ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების არითმეტიკა: იგებს ის, ვინც მეტს ხარჯავს


"ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს - 5,3 მილიონი ლარით მეტი "გაისროლა", ვიდრე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე
"ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს - 5,3 მილიონი ლარით მეტი "გაისროლა", ვიდრე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ორგანიზაცია „ქართულმა ოცნებამ“, წინასწარი შედეგების მიხედვით, საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა.

მმართველმა პარტიამ საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში - 55,73% ანუ 837 054 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე 17.07%-ით (256 452 ხმა) ექსპრეზიენტ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა. მესამე შედეგი 10,4%-ით (156 276 ხმა) გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას „ევროპულმა საქართველომ“ აჩვენა. მეოთხეზე 6,56%-ით (98 585 ხმა) „პარტიოტთა ალიანსი“ აღმოჩნდა. 4 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი სწორედ ამ ოთხმა სუბიექტმა გადალახა.

თბილისის მერის არჩვენების მთავარი სენსაცია, დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის მეორე ადგილი - 17,5%-ით
თბილისის მერის არჩვენების მთავარი სენსაცია, დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის მეორე ადგილი - 17,5%-ით

„ქართულმა ოცნების“ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში იმარჯვეს დედაქალაქში (კახი კალაძე 51% VS ალექსანდრე ელისაშვილი 17,5%), სამ თვითმმართველ ქალაქში (ბათუმი, ფოთი, რუსთავი) და 54 თვითმმართველ თემში. 1090 მაჟორიტარული ოლქიდან „ოცნებამ“ 1015 ოლქი მოიგო (აქედან 16-ში კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდა) და მხოლოდ 75-ში დამარცხდა.

„თბილისის ფაბიანური საზოგადოების“ თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ასეთ შედეგს, პირველ რიგში, დიდი ფულის დახარჯვით მიაღწია:

მთელი წინასაარჩევნო კამპანია შეგვიძლია დავახასიათოთ, ერთადერთი სიტყვით - უთანასწორობა. საარჩევნო სუბიექტებს შორის აბსოლუტური უთანასწორობა იყო დაფინანსების, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის, მედიაში გაშუქების, სხვადასხვა რესურსების გამოყენების თვალსაზრით
ლევან ლორთქიფანიძე, "თბილისის ფაბიანური საზოგადოება"

„მთელი წინასაარჩევნო კამპანია შეგვიძლია დავახასიათოთ, ერთადერთი სიტყვით - უთანასწორობა. საარჩევნო სუბიექტებს შორის აბსოლუტური უთანასწორობა იყო დაფინანსების, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის, მედიაში გაშუქების, სხვადასხვა რესურსების გამოყენების თვალსაზრით.

ჩვენ ვხედავდით, რომ ისევ სახელისუფლებო ძალას აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, კვლავ, იგივე ბიზნესი ურიცხავს მთავრობას ფულს, რომელიც 2012 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა. დაფინანსების სქემაც ანალოგიურია, ბიზნესს მთავრობა აძლევს მრავალმილიონიან ტენდერებს და ბიზნესმენებსაც მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებათ პოლიტიკური პრეფერენციები.“

პირველად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩართულა. სამაგიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ოთხი თვის მანძილზე, შემოწირულობის სახით - 11 მილიონ 640 411 ლარი მიიღო.

კახი კალაძე თბილისის დიდ სინაგოგაში, სახელისუფლებო კანდიდატს მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა
კახი კალაძე თბილისის დიდ სინაგოგაში, სახელისუფლებო კანდიდატს მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა

მაშინ, როცა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიასა თუ დამოუკიდებელ კანდიდატს საერთო ჯამში, მხოლოდ - 1 მილიონ 358 595 ლარი შესწირეს. აქედან - 931 083 ლარი „ევროპულ საქართველოს“, 108 149 ლარი კი “ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც წინა არჩევნებზე, ახლაც დეკლარირებულზე გაცილებით მეტი ფული დახარჯა. არჩევნების დროს „შავი ფულის“ მოძრაობას არც აუდიტის სამსახურში გამორიცხავენ, სადაც რამოდენიმე შემოწირვის კანონიერებას ამ დრომდე სწავლობენ.

