ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის კოსმეტიკური შერემონტება


„ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია და მათ არაფერი აქვთ საერთო შინაარსობრივ მხარესთან... ღარიბაშვილი თუ კვირიკაშვილი, საბოლოო ჯამში, მართავენ იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს ივანიშვილი“- აცხადებს ელენე ხოშტარია.

რა პრინციპულ ცვლილებას გეგმავს ქართული ოცნება ხელისუფლების გუნდის ჩანაცვლებით? გადაიხედება თუ არა მმართველი კოალიციის პოლიტიკის შინაარსობრივი მხარე? რა ტიპის ტრანსფორმაციას შეიძლება მოელოდეს საზოგადოება? ამ კითხვებზე პასუხებისა და მოლოდინების მრავალფეროვნება არ შეიმჩნევა არც პოლიტიკოსებს შორის და არც იმ ადამიანების შეფასებებში, ვინც პოლიტიკას იკვლევს.

„ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია და მათ არაფერი აქვთ საერთო შინაარსობრივ მხარესთან“,- ამბობს ამერიკის ხმასთან საუბარში ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი. მისი აზრით, ამგვარმა ფასადურმა ცვლილებამ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა ამომრჩეველზე კოალიციისთვის სასურველი გავლენა მოახდინოს.

"სიახლის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ არაფერი არ იცვლება. მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, ვისი ხედვის მიხედვითაც იმართება ქვეყანა, რჩება ადგილზე. ესაა მხოლოდ კოსმეტიკური გადაადგილება. შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა მიზეზებზე, თუ რატომ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არსებითი არ შეიცვლება. არანაირი მნშვნელობა არ აქვს პროფესიონალიზმს თუ მმართველობის სხვა თვისებებს, რადგან სისტემის თავში არის არაფორმალური მმართველი.

ეს ჩანდა ღარიბაშვილის განცხადებაში, სადაც არ იკითხებოდა არანაირი ლიგიკა იმის თაობაზე, თუ რატომ მიდის. ანგარიშვალდებულებას ადგილი აქვს არა ხალხის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამიტომაც, ვერ ამოიკითხავთ ვერანაირ ლოგიკას. ამ კოსმეტიკური ცვლილების გათვლა, ბუნებრივია, არის უკეთესი მოლოდინის შექმნაზე წინასაარჩევნოდ. თუმცა ეს ყველაფერი ილუზოლურია, რადგან სინამდვილეში არაფერი არ იცვლება არსებითად. ღარიბაშვილი თუ კვირიკაშვილი, საბოლოო ჯამში, მართავენ იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს ივანიშვილი“- ამბობს ელენე ხოშტარია.

გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრობის გამოცდილებით, ახლა უკვე პრემიერობის კანდიდატია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი კანდიდატურა მოიწონა და პარლამენტს წარუდგინა: „ ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ისე ახალი პრემიერის კანდიდატურის წარდგენას. ახლა ჯერი საქართველოს პარლამენტზეა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა: „დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას“.

თავად გიორგი კვირიკაშვილმა მომავალ მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო ცვლილებების შესახებ დღესვე განაცხადა: „არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან და დრამატულ ცვლილებას უნდა ველოდოთ მინისტრთა კაბინეტში, რამდენიმე ცვლილება, შეიძლება, იყოს“.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც კოალიციის ლიდერის პოსტსაც ტოვებს, როგორც თავად ამბობს, დასვენებას აპირებს. ამერიკის ხმასთან საუბრისას პოლიტოლოგი, თსუს პროფესორი კორნალი კაკაჩია აცხადებს, რომ იგი შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით ვიხილოთ თებერვალში. ამ დროისთვის ეს პოზიცია ვაკანტური იქნება: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სულ მალე უნდა გადადგეს, 2016 წლის თებერვალში და არაა გამორიცხული, ღარიბაშვილს, დაახლოებით ასეთი თანამდებობა შესთავაზონ. შესაძლოა, ელჩად გაუშვან ან არც შეინარჩუნოს აქტიურობა პოლიტიკაში. ეს დამოკიდებულია მის სურვილზე და ასევე იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ივანიშვილთან, ანუ როგორ დაშორდნენ ერთმანეთს ივანიშვილი და ღარიბაშვილი“.

გიორგი კვირიკაშვილი ახალი გუნდის წარდგენას ორშაბათისთვის გეგმავს.

XS
SM
MD
LG