვენ ვნახეთ, ამ 6 წლის მანძილზე, მათი ძირითადი და ერთადერთი მნიშვნელოვანი კოზირი ეს არის საზოგადოებაში „ნაციონალების“ შიშის შექმნა, ერთის მხრივ, რომ ისინი ყველანი არიან „სადისტები“ და „მწამებლები“ და მეორეს მხრივ, „მიშა ნიშნავს არეულობას“, ეს უფრო ეფექტური კოზირია.

ანუ, „ასე თუ ისე, ცუდად ხართ თუ კარგად ხართ, წყნარად ხართ და თუ მიშა მოვიდა ეს სიწყნარეც აღარ იქნება“. ამ აზრის დანერგვაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მიშა ეხმარება ბიძინას. ეს აზრი მუშაობს და გარდა სისტემური დარღვევებისა, ეს არჩევნები "ოცნებამ" ამითაც მოიგო, მიშას შიშის შექმნით. ამ პოლიტიკას გააგრძელებენ და ალბათ, ისევ ეს იქნება მომავალში მათი ძირითადი კოზირი.

თუ გავითვალისწინებთ, „ქართული ოცნების“ ლიდერების არჩევნების შემდგომ რიტორიკას: „ბევრს ნუ გაიქაჩებიან“, „ანტისახელმწიფოებრივი ძალა“, „რასაც დასთეს იმას მოიმკი“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2020 წლისთვის ივანიშვილის პარტია იგივე სტრატეგიით „არა ნაცებს“ და იგივე, აკრძალული ხერხებით ეცდება არჩევნების მოგებას?

ყოველ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ამის შანსი აქვთ. რა თქმა უნდა, 2 წელიწადში ბევრი რამ იცვლება, იცვლება მათ შორის ადამიანის ცნობიერებაში. 2 წლის წინ ოპოზიციამ 500 000 ხმა მიიღო, დღეს, ასეთი არჩევნების პირობებში, რომელიც ვნახეთ და გაცილებით უარესი პირობები იყო, ვიდრე 2016 წელს, უკვე 800 000 ხმა აიღო.

ხელისუფლებამ და ივანიშვილმა თუ მართლაც არ აჩვენა ახალი და საიმედო ადამიანებს, 2020 წელს კიდევ უფრო გაუჭირდებათ, მხოლოდ დაშინების და მოსყიდვის მეთოდებით არჩევნების მოგება ძალიან რთულია"

კიდევ 2 წლის შემდეგ რა იქნება? საზოგადოების განწყობა როგორი იქნება ბუნებრივია არ ვიცით, მაგრამ ბევრი ადამიანისგან, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, გამიგია, რომ ბოლო შანსი მისცა ამ პარტიას და ორი წლის შემდეგ, ასე ხმას აღარ მივცემს. ასე რომ, ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა თუ მართლაც არ აჩვენა რაღაც ახალი და საიმედო ადამიანებს, 2020 წელს კიდევ უფრო გაუჭირდებათ ამომრჩევლის მიმხრობა. მხოლოდ დაშინების და მოსყიდვის მეთოდებით არჩევნების მოგება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG