ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირიკაშვილი ამერიკაში ვიზიტს დღეს ასრულებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ამერიკაში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს. ვიზიტის კულმინაცია სწორედ ბოლო დღე იყო, როცა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენს შეხვდა.

ბლინკენმა და კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომაში, სადაც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. დღესვე შედგა გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების მდივნის მოადგილე - ავრილ ჰეინსთან.

სახელმწიფო დეპარტამენტში კი, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პირადად მან გიორგი კვირიკაშვილს დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და რომ მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები-სავაჭრო პარტნიორობიდან დაწყებული ამერიკის მხარდაჭერით დამთავრებული გარე საფრთხეების წინააღმდეგ და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის მიმართულებით.

ბატონმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ კვლავაც იზიარებს ბუქარესტში, ნატოს სამიტის დეკლარაციის პრინციპებს, რომ საქართველო ალიანსის წევრობას მომავალში აუცილებლად მიიღებს.

ამერიკული მხარის შეფასებით, ბოლო პლენარული სხდომის შემდეგ საქართველომ საგრძნობი პროგრესი აჩვენა მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარებით, ანტი-დისკრიმინაციული კანონის ამოქმედებით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და აბრეშუმის გზის ფორუმის ინიცირებით, რამაც აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ბოლოს, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა დემოკრატიული სახელმწიფოს ორი თვისების დანერგვის აუცილებლობა: დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო ხელისუფლების დამკვიდრება და ოპოზიციური ძალისთვის შესაბამისი ველის არსებობა.

XS
SM
MD
LG