ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველ ჯარისკაცებს მალიში გადაისვრიან


ქართველი ჯარისკაცი ერაყში, 2008 წლის მარტი

კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის შემდეგ, მალი საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის მეოთხე სამშვიდობო მისია იქნება

საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობაც და უმცირესობაც, როგორც ჩანს, მხარს დაუჭერს, დასავლეთ აფრიკაში - მალის რესპუბლიკაში, ქართველი სამხედროების გაგზავნას. სწორედ ასეთია წინასწარი შეფასებები იმ წინადადებისა, რომლითაც ბრიუსელმა თბილისს უკვე მიმართა.

ოფიციალური შეთავაზება, ევროკავშირის მისიის ფარგლებში, მალის სამშვიდობო ოპერაციაში ჩართვას ეხება. საუბარია, მალიში ქართველი სამხედრო ექიმების, ლოჯისტიკის სპეციალისტებისა და სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნაზე, რომლებმაც მალის თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების, ჯარისკაცებისა და სამედიცინო პერსონალის გაწვრთნაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ქართველი სამხედრო და რა ვადით შეიძლება იქნეს გადასროლილი აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეიძლება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობიდან ირაკლი სესიაშვილი და მისი მოადგილე უმცირესობიდან დავით დარჩიაშვილი მალის ოპერაციაში შესაძლო ჩართვას ასე აფასებენ:

სესიაშვილი: „ეს არის აღიარება იმისა, რომ ერთის მხრივ, საქართველო ძალიან აქტიურად ერთვება საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით, ევროკავშირის მიერ წარმოებულ მისიებში; და მეორეს მხრივ, აღიარებაა იმისა, რომ ჩვენი სამხედროები არიან პროფესიონალები და მათი მონაწილეობა სასარგებლო იქნება მალისთვის და ამ მისიისთვის.“

დარჩიაშვილი: „თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან, როგორც ევროატლანტიკურ სივრცესთან, ისე ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წვლილის შეტანა, რეგიონალური და სხვაგვარი კონფილქტების გადაწყვეტაში.“

საფრანგეთის ყოფილ კოლონია მალიში, რომელიც დამოუკიდებლობის მხოლოდ 52 წელს ითვლის, ვითარება უკიდურესად შარშან დაიძაბა. ჩრდილოეთში მცხოვრები - ტუარეგების აჯანყების შემდეგ, მალის ცენტრალურმა მთავრობამ ქვეყნის თითქმის ნახევარ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა, რასაც 2012 წლის 21 მარტს, დედაქალაქ ბამაკოში სამხედრო გადატრიალება მოჰყვა.

2012 წლის აპრილში, ტუარეგებმა ჩრდილოეთში, სეპარატისტული ანკლავის - აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. აჯანყებული ტუარეგების მოკავშირეები ამ ბრძოლაში ისლამისტთა დაჯგუფება - „ანსარ ად დინი“ და ისლამური მაღრიბის ქვეყნებში მოქმედი „ალ ყაიდას“ ქსელი იყო.

უკვე, ზაფხულისკენ აჯანყებულებში ისლამისტებმა იძალეს, ამ დროისთვის, „ანსარ ად დინის“ დაჯგუფება უკვე აკონტროლებდა მალის ჩრდილოეთში, მდებარე დიდ ქალაქებს - გაოსა და ტიმბუქტუს. 2012 წლის ბოლოს, გაეროს უშიშროების საბჭომ ყველა ქვეყანას მოუწოდა დახმარებოდნენ მალის მთავრობას.

უშიშროების საბჭოს სანქციის საფუძველზე, 2013 წლის იანვარში, საფრანგეთმა მალის მთელს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია „სერვალი“ დაიწყო. თითქმის 4000-მა ფრანგმა ჯარისკაცმა, მალისა და აფრიკის მეზობელი სახელმწიფოების სამხედროების დახმარებით, ისლამისტებს ჯერ აღმოსავლეთისკენ მოუჭრეს გზა, ბოლოს კი უკიდურეს ჩრდილოეთში განდევნეს.

ოპერაცია „სერვალი“ დღემდე გრძელდება. საფრანგეთმა მალიში უკვე 5 ჯარისკაცი დაკარგა. პარიზი ჯარების ნაწილის გამოყვანის დაწყებას აპრილიდან გეგმავს. პარალელურად ძლიერდება ევროკავშირის სამშვიდობო მისია, რომელიც ბამაკოს აეროპორტში არის დისლოცირებული და ფრანგი გენერალი ფრანსუა ლეკუანტრა ხელმძღვანელობს.

ევროკავშირის მისიის ამოცანა, ამ ეტაპზე, მხოლოდ მალის სამხედროების გაწვრთნაა. მალიში 500-მდე უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორის მობილიზებაა დაგეგმილი. 16 მარტს, ბამაკოში ჩეხეთის არმიის 34 სპეცრაზმელი ჩავიდა. ინსტრუქტორების გაგზავნას ასევე გეგმავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პირველ რიგში, ლიტვა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს:

„მალის ოპერაციაში ჩართვის შესახებ ჩვენ მთავრობაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის - რაც უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპასა და ევროკავშირს, მის თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს.

პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან თუ კონკრეტულად რა ფორმის მონაწილეობა ექნება საქართველოს მალის მისიაში.“

თუ, საქართველოს პარლამენტმა მალიში ქართველი სამხედროების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა, ეს იქნება საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი სამხედრო მისია აფრიკის კონტინენტზე. აქამდე, ჩვენი ჯარისკაცები მხოლოდ ევროპასა და აზიაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ.

1999-2008 წლებში, საქართველო ჯერ ოცეულის, შემდეგ კი ასეულის დონეზე მონაწილეობდა კოსოვის სამშვიდობო ოპერაციაში; 2003-2008 წლებში, ერაყის სამშვიდობო მისიაში, საქართველო უკვე ბრიგადით იყო წარმოდგენილი. ამ მისიის დროს, ჩვენ 5 ჯარისკაცი დავკარგეთ. მათგან 3 ბრძოლის დროს, ერთი ავტოავარიის შედეგად, ერთმა კი თავი მოიკლა.

2004 წლიდან, საქართველო ავღანეთის კამპანიაში მონაწილეობს, დღეს თბილისი ამ ოპერაციის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2009 წლიდან ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 750-დან 1600-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, დანაკარგიც დიდია - 19 დაღუპული და 100-მდე დაჭრილი.

საინტერესოა, რომ 2013 წლის იანვარში, მოქალაქეთა ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა რეგისტრაციაში გაეტარებინათ სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხი - „თანახმა ხართ თუ არა რომ ქართული ჯარის ნაწილები გამოვიდნენ ავღანეთიდან?“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

P.S. თავდაცვის სამინისტროდან ცნობილი გახდა, რომ მალიში შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ქართველი სამხედრო სპეციალისტი გაემგზავროს

XS
SM
MD
LG