შედარებისთვის, წინა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვება საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნებას" – ოფიციალურად, თითქმის ორჯერ ნაკლები თანხა - 6 318 735 ლარი დაუჯდა. 2014 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 2 435 792 ლარი, ყველა დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტმა კი ჯამში 3 106 244 ლარი დახარჯა.

ანუ,“ ქართულ ოცნებას“ 2017 წელს, თითქმის, იგივე თანხა დასჭირდა გასამარჯვებლად (11,6 მილიონი), რაც 2014 წელს, ყველამ საარჩევნო სუბიექტმა ერთად დახარჯა (11,8 მილიონი).

ამომრჩეველი "ყველას წინააღმდეგ"
ამომრჩეველი "ყველას წინააღმდეგ"

იურისტი დავით ჯანდიერი თვლის, რომ უფულოდ დარჩენილმა ოპოზიციამ ვერც „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ მიმხრობა შეძლო და ვერც „ნიჰილისტების“ სახლიდან გამოყვანა მოახერხა, რამაც მმართველ პარტიას გამარჯვება კიდევ უფრო გაუადვილა:

ჩვენთან ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი სახლში რჩება იმიტომ, რომ მას ელემენტარულად არ სჯერა, რომ მის მიერ გაკეთებული არჩევანი რაღაცას შეცვლის“
დავით ჯანდიერი, იურისტი

„ის, რომ არჩევნებზე სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიდის, ამას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მიზეზები აქვს. განვითარებულ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის არჩევნებზე იმ უბრალო მიზეზით რომ იგი ქვეყანაში არსებული სიტუაციით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია.

ჩვენთან კი აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. აქ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი სახლში რჩება იმიტომ, რომ მას ელემენტარულად არ სჯერა, რომ მის მიერ გაკეთებული არჩევანი რაღაცას შეცვლის.“

"ევროპულმა საქართველომ" პირველ არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენა
"ევროპულმა საქართველომ" პირველ არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენა

​21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხმის უფლება 3 440 123 ამომრჩევლიდან, მხოლოდ 1 570 563-მა ანუ 45,65 %-მა გამოიყენა. კიდევ უფრო დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა თბილისში - 43,4%.

არჩევნების შედეგად, საქართველოში 59 მერი და 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2058 წევრი აირჩიეს. ერთ თვითმმართველ ქალაქში (ქუთაისი) და ოთხ თვითმმართველ (ყაზბეგი, ბორჯომი, ხაშური, მარტვილი) თემში მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. თიანეთში გამართული არჩევნების შედეგებს სასამართლო იხილავს.

მეორე ტურში, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის ორი კანდიდატი გავიდა (ქუთაისი, მარტვილი), თუმცა დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის პარტიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გავიდა, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გავიდა, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა

ეუთოს და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ წინასწარ დასკვნაში აღნიშნა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებზე „ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო“, ამავე დროს, მისიის აზრით, „მთლიანობაში არჩევნების კონტექსტი მმართველი პარტიის დომინირების ფონზე იყო ფორმირებული.“

OSCE/ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა კორინ იონკერმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვა, კონტროლი გამოცხადდა ამომრჩეველი თუ არა ხმის მისაცემად და ვის მისცა ხმა „აბსოლუტურად დაუშვებელია“. მისივე თქმით, ზოგ საარჩევნო უბანზე ეს ტენდენცია „მეტად ფიქსირდებოდა, ზოგან - ნაკლებად“.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნა მთლიანად გაიზიარა საქართველოში აშშ-ს საელჩომ, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა „სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს საჩივრები ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ.“

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბაღდათში
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბაღდათში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG