ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI-ს კვლევის ირიბი აღიარება


რის გამო წავიდა პრემიერი პოსტიდან? - ეს კითხვა დღეს, ახალი ამბიდან მეორე დღესაც ისმის. ალბათ იმ მიზეზით, რომ საზოგადოება თანამდებობის დატოვებისას გაკეთებულ მისეულ განმარტებაში არასაკმარის დასაბუთებას გრძნობს. ამიტომაც მედიასა და პოლიტიკოსებს ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ საკუთარი ვერსიები მრავლად აქვთ.

გადადგომისთვის, მართლაც არაერთი საფუძვლიანი და ობიექტური მიზეზი არსებობდა, როგორიცაა გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, არათანმიმდევრულობა და არაკოორდინირებულობა პოლიტიკაში და სხვა, თუმცა სახეზეა ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით წარმატებული ნაბიჯიც.

პოლიტოლოგი, თსუს პროფესორი კორნელი კაკაჩია "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ პრემიერის გადადგომა დიდწილად NDI-ს ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა განაპირობა, რომლის თანახმად ამომრჩეველთა 60 პროცენტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში ვის მისცემს ხმას, ხოლო იმ 35 პროცენტიდან, ვინც ამ თვალსაზრისით ჩამოყალიბებულია, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობაზე" მხოლოდ 5 პროცენტით მეტი მხარდამჭერი ჰყავს. კაკაჩია მიიჩნევს, რომ ეს NDI-ს კვლევის ირიბი აღიარებაა:

„რეიტინგი მმართველი კოალიციის არის საკმაოდ დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არ აღიარებს NDI-ს მონაცემებს, ჩანს, საკმაოდ შეაფიქრიანა ამ დასკვნამ მისი წარმომადგენლები. ისინი მიხვდნენ, რომ თუ რამე არ შეიცვალა, მათი რეიტინგის მომატების არავითარი შანსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს მთლიანად გუნდის შეცვლა და ახალი სახეების გამოჩენით, ახალი აქცენტების გაკეთებით ახალი წლის შეხვედრა. მომავლი წლიდან კი ალბათ, ფიქრობენ ახალი საარჩევნო ციკლის დაიწყებას ახალი სახეებით. შეიქმნა პრობლემები ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელზეც მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი იყო ახლა უკვე წინა ხელისუფლება. მათი პოლიტიკა არ სარგებლობდა პოპულარობით საზოგადოებაში და გადაწყვიტეს, რომ დადგა გარკვეული ცვლილებების საჭიროება ამ კუთხით. უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალური მმართველი ვინცაა, ანუ ბიძინა ივანიშვილი, მან გადაწყვიტა, რომ მთავრობას არსებული სახით არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საზოგადოების 60 პროცენტი აბსოლუტურად ფრუსტრირებულია, როგორც კვლევები აჩვენებს. გამორიცხული არაა, რომ წინასაარჩევნოდ კოალიციას ივანიშვილის მხარდაჭერაც დასჭირდეს.“

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობისთვის ხვალ შეიკრიბება და სავარაუდოდ, კანდიდატთა ვინაობის თაობაზეც შეჯერდება. ამ დროისთვის ყველაზე გამოკვეთილად პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება. ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ამბობს: „გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ვიცე-პრემიერი, ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგი კანდიდატი ყოფილიყო. მისი კანდიდატურაგანიხილება უმრავლესობაში, რამდენადაც მე ვიცი და აქვს მაღალი შანსი, წარმოდგენილი იყოს საქართველოს მთავარობაში, როგორც მომავალი პრემიერი.“

საინტერესოა პარლამენტის წევრის, ანი მიროტაძის კომენტარიც კანდიდატთა შერჩევის შესახებ. ის დასაბუთებულ განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შეინარჩუნოს პოსტი რომელიმე მინისტრმა: „კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით მექნება ჩემი კითხვები და მოვითხოვ დასაბუთებას, რომელი მინისტრი რატომ უნდა დარჩეს პოსტზე“.

საქართველოს პარლამენტს ახალ წლამდე დაძაბულ რეჟიმში მოუწევს მუშაობა. ახალი მინისტრთა კაბინეტის საბოლოო ფორმირება მომავალი კვირის სამშაბათისთვის ანონსდება.

XS
SM
MD
LG