ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუკერძოებელი გამოძიება, თუ ზეწოლა მედიაზე


Georgia arrests

ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტი აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა გააპროტესტეს

დიღომში, პოლიციის შენობასთან ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტი აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა გააპროტესტეს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და გიორგი ვაშაძე, რომლებიც შეკრებილებს მიკროფონების საშუალებით მიმართავდნენ, ამბობენ, რომ ესაა ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. „ეს არ იყო დაგეგმილი აქცია, აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გააერთიანა არა ერთმა ნიკა გვარამია, ან თუნდაც რუსთავი 2–მა არამედ პასუხისმგებლობამ ხვალინდელი დღის წინაშე. რადგან ჩვენ დღეს ნიკა გვარამიასა და რუსთავი 2–ის დაცვით, უნდა დავიცვათ ჩვენი ხვალინელი თავისუფალი დღე. რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ტელევიზიები. რომ ტელევიზიებს არ უგზავნიდნენ ფინანსურ რევიზიებს და არ ატერორრებდნენ, რომ არ იჭირდნენ მის გენერალურ დირექტორებს. ამის დასაცავად დღეს ხალხი, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა“,– ამბობს დავით ბაქაძე.
ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისული ნიკა გვარამია და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, გუშინ დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. დაკავებულები არიან ასევე თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტი მკაცრად დაგმო და მას ოროსნების მიერ შესრულებული სამუშაო უწოდა. მან განაცხადა, რომ ფინანსთა ამჟამინდელი მინისტრი თავად წარმოადგენდა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა. „ახლა დაიჭირეს ალეკო ხეთაგური, რომლის გამო დღეს საქართველოში არის დენი. ის იყო მთელი ეს პერიოდი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. მის დროს ბიუჯეტი 11–ჯერ გაიზარდა. განსხვავება აღარ არის საქართველოს დამბნელებელსა და ამ ფულის დამბრუნებელს შორის? დაიჭირეს გვარამია, რომელიც იყო ერთ–ერთი მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, სანამ სახელმწიფო სამსახურში იყო. შემდეგ წავიდა საზღვარგარეთ და მიიღო საუკეთსო განათლება და ეს ადამიანი დაიჭირეს ამ ოროსნებმა, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული მართლა,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
დღეს განცხადება ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნათია სუხიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. დღესვე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც, ფინანსთა სამინისტოს მტკიცებით, დანაშაულებრივ სქემას ააშკარავებს. ფარული სატელეფონო მოსმენების ფაქტი დღეს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაგმო.
უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი მერაბიშვილის ნათქვამს გამოეხმაურა და განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ სრული კონტროლი ჭირდება იმას, რაიმე მისხალი გადაცდომა არ მოხდეს. გვარამიას შესახებ საზოგადოებას პირველ რიგში, გაახსენდება ფილმი“ნოემბრიდან ნოემბრამდე“. განათლების სამინისტროში მისი მუშაობის პერიოდზე პრეტენზიები სწორედაც რომ ნაკლები ჩანდა. მე ვარაფერს ვიტყვი წინასწარ, სანამ მის თაობაზე მასალებს არ დადებს შესაბამისი სამსახურები. რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებებს იმის თაობაზე, სატელეფონო მოსმენები ბნელეთში დაბრუნებააო, ანუ ჩემს ეპოქაში დაბრუნებააო, ამას ნიშნავს? მაინცდამაინც ზუსტი პასუხი ვერ მოუძებნია, ხალხს გაეცინება, რადგან სატელეფონო მოსმენები ტოტალური გახდა სწორედ ვანო მერაბიშვილის მეშვეობით და მისი შსს მინისტრობის, თუ პრემიერ მინისტრობის დროინდელია. თუ პოლიტიკურად, ვანო მას ბნელეთად აფასებს, შემიძლია ამაში დავეთანხმო, ეს ერთადერთი შემთხვევაა, ალბათ, როდესაც ჩვენი აზრები ემთხვევა.“
ინციდენტს გუშინ ადგილი ქუთაისშიც ჰქონდა, როდესაც პრეზიდენტს გადაადგილების პრობლემა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შეკრებილმა ხალხმა შეუქმნა. მაესტროს გადაცემა პოლიტმეტრში აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ: „რაიმის გამართლება იმით, რომ წარსულში რაღაც ხდებოდა, ელემენტარულად არასწორია. პირველ ოქტომბერს ხალხმა არჩევანი გააკეთა, გადაირჩია ნაციონალური მოძრაობა, აირჩია სხვა ძალა. რის გამო? იმიტომ, რომ განსხვავებული მიდგომები ყოფილიყო გარკვეული მიმართულებით, რომელიც არ მოსწონდა საზოგადოებას. ეს არჩევნები ჩაატარა ნაციონალურმა მოძრაობის მთავრობამ, რომელიც მთელმა მსოფლიომ დემოკრატიულად შეაფასა. ახლა რა ვქნათ, რომ ჩვენ, რადგანაც წასრულში კითხვის ნიშნები გვქონდა, ახლა კითხვები არ დავსვათ? ორმაგი უსამართლობა მივიღოთ? ორმაგი ტერორი მივიღოთ? ორმაგი დაშინება მივიღოთ? გავჩუმდეთ ამაზე თავიდან ბოლომდე და გულზეხელდაკრეფილები ვიყოთ? ასე ქვეყანა არ შენდება და ვერ აშენდება. ეს იმიტომ კეთდება დღეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არც ერთი პროექტი არ დაუწყია, არც ერთი კონკრეტული საქმე არ დაუწყია, რომელიც ან უმუშევრობის საკითხს გადაწყვეტდა, ან სოციალურ პირობებს გააუმჯობესებდა“.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების თაობაზე დღეს განცხადება ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა. მისი თქმით: როდესაც სატელევიზიო კომპანიის დირექტორს აკავებენ, ჩნდება კითხვები, ხომ არ აქვს ადგილი პრესის თავისუფლების შეზღუდვას – შეზღუდვას იმ პრინციპისა, რომლის ერთგულიც არის ამერიკის შეერთებული შტატები , მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება მის ფინანსურ საქმიანობას კერძო სექტორში. ამდენად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და სამართლებრივი პროცესის სწორედ წარმართვა".
XS
SM
MD
LG