ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცსკო-ს თავმჯდომარეობა, როგორც ტრამპლინი


პრეზიდენტი სააკაშვილი და ცსკო-ს თავმჯდომარე ხარატიშვილი
პრეზიდენტი სააკაშვილი და ცსკო-ს თავმჯდომარე ხარატიშვილი

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რიგით 23-ე იქნება მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცახადა. 1990 წლიდან ქვეყანაში 5 საპრეზიდენტო, 7 საპარლამენტო, 3 ადგილობრივი თვითმმართელობის და აჭარის ავტონომიის უზენაესი საბჭოს 7 არჩევნები გაიმართა.

პარადოქსია მაგრამ, ყველაზე მეტი ამომრჩეველი სწორედ მომავალ არჩევნებზეა დაფიქსირებული - 3 621 256, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროს 4 497 600 ადამიანია.

აქამდე ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ოდენობა - 3 594 810 ამორჩეველი 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო და მაშინ საქართველოში 5 453 300 ადამიანი ცხოვრობდა. ანუ გამოდის, რომ მოსახლეობის რაოდენობა თითქმის მილიონი ადამიანით (955700) შემცირდა, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა 27 ათასით გაიზარდა.

კიდევ ერთი პარადოქსული უცნაურობა, რაც ქართულ არჩევნებს ახასიათებს ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეების არჩევნების შემდგომი ბედია.

რესპუბლიკელი ვახტან ხმალაძე ამბობს, რომ ეს თანამდებობა, რომელიც წესით ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს, საქართველოში ერთგვარ ტრამპლინად იქცა:

„როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ასრულებს პარტიულ დავალებებს, არა აქვს მნიშვნელობა მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირი" იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა", ის ამით იმსახურებს მმართველი პარტიის კეთილგანწყობას და შემდგომ მას უკვე ნიშნავენ უფრო პრესტიჟულ თანამდებობაზე.“

დამოუკიდებლობის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე 14-ჯერ შეიცვალა. 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს ცსკო-ს თავჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომელსაც ოპოზიცია მმართველის პარტიის სასარგებლოდ გაყალბებაში ადანაშაულებდა, დღეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაშია და დეპუტატობისთვის იბრძვის.

თარხნიშვილის წინამორბედს გურამ ჩალაგაშვილს, 2006 წლის თებერვლიდან 2007 წლის აგვისტომდე ეკავა ეს თანამდებობა და შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა, სადაც მისი წლიური შემოსავალი 264 000 ლარია.

ჩალაგაშვილამდე 2005 წელს, ცსკო-ს შვიდი თვის განმავლობაში გია ქავთარაძე ედგა სათავეში, რომელიც 2005 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრად დანიშნა.

მანამდე, მცირე ხნით ცსკო-ს დიმიტრი ქიტოშვილიც ხელმძღვანელობდა. შემდეგ ქიტოშვილი პრეზიდენტმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარედ, დაპატიმრებამდე კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა.

ყველაზე წარმატებული კარიერა კი ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაიკეთა. ცსკო-ს თავჯდომარეობის შემდეგ იგი თბილისის მერად დაინიშნა, შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში იყო, მარტში კი, ჯანდაცვის მინისტრი გახდა.

ჭიაბერაშვილის წინამორბედის ყოფილი სახალხო დამცველის ნანა დევდარიანისთვის 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები პირიქით სერიოზული მუხრუჭი გამოდგა. დღეს იგი კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სიით ცდილობს პარლამენტში მოხვედრას.

1997 წლიდან 2003 წლამდე, ცესკოს მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. 2003 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ლომინაძე ახლადშექმნილი კოსმოსური სააგენტოს თავჯდომარედ დანიშნა.

ლომინაძემდე, ცსკო-ს ასევე აკადემიკოსი, მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი - ივანე კიღურაძე ედგა სათავეში. საინტერესოა, რომ 73 წლის კიღურაძე დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულშია.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ შექმნილი სახელმწიფო საბჭოს ლეგიტიმაცია, 1992 წელს, ცესკო-მ მერაბ ალექსიძის ხელმძღვანელობით მოახდინა. აკადემიკოსი ალექსიძე თავად იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი და საზოგადოება "თბილისის" ერთ-ერთი ლიდერი. იგი 1993 წელს დაიღუპა.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ცესკო-ს პირველი თავჯდომარე კი არჩილ ჭირაქაძე იყო, რომელმაც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმთან ერთად თვითმმართველობის პირველი არჩევნები, 26 მაისს კი პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა. 1991 წელს, არჩილ ჭირაქაძის მოადგილე ცსკო-ში ვახტანგ ხმალაძე იყო, რომელიც ამბობს:

„როდესაც მოხდა სამხედრო გადატრიალება 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, ამის შემდეგ არჩილ ჭირაქაძე გაემგზავრა მოსკოვში, კარგა ხანს, რამდენიმე წლის განმავლობაში იქ იყო, შემდეგ დაბრუნდა და მუშაობდა ჩვეულებრივად.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლანდელი თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი 2010 წლის იანვარში ხუთი წლის ვადით აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ხარატიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალპემ“ წარადგინა.

ამ არასამთავრობოს დირექტორი 2001-2003 წლებში თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა იყო, ხოლო ამჟამინდელ გამგეობაში, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები შედიან. როგორ განვითარდება ცსკო-ს რიგით მე-14-ე თავმჯდომარის კარიერა ეს უკვე 1 ოქტომბერს იქნება ნათელი.

XS
SM
MD
LG