ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხაჯიმბამ ოპოზიციას „პრემიერის“ თავი მესამედ გადაუგდო


რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ ანკლავში "ხელისუფლების" შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სეპარატისტთა ლიდერი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა თავად მოეხსნა „პრემიერი“ ბესლან ბარციცი, რომლის გადაყენებასაც ოპოზიცია 2017 წლიდან პერმანენტურად ცდილობდა.

აფხაზთა „სახალხო კრებაზე“ „მინისტრთა კაბინეტისთვის“ უნდობლობის გამოსაცხადებლად „დეპუტატები“ დღეს უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა ხაჯიმბამ ოპოზიციას დაასწრო და 40 წლის „პრემიერი“ გუშინ გადააყენა.

აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას „ხელისუფლებას“ ძალაუფლების უზურპაციაში, ეკონომიკურ კოლაფსში, კორუფციაში, რუსეთიდან შემოსული მრავალმილიარდიანი დახმარების გაფლანგვასა და 2014 წლის მაისში, „სახელმწიფო გადატრიალებაში“ ადანაშაულებს, რა დროსაც მან „პრეზიდენტის“ პოსტი ალექსანდრე ანქვაბს წაართვა.

ხაჯიმბამ აფხაზურ პოლიტიკაში 70 წლის გაგულია დააბრუნა
ხაჯიმბამ აფხაზურ პოლიტიკაში 70 წლის გაგულია დააბრუნა

ბოლო სამი წლის მანძილზე, ოპოზიციამ რამდენჯერაც მიიტანა იერიში „პრეზიდენტის“ შესაცვლელად, ხაჯიმბამ ვნებების ჩასაცხრობად იმდენჯერვე „პრემიერი“ შესწირა: 2015 წელს - ბესლან ბუთბა, 2016 წელს - არტურ მიქვაბია და 2018-ში ბესლან ბარციცი.

ახალი „მთავრობის“ ფორმირება არძინბას კლანის ძველ წევრს, 70 წლის გენადი გაგულიას დაევალა, რომელიც ანკლავში „პრემიერი“ მესამედ გახდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ამბობს, რომ ხაჯიმბას კანდიდატურის შერჩევისას დიდი არჩევანი არ ჰქონია:

გაგულია გუდაუთის კლანს წარმოადგენს. იგი ბიზნესმენია, მდიდარია, ფართო კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. გონიერი კაცია, ბოლო წლებში არალეგალური გამოფენები, „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ სახელით, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში მისი ორგანიზებულია"
გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

„ბარციცის მოხსნის შესახებ არაოფიციალური არხებით ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ ვინაიდან რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა ამ თანამდებობაზე, მოუწიათ დროის გაწელვა და ისევ 70 წლის გაგულიას დაბრუნება. აფხაზებს ახასიათებთ კლანური მმართველობა, გაგულია გუდაუთის კლანს წარმოადგენს.

იგი ბიზნესმენია, მდიდარია, ფართო კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. გონიერი კაცია, ბოლო წლებში არალეგალური გამოფენები, „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ სახელით, როგორც ევროპაში, ისე აზიაში, მისი ორგანიზებულია. ცალსახად პრორუსული კადრია.“

გენადი გაგულია აფხაზური სეპარატიზმის ცენტრში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში დაიბადა. სპეციალობით ინჟინერი, საბჭოთა პერიოდში რიწის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხელმძღვანელოდა, შემდეგ კი იქვე, საზოგადოებრივი კვების კომბინატს ედგა სათავეში. იხსენებს, რომ რიწის Общепи́т-ისთვის ახალი ჭურჭელი, დანადგარები, ავეჯი, რამდენიმე ავტომანქანა და კატერი თბილისიდან სამინისტროს გვერდის ავლით ჩაიტანა და ამის გამო, მკაცრი საყვედური მიიღო.

ვლადისლავ არძინბას გუნდში კიდევ ერთი ცნობილი სეპარატისტის, მაშინ გუდაუთის რაიკომის მდივნის კონსტანტინე ოზგანის რეკომენდაციით აღმოჩნდა. 1991 წელს, არძინბამ გაგულიას ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიის საგარეო-ეკონომიკური მიმართულება ჩააბარა, ომის შემდეგ კი 1995 წელს პირველ „პრემიერად“ დანიშნა.

გაგულია და შვედეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბუხტი, ბერლინი, 2015
გაგულია და შვედეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბუხტი, ბერლინი, 2015

1997 წელს გაგულია „ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით“ თანამდებობიდან გადააყენეს. იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, რუსეთის მოქალაქობა მიიღო და რუსეთის დუმის დეპუტატის თანაშემწედ მუშაობდა.

2002 წელს მძიმედ ავადმყოფმა არძინბამ მას კვლავ „პრემიერის“ პოსტზე უხმო, თუმცა ხუთი თვის თავზე, კოდორის 2001 წლის ცნობილი მოვლენების (პანკისიდან კოდორში ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმის საიდუმლო გადასროლა) მონაწილეების, სიკვდილმისჯილი პატიმრების: გერვასი ჯოლოგუასა (იგი აფხაზებმა რამდენიმე თვეში ჩაცხრილეს) და სამი ჩეჩენის მასხუდ ჯაბრაილოვის, არსენ ხონდოხოვისა და მაგომედ ხაჯიევის დრანდის ციხიდან გაქცევის გამო, ოპოზიციის ძლიერი ზეწოლის ქვეშ თანამდებობის დატოვება ისევ მოუხდა.

გაგულია „პრეზიდენტ“ არძინბას ადმინისტრაციის უფროსად გადაიყვანეს, თუმცა 2004 წელს, სოხუმში ოპოზიციური „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერის გარი აიბას მკვლელობის შემდეგ თანამდებობა ისევ დაკარგა.

შევარდნაძე, პუტინი და გაგულია, სოჭი, 2003
შევარდნაძე, პუტინი და გაგულია, სოჭი, 2003

გაგულია პირველი აფხაზი ლიდერი იყო, რომელსაც ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის რანგში, 2003 წლის მარტში, სოჭში, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად შეხვდა. გენადი გაგულიას თქმით, ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ პუტინი აფხაზეთს არ მიატოვებდა:

პუტინთან და შევარდნაძესთან სამი საათის მანძილზე ვისაუბრეთ და მაშინ მივხდი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მართალია, იზოლაციაში ვიყავით და უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ნათელი იყო რომ რუსეთი ჩვენთან არის"
გენადი გაგულია, 2003 წლის სოჭის შეხვედრის შესახებ

„პუტინთან და შევარდნაძესთან სამი საათის მანძილზე ვისაუბრეთ და მაშინ მივხდი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მართალია, იზოლაციაში ვიყავით და უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ნათელი იყო რომ რუსეთი ჩვენთან არის.

რა თქმა უნდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ რუსეთი 5 წლის შემდეგ ჩვენს დამოუკიდებლობას სცნობდა, მაგრამ ჩემთვის უკვე მაშინ გასაგები გახდა, რომ არ დავიკარგებოდით, რადგან რუსეთი ჩვენს გვერდით იყო.“

გენადი გაგულია ბოლო 13 წელია ანკლავში „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტია. აფხაზურ პალატას საკუთარი წარმომადგენლები მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ჰყავს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის, ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მაინც ახერხებს. გასულ კვირას, აფხაზური დროშის ქვეშ, აფხაზური პროდუქცია ბარსელონაში Alimentaria 2018-ზე იყო წარმოდგენილი, სადაც გაგულიაც იმყოფებოდა.

"დამოუკიდებელი აფხაზეთის" სტენდი ბარსელონაში, Alimentaria 2018-ზე
"დამოუკიდებელი აფხაზეთის" სტენდი ბარსელონაში, Alimentaria 2018-ზე

ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის (შვილი ასტამურ გაგულია სავაჭრო კომპანია „პრემიუმის“ მფლობელია, რომელსაც აფხაზეთში რამდენიმე სუპერმარკეტი აქვს, ხოლო სიძე ნიკოლოზ აჩბა წამყვანი კომპანია „აფხაზეთის ღვინოების და სასმელების“ პრეზიდენტია) „პრემიერის“ პოსტზე დანიშვნით, რაულ ხაჯიმბამ გარკვეული დრო მოიგო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია („ამცახარა“, „ერთიანი აფხაზეთი“, „კიარაზაა“, „აფხაზეთი ჩვენი სახლია“, „არუაა“, „აფსნი“) „პრეზიდენტის“ გადადგომის მოთხოვნას დღის წესრიგიდან მოხსნის.

ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერები“

გენადი გაგულია 1995-1997

სერგეი ბაღაფში 1997-1999

ვიაჩესლავ ცუგბა 1999-2001

ანრი ჯერგენია 2001-2002

გენადი გაგულია 2002-2003 მეორედ

რაულ ხაჯიმბა 2003-2004

ნოდარ ხაშბა 2004-2005

ალექსანდრე ანქვაბი 2005-2010

სერგეი შამბა 2010-2011

ლეონიდ ლაკერბაია 2011-2014

ბესლან ბუთბა 2014-2015

არტურ მიქვაბია 2015-2016

ბესლან ბარციცი 2016-2018

გენადი გაგულია 2018 - მესამედ

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტები“

ვლადისლავ არძინბა 1994-2005

სერგეი ბაღაფში 2005-2011

ალექსანდრე ანქვაბი 2011-2014

რაულ ხაჯიმბა 2014 დან

Facebook Forum

XS
SM
MD
LG