ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში


შეხვედრა საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შედგა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

19 სექტემბერს, ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრში საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა. მათ შორის იყვნენ ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, როს უილსონი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპეტი, კორი ველტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის ცენტრის დირექტორი, სტივენ ნიქსი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი და საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს 1 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა არამარტო საქართველოს, არამედ მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

კორი ველტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი კონსტიტუციის შესაბამისად საქართველო ფაქტიურად საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაიქცეს პრემიერ-მინისტრის გაზრდილი უფლებებით, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ არჩევნების მნიშვნელობას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე ოპოზიციის კრიმინალიზაციას და ოპონენტების მოღალატეებად გამოცხადებას ცდილობს.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი არ გაიმეორებს პუტინის გზას და არ შეეცდება ძალუფლების უზურპაციას.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები საქართველოში არჩევნების შემდეგ ქუჩის ნაცვლად პარლამენტში დაიკავებენ ადგილებს.

კორი ველტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ქარიზმატული ლიდერები არიან, მაგრამ ის ამჯობინებს, რომ პიროვნებათა ბრძოლის ნაცვლად საქართველოში იდეების დაპირისპირება მიმდინარეობდეს.

კენ იალოვიცის აზრით, თბილისი, ძირითადად, ოპოზიციას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც რაიონებში ხელისუფლებას მეტი ბერკეტები გააჩნია ამომრჩევლებზე ზეწოლის თვალსაზრისით.

ამ მიმოხილვის შემდეგ, შეხვედრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო, როდესაც დამსწრე საზოგადობამ მწვავე კითხვები დაუსვა დისკუსიაში მონაწილე ექსპერტებს. გასაგები მიზების გამო, კითხვების უმეტესობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ პატიმართა არაადამიანური წამების მრავალრიცხოვან ფაქტებს ეხებოდა.

ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის თანამშრომელი, დავით სუმბაძე დაინტერესდა, თუ რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ისეთი რამ, რასაც საქართველოს ციხეებში აქვს ადგილი: „მე მთელი ღამე არ მეძინა, ქართველების უმრავლესობის მსგავსად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ წამებას სისტემატური ხასიათი აქვს. განსაკუთრებით ამორალურია საქართველოს ხელისუფლების მცდელობა რამენაირად ოპოზიციას გადააბრალოს აღნიშნული დანაშაული. ეს არ არის რაღაც განყენებული შემთხვევა - პატიმართა წამება, ცემა და გაუპატიურება ყოველდღე ხდება საქართველოს ციხეებში?“

კითხვა, პირველ რიგში, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონისადმი იყო მიმართული, რომელმაც თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველო თურმე დემოკრატიის გზას ადგას.

ბატონი უილსონის განცხადებით: „ეს ძალზე სერიოზული საკითხია - ადამიანთა წამება. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი აღშფოთება გამოიწვია ამ ფაქტებმა ქართველ ხალხში. მოხდა ეს დიდი სკანდალი და ამორალურია, რაც საქრთველოს მთავრობას დიდი გამოცდის წინაშე აყენებს.“

დავით სუმბაძე, ისევე როგორც დამსწრეთა უმრავლესობა, არ დაკმაყოფილდა ამ განმარტებით. მისი თქმით: „იმის შემდეგ რაც ჩვენ საქართველოს ტელევიზიით ვიხილეთ აბუ ღრაიბი ბავშვების გასართობად გამოჩნდა. მაგრამ ეს სკანდალი პირდაპირ აისახება არჩევნებზე, რადგან სრულიად აშკარაა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამგვარი დაშინების ფაქტები ხდება არ შეიძლება რაიმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ვენდოთ ვისი ჩატარებულიც არ უნდა იყოს ის და რაც ძალზე სამწუხაროა არცერთ გამომსვლელს არ გაუმახვილებია ამ ფაქტებზე ყურადღება.“

შეერთებული შტატების ყოფილის ელჩის კენ იალოვიცის განცხადებით: „ამგვარი რამ საქართველოში, სამწუხაროდ, ადრეც ხდებოდა, მაგრამ მე ვერ გეტყვით რა გავლენას მოახდენს ეს არჩევნებზე.“

შემდეგ კითხვა და ამ კითხვაზე პასუხიც ეროვნული უშიშროების ინსტიტუტის წარმომადგენელმა პოლ ჯოელმა გასცა: „მე ამჟამად ბატონი ივანიშვილის ინტერესებს წარმოვადგენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არასოდეს ვყოფილვარ საბჭოთა კავშირის ან რუსეთის აგენტი. ბატონო უილსონ, თქვენ ახსენეთ, რომ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა დიდი ფული დახარჯა თავისი კამპანიის დროს, მაინტრესებს რა თანხა დაიხარჯა ამ მიზნით?" დეიმონ უილსონმა უპასუხა, რომ არ ჰქონდა ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაზეც ბატონმა ჯოილმა მას განუმარტა, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაზე მხოლოდ 6 მილიონი დოლარია დახარჯული, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებამ 125 მილიონი დოლარით დააჯარიმა და მისი წევრები ქონების კონფისკაციით დასაჯა.

სამწუხაროდ, ეს განცხადება და შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. ქართული ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ჟურნალისტმა, რუსუდან წერეთელმა საქართველოში მედიის შეზღუდვაზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც კორი ველტმა უპასუხა, რომ კარგი იქნება თუ „მასტ ქერის“ პროგრამა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

დასასრულს, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში მწვავე კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნების შემდეგ ქართველები მშვიდობიან თანაცხოვრებას გააგრძელებენ და დამარცხებული მოწინააღმდგე მხარეს გამარჯვებას მიულოცავს.
XS
SM
MD
LG