ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე


„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრები გამართა

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა დღეს, ერთდროულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გამართა. თბილისში აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ბევრია ამ დროისთვის ნაცემი და დაკავებული აქტივისტი, ზეწოლა ხორციელდება მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებზეც.

„ქართულმა ოცნებამ" ღირსეული გუნდი შეკრიბა, რომელიც ხალხის სამსახურში ჩადგება. ჩვენ შევქმნით ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლების პრეცენდენტს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

თბილისში გამართული აქციის დასრულებამდე ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც მას გვერდში ედგნენ რჩევებითა და იდეებით, საკუთარი ოჯახის წევრებს, ქართველ ხალხს და ადამიანს, რომელიც მას დაეხმარა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ნიღბის ჩამოხსნასა და საზოგადოებისთვის ნამდვილი სახის ჩვენებაში.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმრავლე, ძირითადად, ხელისუფლების აუარებელმა შეცდომებმა და მათ მიერ შექმნილმა ძალადობრივმა სისტემამ განაპირობა.

საპარლამენტო არჩევნებამდე დღენახევრით ადრე, იმის თაობაზე, თუ რა წინაპირობები არსებობს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, კომენტარის გაკეთება ია მამალაძეს, რეგიონული მედია-ასოციაციის ხელმძღვანელსა და „გურია–ნიუსის“გამომცემელს ვთხოვეთ.

ია მამალაძე არასამთავრობო სექტორის მიერ „ცესკო"-სთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად ცნობილი გახდა იმ დადგენილების შესახებ, რომლის საფუძველზეც არჩევნებამდე ხუთიოდე დღით ადრე მედიისათვის არჩევნების დღის გაშუქების მანამდე დადგენილი წესი შეიცვალა.

რეგიონული მედია-ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ცესკო"-ს დადგენილებით შესული ცვლილება, რაც კენჭისყრის პროცესის ხელშეშლის თაობაზე ახლებურ რეგულაციას გვთავაზობს, დიდ გაურკვევლობას შექმნის არჩევნების დღეს.

„რა შეიძლება ჩაითვალოს ხელშეშლად, ეს ახლა უკვე კომისიის ხელმძღვანელებმა ადგილებზე უნდა დაადგინონ თავად, რაც, ვფიქრობ დიდ უთანხმოებებს წარმოშობს,“ - ამბობს ია მამალაძე. იგი იმის თაობაზეც საუბრობს, რომ მის მედია-საშუალებას, რომელიც ხშირად მნიშვნელოვანი ახალი ამბების პირველი მომწოდებელია, სილქნეტმა წინასაარჩევნოდ ინტერნეტი გადაუჭრა.

დღევანდელი დღით წინასაარჩევნო აქტივობები პარტიებისა და კოალიციებისთვის დასრულდა. მედიას კი არჩევნებამდე აღარ შეეძლება გამოაქვეყნოს სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
XS
SM
MD
LG