ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება


Georgia, protest

პოლიციამ 21 სექტემბრის აქციის ოთხი მონაწილე დააკავა

თბილისში პოლიციამ 21 სექტემბრის აქციის ოთხი მონაწილე დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 4 პირი დააკავა. მათ ბრალად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა.”

ოთხი ახალგაზრდის დაკავების ფაქტი დღეს სტუდენტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გააპროტესტეს. ახალგაზრდული მოძრაობა „ივერიელების" წევრმა ლევან კოჭლოშვილმა „ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა:

„ახალგაზრდები ვართ სხვადასხვა მოძრაობებიდან შეკრებილები. ვაპროტესტებთ იმ უკანონობას, რომელიც გუშინ მოიყვანეს სისრულეში სასამართლოში. ლაშა მესხია და დავით ფაცაცია სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. რეალურად მათ შეუფარდეს სასჯელი, რომელიც არ ჩაუდენიათ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - 173-ე მუხლის საფუძველზე - მიუსაჯეს 20-დღიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში, ე.წ. „კპზ"-ზე; მიუსაჯეს 40 დღე."

„ამერიკის ხმა": რა ჩაიდინეს?

ლევან კოჭლოშვილი: „არაფერი არ ჩაუდენიათ, ზუსტად ამას ვამბობ. ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, შესაბამისად, ამით მათ მოახდინეს მათი განეიტრალება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური რეპრესიები ისევ გრძელდება საქართველოში, უკანონობის დაკანონება სასამართლოს მიერ ისევ გრძელდება საქართველოში, არაფერი არ იცვლება ბოლო 8 წლის განმავლობაში. დღეს საქართველოს რეალურად თავისუფლება აქვს შეზღუდული.”

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ახლადგახსნილ იუსტიციის სახლისკენ მოაწყვეს. „ქართული ოცნების” წევრის, უჩა კანდელაკის თქმით, იუსტიციის სახლთან 4 ახალგაზრდა შიმშილობას დაიწყებს. მისივე განცხადებით, შიმშილობით ისინი 4 პირის დაპამატიმრებას გააპროტესტებენ - უკანონო პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ.

ასევე, დღეს, გაიმართა სტუდენტების აქცია მოდულის შენობასთან. 17 საათზე დაიწყო საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან, სტუდენტები და უფლებადამცველები პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებენ. მოითხოვენ წამებებში მონაწილეთა მკაცრად გასამართლებას, შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები, არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ამ დღეებში აკეთებენ განცხადებას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ამისკენ მოუწოდა ხალხს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. უფლებადამცველი ირაკლი კორძაია ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ცხადია, ცალსახაა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს არ უნდა ჰქონდეს რეაქცია იმაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც რამდენიმე დღის წინ. ეს არის სავსებით ბუნებრივი რეაქცია. თუ საუბარია იმაზე, რომ აქციები შეიძლება კალაპოტიდან ამოვარდნეს, ეს არ იქნება სწორი - ამის წინაპირობას ვერ ვხედავ. რასაც ვხედავ ბოლო 3 დღის განმავლობაში, ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს, უკიდურესად კარგად იქცევიან აქციის მონაწილეები, თავშეკავებულები არიან. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროსაც კი, ვაკვირდებოდი, ძალიან კორექტულები იყვნენ. მე ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ აქციები ამოვარდეს საკონსტიტუციო კალაპოტიდან."

„ამერიკის ხმა": 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება აქციები?

„თუ დავაკვირდებით ხალხის განწყობას, როგორც ჩანს, ეს აქციები გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე და ამ საშინელი თემის ფონზე ჩაივლის."

„ამერიკის ხმა": რა მოთხოვნები გაქვთ ახლა?

„ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადაყენება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. არც ქალბატონი კალმახელიძის გადაყენება არ არის საკმარისი. მოთხოვნა პირველივე დღეს გაჟღერდა - სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა დროს მომუშავე 3 ადამიანის - ბაჩო ახალაიას როგორც ფუძემდებლის, დიმიტრი შაშკინის, როგორც საქმის „ღირსეული” გამგრძელებლის და ხათუნა კალმახელიძის - გვირგვინი დაადო ამ ქალბატონმა ამ სისტემაში ყველანაირ უკეთურებას - სისხლის სამართლებრივი პასუხისგება.

და მეორე მოთხოვნა - სასწრაფოდ უნდა მიეცეთ არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაციებს საშუალება, ჩაატარონ ციხის მონიტორინგი, ჰქონდეთ მუდმივი შეხება პენიტენციალურ სისტემასთან. ასევე, მედიასთვის იყოს გახსნილი, როგორც იყო გახსნილი ადრე სასჯელაღსრულების სისტემა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პატიმარს ექნება ხმის უფლება."

„ამერიკის ხმა": ადრე, თქვენ გულისხმობთ...

„2004 წლამდე მეტნაკლებად მედიისთვის ხელმისაწვდომი იყო საპატიმროები. ახლა ამის ფუფუნება არავის არ აქვს. ასევე, უფლებადამცველებს ჰქონდათ - მონიტორინგის ჯგუფი იყო, თუ გახსოვთ. შემდეგ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ზედმეტია და სასჯელაღსრულების სისტემა იმდენად სრულყოფილია, რომ უფლებადამცველებს იქ არაფერი არ ესაქმებათ. დავინახეთ ჩვენ როგორი რეფორმირებულიც არის.”

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG