ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ


Georgian demonstrators carry a state flag during a protest rally against prison abuse in Tbilisi, Georgia, Sept. 20, 2012

თბილისში დღესაც, როგორც ბოლო 3 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები გრძელდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით.

სტუდენტთა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ფილარმონიასთან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. აქციები გაგრძელდა, ასევე, გლადნის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც დღეს პირველად, ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი - გიორგი ტუღუში შევიდა. მინისტრის ციხეში შესვლის დროს პატიმართა ნაწილმა პროტესტი ხმაურით გამოხატა.

როგორც ცნობილია, გუშინ თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია. გავრცელებული ინფორმაციით მან საქართველო დატოვა. მინისტრის მოვალეობას ახალაიას პირველი მოადგილე, ეკა ზღულაძე ასრულებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად ყოფილი მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე - გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა, რომელსაც მანამდე ვანო მერაბიშვილის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად „ქართული ოცნების” წევრი - სოზარ სუბარი გიორგი ტუღუშის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტავს:

„ის, რომ ბაჩო ახალაიას მოადგილე მიდის ტუღუშის მოადგილედ ავტომატურად ნიშნავს, რომ იქ მთავარი წარმმართველი ძალა ისევ იქნება ბაჩო ახალაია და გიორგი ტუღუში იქ ვერაფრის გაკეთებას ვერ მოახერხებს იმიტომ, რომ ისევ ბაჩო ახალაიას დაქვემდებარებაში იქნება მთელი ის კადრები, რაც ამ სისტემაშია.”

გიორგი ტუღუშის მინისტრად წარდგენისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე „ამ სისტემის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსს” ნიშნავს. გიორგი ტუღუშმა დანიშვნის შემდეგ განაცხადა:

„მექნება საშუალება, სისტემა თავიდან ბოლომდე გადავახალისო და გადავაკომპლექტო, მთლიანად. დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი. მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე ჩემს მიერ იქნა შემუშავებული და გადაგზავნილი პარლამენტში. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი იმედი იმისა, რომ რაც მე დავწერე, ახლა მომეცემა საშუალება თავად შევასრულო და რეალობა გახდეს ისეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დაიხუროს.”

რამდენად შეცვლის ვითარებას სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი მინისტრის დანიშვნა - ამ კითხვაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ჯემალ გოჩიაშვილმა უპასუხა:

„ამ ფაქტმა საქართველოში ყველაფერს ახადა ფარდა. საქართველოს დემოკრატიის მიღმა შეიხედა მთელმა მსოფლიომ, მთელმა საქართველომ. პასუხისმგებლობა ვის ეკისრება უკვე ყველასათვის ნათელია. აზრი აღარ აქვს კონკრეტული პიროვნების დანიშვნას, მოხსნას და გადაყენებას. მთლიანად რეჟიმია შესაცვლელი.”

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის” წევრის - ლევან ჩოლოყაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ გიორგი ტუღუშის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც მას მრავალი ფაქტი მოჰყავდა პატიმართა უფლებების დარღვევბზე, სათანადო რეაგირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ მოჰყოლია, რამაც, მისივე თქმით, „ქვეყანა ესოდენ მძიმე შედეგამდე მიიყვანა.”

„პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ გიორგი ტუღუშის ყველა ანგარიშში და მოხსენებაში მითითებული იყო ის პრობლემები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში იყო დაგროვილი," - განმარტავს ლევან ჩოლოყაშვილი. „სამწუხაროდ, იგნორირებული იქნა - არ იქნა ეს გათვალისწინებული - და რა შედეგიც გამოიღო და რაც გაირკვა ახლა - ვხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს სისტემა. ამდენად, მან კარგად იცის ეს პრობლემატიკა, კარგად აქვს დამუშავებული მის სამსახურს - ომბუდსმენის აპარატს - ეს საკითხები, ეს პრობლემები. წარდგენის დროს გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ყველანაირად ეცდება თავის მიერ მითითებული დარღვევები რაც შეიძლება მოკლე დროში გამოასწოროს და მინიმუმამდე დაიყვანოს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ანალოგიური პრობლემები ბევრია. შედარებას სად უფრო მეტია ახლა ვერ შევძლებთ - დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს კაცობრიობაში, საპატიმროებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციას არ ამართლებს. მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი ახლა ღებულობს პოლიტიკურ ელფერს, წინასაარჩევნოდ მოხდა და რაღაცნაირად ცდილობენ პოლიტიკური ორგანიზაციები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ეს არის ყველაზე სამწუხარო მომენტი, რომ რაღაცნაირად მოტანილი იქნა ეს პრობლემა ხელისუფლების მხრიდანაც, ოპოზიციის მხრიდანაც ბოლო წუთამდე წინასაარჩევნოდ. ამით სურთ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება მათ, ვინც ეს აქამდე შემოინახა."

ნახეთ ვიდეო მასალა:
პროტესტი თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00
XS
SM
MD
LG