ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს ცდილობენ ტერორიზმის საქმე შეუთითხნონ


არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში 23 თებერვალს მოკლეს

ხუთსაათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, დღეს, სოფელ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში მიმდინარე რიგით 85-ე შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ოფიციალური თბილისი იმ დრომდე არ დაუბრუნდება IPRM-ს ფორმატს, სანამ სეპარატისტული რეჟიმი 23 თებერვალს, ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემს.

ოსი სეპარატისტების მხარეს ერგნეთში ყოფილი „საგარეო მინისტრი“ მურად ჯიოევი წარმოადგენდა, რომელმაც კვლავ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, როდის აპირებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას? ასევე, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის უფლების მიცემას?

IPRM-ის 85-ე შეხვედრა ერგნეთში შეწყდა
IPRM-ის 85-ე შეხვედრა ერგნეთში შეწყდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა, დანიელმა დიპლომატმა ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ 85-ე შეხვედრა იმიტომ შეწყდა, რომ ერთ-ერთ მხარეს მეტი დრო სჭირდება მოლაპარაკებებზე „პროგრესის უზრუნველსაყოფად“:

დღევანდელ შეხვედრაზე სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს ოჯახს"
ერიკ ჰოგი, საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელი

„დღევანდელ შეხვედრაზე სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს ოჯახს. ასევე განვიხილეთ საქართველოს იმ ორი მოქალაქის საკითხი, რომლებიც ახალგორში არიან დაკავებულნი. შეხვედრა მონაწილეებმა დატოვეს და ის ხელახლა დაინიშნა, იმედია, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“.

სეპარატისტული ცხინვალი არა მხოლოდ ცხედრის გადმოცემას არ ჩქარობს, არამედ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ „ტერორიზმის ბრალდებით“ „სისხლის სამართლის საქმის“ შეკერვას აგრძელებს.

ანკლავში დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს, ოკუპირებულ ახალგორში, მდინარე ქსანზე არსებული საავტომობილო ხიდის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის „მეშვეობითაც არჩილ ტატუნაშვილი დივერსიებს გეგმავდა“. არ არის გამორიცხული, რომ ცხინვალმა „დივერსიების ვერსიის“ გასამყარებლად ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილის ხელახლა დაკაავოს.

მანამდე, ცხინვალში 23 თებერვალს მოკლული ტატუნაშვილი, რომელიც 2011 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო და საერთაშორისო მისიებშიც მსახურობა „საქართველოს სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტად“ გამოაცხადეს.

არჩილ ტატუნაშვილი ერაყში სამშვიდობო მისიის დროს, 2008 წლის მაისი
არჩილ ტატუნაშვილი ერაყში სამშვიდობო მისიის დროს, 2008 წლის მაისი

„ოსური ბრალდების“ მიხედვით, ტატუნაშვილი „ყალბი საშვით“ ხშირად კვეთდა "საზღვარს" და „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტუქტურას“ ტელეფონით იღებდა. ამ ბრალდებების თავად ოკუპირებულ ანკლავში არ სჯერათ. ცხინვალელი უფლებადამცველი, გაზეთ „21 საუკუნის“ ყოფილი რედაქტორი თემურ ცხურბათი ამბობს:

„თუ რა მოხდა სინამდვილეში ამ ინფორმაციას აქ მალავენ. ამბობებ, რომ თითქოს იგი სამხედრო ნაწილებს იღებდა. ჩვენ დროში, ბრალდება რომ ვიღაცა სამხედრო ნაწილს ფოტოს უღებს ნამდვილად სასაცილოა, ასეთი ფოტოები დღეს არავის აინტერესებს. მიმაჩნია, რომ თუ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მოქმედების შედეგად დადგა, ეს ჩვენი რესპუბლიკის სირცხვილია"
თემურ ცხურბათი, ცხინვალელი უფლებადამცველი

„თუ რა მოხდა სინამდვილეში ამ ინფორმაციას აქ მალავენ. ამბობებ, რომ თითქოს იგი რაღაც სამხედრო ნაწილებს იღებდა. ჩვენ დროში, ბრალდება რომ ვიღაცა სამხედრო ნაწილს ფოტოს უღებს ნამდვილად სასაცილოა, ასეთი ფოტოები დღეს არავის აინტერესებს.

მიმაჩნია, რომ თუ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მოქმედების შედეგად დადგა, ეს ჩვენი რესპუბლიკის სირცხვილია. ასე აქ ფიქრობს ბევრი ადამიანი. საზოგადოება ასე აფასებს, თუ ადამიანი დააკავეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი რაღაცაში დამნაშავეა, ის სასამართლოზე უნდა წარსდგეს, არ უნდა მოხდეს მისი ლინჩის წესით გასამართლება და რესპუბლიკის შერცხვენა. ზუსტად, რა ვითარებაში დაიღუპა ტატუნაშვილი ამის მტკიცებულებები არ მაქვს, თუმცა ირიბი ჩვენებებით ეს ასე ჩანს“

ოკუპირებული სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ წინკანში დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, 2018 წლის 22 თებერვალს, სეპარატისტებმა ორ მეგობართან ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში დააკავეს.

ტატუნაშვილი საოკუპაციო ხაზს ახალგორში მცხოვრები ბებიისა და სხვა ახლო ნათესავების მონახულების მიზნით, რუსული ოკუპაციის შემდეგ მუდმივად კვეთდა და პრობლემა არასოდეს შექმნია. 23 თებერვალს, საქართელოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში მოკლეს, ოსური მხარე ცხედრით ვაჭობას ამ დრომდე აგრძელებს. 2 აპრილს არჩილს 36 წელი შეუსრულდებოდა.

დღესვე, გვიან საღამოს, ტატუნაშვილის მშობლები თბილისში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა რომ ილია მეორე არჩილის ცხედრის დაბრუნების თხოვნით რუსეთის პატრიარქს მიმართავს. მოგვიანებით ტატუნაშვილების ოჯახს, სოფელ წილკანში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტუმრა და მიუსამძიმრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG