ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიდეო ომი


არჩევნებამდე დარჩენილი მეოთხე დღე კომპრომატების გამოქვეყნებით დაიწყო

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი მეოთხე დღე კომპრომატების გამოქვეყნებით დაიწყო. სოციალურ ქსელში - „YouTube" გამოჩნდა ვიდეომასალა, რომელიც 2003-2005 წლებშია გადაღებული. მასზე ასახულია სხვადასხვა შეხვედრა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილთან, გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან, ვანო ჩხარტიშვილთან, ეროსი კიწმარიშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან.

საუბრებში ისმის დღევანდელი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სიტყვები. იგი პატარკაციშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ „იმედის“ ყურება დისკომფორტს უქმნის. (http://www.youtube.com/user/tcool911) პატარკაციშვილს საყვედურობენ ჟურნალისტების გადაბირებასაც და სხვა ტელევიზიებისთვის ფინანსური სირთულეების წინაშე დაყენებასაც. პატარკაციშვილი თავს იმით იცავს, რომ საბაზრო ეკონომიკა და კონკურენტული გარემო ამგვარ შემთხვევებს ითვალისწინებს და ამბობს: „მე არ ვიპარავ ფილმებს, მინდა შევქმნა ნორმალური, ცივილური სისტემა, როგორიც არის ყველა ქვეყანაში.“

„YouTube"-ზე გამოქვეყნებული ჩანაწერის შესახებ კომენტარი დღეს გიგი უგულავამ გააკეთა და განაცხადა:

„რამდენადაც მახსოვს, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, სადაც მე საქართველოს ხელისუფლების სახელით, გამოვთქვი შეშფოთება, რომ პატარკაციშვილი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული პრივილეგიების მიღებაზე უარის შემდგომ, ცდილობდა ყველა ფორმით და მის ხელთ არსებული საშუალებებით, ებრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. მე გავაფრთხილე ის, რომ ეს რუსული თამაშის ნაწილი იყო. ამ შეხვედრის შემდეგ, კონფლიქტი უკვე საჯაროდ მიმდინარეობდა. მე დღესაც მიმაჩნია და ვიბრძვი, რომ ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია. დღეს საქართვლო იგივე გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთთან ორკესტრირებული ოლიგარქი კვლავ ცდილობს საქართველოს დაპატრონებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გადაიტანს და ოლიგარქებს არ მისცემს საშუალებას, საქართველო წარსულში დააბრუნონ."

დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაკომპრომეტირებელი ჩანაწერებიც გამოქვეყნდა. მათი ავტორი ბესო სურმავაა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომელიც აცხადებს, რომ კოალიციის წევრების საუბრების ჩანაწერების გაკეთებას თავად ივანიშვილი ავალებდა. ჩანაწერებში ისმის გუბაზ სანიკიძის, ეკა ბესელიას, ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვათა ხმები. (http://www.youtube.com/channel/UCjCuYyg0yL6sgTFXfTMTmVQ)

ჩანაწერის მიხედვით, კოალიციის წევრები ლიდერსა და კოალიციის სხვა წევრებს უწმაწურ კონტექსტში მოიხსენიებენ. კომენტარი ზემოხსენებულ ჩანაწერებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან ჩანაწერების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და ფაბრიკაცია უწოდა.

საქართველოში კვლავ გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება, ასევე, მრავლადაა ანალოგიურ ნიადაგზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამის თაობაზე განცხადება გიგა ბოკერიამ, უშიშროების საბჭოს მდივანმაც გააკეთა. მან სამართალდამცავებს მოუწოდა შედარებით რბილი სანქციები გამოიყენონ დაკავებულთა მიმართ.

შიდა ქართლის ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტმა ირმა კიტრიაშვილმა კი, დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან შაქრის, ფქვილისა და ზეთის გადაცემის ფაქტი ასახა რა დროსაც ადგილობრივი გამგებელი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„რამდენადაც მე შევიტყვე, პროდუქტი მოსახლეობისთვის რიგდებოდა ექვსი თვის წინ დასეტყვილი მოსავლის საკომპენსაციოდ. შაქრის, ფქვილისა და ზეთის ტომრები გამგეობის შენობის სარდაფში გადავიღე. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სწორედ ზემოხსენებული გამგებელი იღებდა მონაწილეობას ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტთან დაპირისპირებაში ამ რამდენიმე ხნის წინ," - ამბობს ირმა კიტრიაშვილი.
XS
SM
MD
LG