ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში


ქართველ სამხედროებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაისვრიან

პარიზი და ბრიუსელი მიესალმებიან ქართული ასეულის გაგზავნას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, თბილისში რამდენიმე საათი გაატარა, პირადად მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას, ერთი ასეულით გააძლიეროს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაცია.

საქართველოს პარლამენტმა, ჯერ კიდევ, 21 თებერვალს აუნთო მწვანე შუქი, აფრიკის კონტინენტზე ქართველი სამხედროების გაგზავნას. ამ გადაწყვეტილებას 106 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა.

ოფიციალურმა თბილისმა ასე უპასუხა ბრიუსელის თხოვნას, ჩართულიყო ექვსთვიან სამშვიდობო მისიაში, რომელმაც საფრანგეთის ყოფილ კოლონიაში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მიმდინარე სისხლისღვრა უნდა შეაჩეროს.

ამჟამად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამშვიდობო ოპერაცია „სანგარისის“ ძირითადი სიმძიმე ფრანგი ჯარისკაცების მხრებზე მოდის. ამ დროისთვის, იქ, საფრანგეთის არმიის 1600 ჯარისკაცია დისლოცირებული, მათ დაქვემდებარებაშია ასევე 4000-მდე მეომარი აფრიკის კავშირის ქვეყნებიდან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თბილისში ვიზიტისას კერძოდ აღნიშნა

ჩემთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ცენტრალურ აფრიკაში გარკვეულ სამხედრო კონტინგენტს აგზავნით. შეიძლება ითქვას, ეს კარგი დეტალია იმის წარმოსადგენად, თუ რისი გაკეთება ძალუძს საქართველოს ევროკავშირის ფარგლებში, ჯერ როგორც პარტნიორს და შორეულ პერსპექტივაში, როგორც წევრსროცა დადგება ეს საკითხი.“

ევროკავშირის სამხედრო მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 30 აპრილს დაიწყო, როცა ესტონეთმა 45 მეომარი გადაისროლა ამ ქვეყნის დედაქალაქ ბანგაში, ლიტვამ კი 10 მეომარი და სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა.

სულ ევროკავშირის სამხედრო მისიის ფარგლებში, ბანგაში 500 ჯარისკაცი ჩავა. აქედან - ერთი ასეული ქართული იქნება. ექვსთვიანი ოპერაცია ევროკავშირს 26 მილიონი ევრო დაუჯდება.

ჩვენი ჯარისკაცების გადასროლა აფრიკის კონტინენტზე, ივნისის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. პირველ აფრიკულ მისიაში ამ რაოდენობის ქართველი ჯარისკაცის მონაწილეობას უარყოფითად აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე.

„როდესაც ცენტრალურ აფრიკაში საერთო კონტიგენტის 1/3 შენია, ცოტა გაუგებარია. ეს მისია უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე სიკეთი მომტანი. რა თქმა უნდა, ჩვენი დროშა უნდა ჩანდეს, თუმცა, ამ დროს უკან არ უნდა იდგეს ბრიგადა ან ნახევარი ბატალიონი, სრულიად საკმარისია, რამდენიმე ოფიცერი, ან ჯარისკაცი ან სულაც სხვა ტიპის მოსამსახურე იდგეს.“

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე 45 დღით ადრე, აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ბრიუსელში. ამის შესახებ, ფრანსუა ოლანდის შემდეგ, დღეს თბილისში ჩამოსულმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმაც განაცხადა.

იგივე განწყობაა საქართველოს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს

„გარდა იმისა, რომ ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში, ჩვენი სამხედროები გმირულად და ძალიან წარმატებით მონაწილეობენ, მნიშვნელოვანია რომ ახლა ევროპულ კომპონენტშიც ჩავებათ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ.“

საქართველოს არმიის ჯარისკაცები ამ დრომდე სამ სამხედრო-სამშვიდო მისიაში მონაწილეობდნენ. 1999-2008 წლებში, ქართველი სამხედროები მშვიდობას იცავდნენ კოსოვოში. 2003-2008 წლებში - გადასროლილნი იქნენ ერაყში, სადაც ხუთი ქართველი მეომარი დაიღუპა. და, 2004 წლიდან, ჩვენი სამხედროები იბრძვიან ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში. ამ მისიას, სამწუხაროდ, უკვე 29 ქართველი შეეწირა და 200-მდე დაიჭრა.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG