ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური კაპიტალი საქართველოში


სოციალური კაპიტალი საქართველოში
სოციალური კაპიტალი საქართველოში

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ სტატიით „სოციალური კაპიტალი საქართველოში: საქართველოს არცთუ იმდენად დიდი საზოგადოება,“ რომელიც ჟურნალ „ეკონომისტის“ ბლოგ „ისთერნ ეფროუჩზე“ 13 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„თანამედროვე საქართველოში სტუმართმოყვარეობის წესების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ მოძრაობის წესებს მხოლოდ მაშინ იცავენ, როცა ახლომახლო საგზაო პოლიცია ჩანს.

ამგვარი კონტრასტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ფეხით მოსიარულე პირებს თბილისში, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩასვლას ქუჩების პირდაპირ გადაკვეთას ამჯობინებენ. მაგრამ როგორც აღნიშნულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში, ზემოთაღნიშნული მაგალითები ფართოდ გავრცელებული ტენდენციის ნაწილს წარმოადგენს. სოციალური მეცნიერების ლექსიკონი რომ გამოვიყენოთ, საქართველოში ‘სოციალური კაპიტალის’ აშკარა ნაკლებობა შეინიშნება. ‘სოციალური კაპიტალის’ ცნებაში ნდობის, ჩვევებისა და დაწესებულებების კომბინაცია იგულისხმება, რომელიც საზოგადოებას ერთად კრავს.

საქართველოს განთქმული სტუმართმოყვარეობა ძლიერი ოჯახებისა და მეგობრობის ტრადიციის ნაწილია. სოციალური მეცნიერების ჟარგონში ფაქტორების ამ ერთობლიობას ‘შემაერთებელ’ სოციალურ კაპიტალს უწოდებენ. ხსენებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელთა თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად საკმაოდ პრობლემატურია. ‘დამაკავშირებელი’ სოციალური კაპიტალის ესოდენ მწვავე ნაკლებობა, ანგარიშის ავტორთა აზრით, ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

ამ მხრივ საქართველო სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა სწორედ ამ ქვეყანაში სოციალური კაპიტალის მნიშვნელობა სხვა სახელმწიფოებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობა ხომ რადიკალურ ლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს მიჰყვება, რომელიც თავისუფალი ბაზრის ძალაში ნახევრად-თეოლოგიურ რწმენას ეფუძნება. ამდენად იმისათვის, რომ თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის მქონე ქვეყანამ ეფექტურად წარმართოს საკუთარი საქმეები, თანამშრომლობა იგივე მნიშვნელობას იძენს როგორც კონკურენცია.

ერთ ამგვარ მაგალითს გლეხობა წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველო, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, წამყვან რესპუბლიკად ითვლებოდა, ახლა კი ამ მიზნით სახნავი მიწის მხოლოდ 50 პროცენტს იყენებენ. ქვეყნის სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, მაგრამ სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.“

მიმოხილვას ვასრულებთ გალ ლუფტის სტატიით სათაურით „მილსადენის პარადოქსი,“ რომელიც ჟურნალ „ფორეინ პოლისის“ ვებ გვერდზე 12 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ირანისთვის ევროპული ბაზრის ათვისება არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ ირანი ცდილობს შეცვალოს რუსეთი როგორც ევროკავშირში ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა. როგორც ცნობილია, რუსეთი ამჟამად ევროპის ბუნებრივი აირის მოთხოვნის ერთ მეოთხედს აკმაყოფილებს. ევროპელებმა საკუთარი ენერგეტიკული დაუცველობის შესახებ მშვენივრად იციან. ხუთი წლის წინ რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება იმ გაზსადენით, რომლითაც ევროპაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის 80 პროცენტი მიედინება, უნგრეთსა და პოლონეთს შეუწყდა. მას შემდეგ ევროპელები ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების ურუზნველსაყოფად ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობენ. ამ მხრივ ნაბუქოს გაზსადენის პროექტი ყველაზე მნიშვნელოვნად მოიაზრება. ამ პროექტის თანახმად ბუნებრივი აირი კასპიის ზღვიდან თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით ევროპაში მოხვდება. თეირანს სურს, რომ ევროპამდე ახალი ენერგეტიკული კორიდორის შექმნის შემთხვევაში, მარშრუტის მიუხედავად, მასში ირანული ბუნებრივი აირიც მიედინებოდეს. ამ მიზნით ირანი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანის, სირიის, თურქეთისა და თურქმენეთის - გაზსადენებში სრულ ინტეგრაციას აპირებს.

თეირანი ამ მიმართულებით თანამიმდევრულად მუშაობს. იანვარში ირანმა და სირიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეგრეთწოდებული ისლამური გაზსადენის აშენებას ისახავს მიზნად. ამ გაზსადენის მარშრუტის მიხედვით ბუნებრივი აირი ირანიდან ევროპაში ერაყის, სირიის, ლიბანისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის გავლით უნდა გაიგზავნოს. იმავე თვეს ირანმა აზერბაიჯანთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც აზერბაიჯანიდან ირანში ბუნებრივი აირის იმპორტს ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ ირანი ბუნებრივ აირს სომხეთსა და ირანს შორის მდებარე ნახიჩევანის ავტონომურ რესპუბლიკას მიაწვდის. ამას გარდა, ირანმა სომხეთში გაზსადენის გაყვანა 2008 წელს დაასრულა. ხოლო თებერვალში ირანმა და თურქეთმა განაცხადეს, რომ თაბრიზ-ანაკარას გაზსადენის მოცულობა ყოველდღიური 18 მილიონი კუბური მეტრიდან 23 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. და ბოლოს, ნოემბერში ირანმა გახსნა ახალი გაზსადენი თურქმენეთთან, რომელსაც მსოფლიოში ბუნებრივი აირის სიდიდით მეოთხე საბადოები გააჩნია.

ზემოთჩამოთვლილი გარიგებები ენერგეტიკის სფეროში ახალი გეოპოლიტიკის კონტურებს განსაზღვრავს და ნიშანდობლივია ის, რომ ამ კონტურებს მოხაზავს ირანი და არა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები.“

XS
SM
MD
LG