ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სამხედროების ახალი სიცოცხლე


დაჭრილი სამხედროები კალიფორნიიდან დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკასთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროგრამას ახორციელებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
ბმული

თითქმის სამთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, რომლებსაც სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში, უახლესი თაობის, ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზები მოარგეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედროებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, ოქტომბერში წამოიწყო. სარეზერვო ფონდიდან 866 000 დოლარი გამოიყო და ამერიკაში დეკემბრის ბოლოს რვა სამხედრო გაემგზავრა. ვინაიდან საპროტეზო კურსი ინდივიდუალურია, ორი სამხედრო კალიფორნიაში რეაბილიტაციას ისევ აგრძელებს.

უკვე 23 თებერვალს მათ კიდევ 19 ჯარისკაცი შეუერთდება. თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს, ამპუტირებული ჯარისკაცების პროტეზირებისა და რეაბილიტაციის პროგრამას სულ 2 816 519 დოლარით დააფინანსებს.
თბილისში დაბრუნებული კაპიტანი გიორგი არაბული ამბობს, რამდენად მნიშვნელოვანია დაშავებული სამხედროებისთვის ახალი პროტეზები.

„ჩვენ, ამ წუთას გვაქვს მსოფლიოში ბოლო თაობის პროტეზები, რომელიც მაქსიმალური აქტიურობის საშუალებას იძლება. ეს პროგრამა იყო ორგანიზებული და დაფინანსებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ამჟამად შეუძლიათ გადალახონ ბევრად უფრო რთული ბარიერები, იყვნენ უფრო აქტიურები, ვიდრე აქამდე.

ასე, რომ ჩვენი დაზიანებული სამხედროები, ვისაც მაღალი საბრძოლო მოტივაციაც აქვთ და სულისკვეთებაც დაუბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებს უფრო გამართულები, უფრო მეტს შეძლებელ რომ გააკეთონ როგორც შეიარაღებული ძალებისთვის, ისე თავისი ქვეყნისთვის.“


სან დიეგოში მდებარე პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. 2001 და 2003 წლიდან, ავღანეთისა და ერაყის კამპანიების დაწყებიდან, კლინიკის უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ათი ათასობით დაშავებულმა ამერიკელმა ჯარისკაცმა შეძლო ცხოვრების ხელახლა დაწყება.

პირველი დაშავებული ქართველი სამხედრო, რომელსაც ავღანეთში თვითნაკეთი ბომბის აფეთქების გამო, ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა, სან დიეგოს კლინიკაში 2011 წელს გაიგზავნა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ISAF-ის ოპერაციაში სულ საბრძოლო ტრავმა 150-მდე ქართველმა მეომარმა მიიღო, აქედან 50-მდე ჯარისკაცს, სამწუხაროდ კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.

2013 წელს, თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ ამერიკულ კლინიკასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ორმაგი ამპუტაციის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს - მექანიკურ პროტეზებს ე.წ "ორთობიონიკური" (ჩიპიანი) პროტეზებით შეუცვლიან (იხილეთ კლინიკაში გადაღებული ვიდეო http://vimeo.com/tarproductions/review/86140018/1ed1f39c0c)

რეაბილიტაციის პროგრამაში, თავიდან 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომისა და ISAF-ის ოპერაციაში მძიმედ დაჭრილი სამხედროები ჩაერთნენ, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს პროგრამა მომავალში ყველა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეზე, მათ შორის აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებზეც გავრცელდება.თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს:

„ჩვენ შევქმენით სპეციალური - დაჭრილი მეომრების პროგრამა. ამ პროგრამის მიხედვით, უახლოეს პერიოდში ყველა დაჭრილი სამხედრო გაგზავნილი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღებენ ყველა კვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ მხარდაჭერას კიდურების აღდგენის კუთხით.

ეს პროგრამა მომავალში გავრცელდება არა მხოლოდ, ბოლო საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ ბიჭებზე, არამედ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს იქნება აფხაზეთში თუ სხვაგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთის ბრძოლებში, ვისაც ასეთი დაზიანება მიადგა, ისინიც გათვალისწინებული იქნებიან მომავალში ამ პროგრამაში.“

გარდა ამისა, იანვარში, თავდაცვის სამინისტრომ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, წეროვანში, რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა.

ამჟამად იქ, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპეროსნალის, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. 10 სამხედრო მოსამსახურე გადის ათდღიან რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის კურსის გავლის სურვილი წეროვანში კიდევ 170 დაჭრილმა ჯარისკაცმა გამოთქვა.

2014 წელს, თავდაცვის სამინისტრო წეროვანში არსებული შენობების ადაპტირებასა და მძიმედ დაშავებული სამხედროების ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვას გეგმავს. 2015 წლიდან კი წეროვანში სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყებაც არის ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG