ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური გაყრა, 16 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ


გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი

მთავარი ოპოზიციური პარტიის ყრილობამდე 9 დღით ადრე, მთავარი კითხვა ერთია: რამდენ ნაწილად გაიყოფა „ნაციონალური მოძრაობა“? იმის, რომ დარჩენილ დროში, უკიდურესად დაპირისპირებული მხარეები, საერთო ენას იპოვნიან, უკვე პარტიის შიგნითაც აღარ სჯერათ.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, დეპუტატ გიგა ბოკერიას დაჯგუფებებს შორის არსებული ანტაგონიზმი, იმდენად თვალსაჩინოა, აშკარაა, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია, მისი წინამორბედების: „მრგვალი მაგიდისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს გაიზიარებს.

„ნაციონალების“ დაშლის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, ციხიდან პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მოულოდნელმა გათავისუფლებამ.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბერს, ციხიდან გამოგზავნილი ღია წერილით, სწორედ თბილისის ყოფილმა მერმა დაუდო სათავე დისკუსიას, რომ აუცილებელია პარტიის მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება.

ერთ დროს მოკავშირეები - გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი.
ერთ დროს მოკავშირეები - გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი.

გიგი უგულავა, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებოდნენ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 6 იანვარს გაათავისუფლა.

პარტიის სხვა ლიდერებთან, მათ შორის, სააკაშვილთან კომუნიკაციის შემდეგ, უგულავამ საბოლოო დიაგნოზი უკვე დასვა. მან სააკაშვილის მომხრეებს - „ბიბლიოთეკის უკლონისტები“, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - დანგრეული უწოდა.

რესურსი იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთიანობა შეინარჩუნოს პრაქტიკულად აღარ არის. პარტია იყოფა. განსხვავევები ფუნდამენტურია“

„რესურსი იმისა, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნოს პრაქტიკულად აღარ არის. პარტია იყოფა. განსხვავევები ფუნდამენტურია.“

ღია დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ საარჩევნო სიის ფორმირებისას დაიწყო და განსაკუთრებით გამწვავდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ. პარტიამ 477 053 ხმა მიიღო და პარლამენტში მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანა შეძლო.

ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა 11 ოქტომბერს, პოლიტსაბჭოზე, კენჭისყრის დროს „ბოკერიას გუნდმა“ გაიმარჯვა. საბოლოოდ, ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლას, მხოლოდ, სააკაშვილის მეუღლემ - სანდრა რულოვსმა გამოუცხადა.

რევანში „სააკაშვილის გუნდმა“ უკვე 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე აიღო, სადაც მათ ფართო წარმომადგენლობის ყრილობის იდეა გაიტანეს. 2017 წლის 20 იანვრის ყრილობაზე, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება, პარტიის ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტსაბჭო უნდა აირჩეს.

„ბოკერიას გუნდი“ აცხადებს, რომ 7000 დელეგატიანი ყრილობა არალეგიტიმურია, რადგან საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება „სააკაშვილი გუნდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყრილობა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე პარტიის დაშლაში ბიძინა ივანიშვილის „უხილავ ხელს“ ხედავს. ნიკა მელია ამბობს, რომ გიგი უგულავა ციხიდან ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსით გამოვიდა

უგულავა ციხიდან არ გამოსულა, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი. გამოვიდა, როგორც ახალი პარტიის წევრი. სადაც გადადის ბოკერიას ჯგუფი, იქ მიყვება გიგი უგულავაც“

„უგულავა ციხიდან არ გამოსულა, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი. გამოვიდა, როგორც ახალი პარტიის წევრი. სადაც გადადის ბოკერიას ჯგუფი იქ მიყვება გიგი უგულავაც.“

„ბოკერიას გუნდს“ უკვე ნაპოვნი აქვს ახალი ნავსაყუდელი. ეს არის პარტია „ევროპული საქართველო“, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკში იყო გაერთიანებული.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ევროპულმა საქართველომ“, რომლის დამფუძნებელიც პარლამენტარ გიგი წერეთლის მამაა, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი და სახელმწიფოსგან - 895 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

თავად „ნაციონალური მოძრაობას", როგორც კვალიფიციურ სუბიექტს - 1 122 000 ლარის დაფინანსება აქვს. „სააკაშვილის გუნდი“ ნაწილობრივ ასევე აკონტროლებს, კიდევ ერთ კვალიფიციურ სუბიექტს - 598 000 ლარის დაფინანსების მქონე, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიას“. ყოფილ დეპუტატ შოთა მოლაშხიას პარტიასთან ბლოკში, „ნაცმოძრაობა“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.

სანამ 16 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გაყრა ოფიციალურად გაფორმდება, მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით, ერთის მხრივ, მიდის ბრძოლა, განსაკუთრებით, "მსუყე, ტორტის ნაჭრებისთვის“, მეორეს მხრივ კი - თვითგამორკვევის პროცესი, თუ, ვინ ვისთან რჩება.

„ბოკერიას გუნდმა“ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიიდან დემონსტრაციულად ამოიღო სააკაშვილის მომხრე ფიგურები და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის გადაყენებას გეგმავს.

თავის მხრივ, „სააკაშვილის გუნდი“ პარლამენტში ახალი, დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნაზე მუშაობს. ხოლო, 20 იანვრის ყრილობაზე პარტიის სადავეების ხელში აღების შემდეგ, საპარლამენტო სიიდან, „ბოკერიას გუნდის“ ჩახსნის პროცესის წამოყებით იმუქრება.

უკიდურესად დაპირისპირებული მხარეები პოლიტიკური გაყრის შემდეგ, არ გამორიცხავენ, ხანგრძლივი იურიდიული დავის დაწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ უძრავ-მოძრავი ქონებისა და პარტიის სახელწოდების გამო.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის პოზიცია, რომელიც 2013 წლიდან დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის.

მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია პოლიტიკური კარიერის დასაწყისში
მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია პოლიტიკური კარიერის დასაწყისში

მიხილ სააკაშვილის გუნდი:

ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, სალომე სამადაშვილი, ნიკა რურუა, თინა ბოკუჩავა, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, რომან გოცირიძე, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ზურა მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, ეკა ხერხეულიძე, კობა ხაბაზი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ ბუცხრიკიძე, პაატა ლეჟავა, ომარ მეგრელიძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი პატარაია, ვახტანგ ლემონჯავა, ირაქლი ქავთარაძე, გოჩა კუპრავა, ბართლომე შელია, დავით საყვარელიძე

გიგა ბოკერიას გუნდი:

დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი, ირმა ნადირაშვილი, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, კაკო ბობოხიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ტუღუში, დავით დარჩიაშვილი, მამუკა ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, თენგიზ გუნავა, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ზაზა კედელაშვილი, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, გია თევდორაძე, ტარიელ ლონდარიძე, ქეთი მჭედლიძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, ლაშა დამენია, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ვახტანგ დარცმელიძე, დავით ჯინჯოლავა, ჰარუთიუნ ალექსანიანი, ვაჩაგან პოდოღლიანი, მიხეილ მაჭავარიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2001-2017

2001 - დაფუძნდა „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“ სახელით, მიხეილ სააკაშვილის მიერ

2002 - შეერწყა პარტია „„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და აიღო მისი სახელი

2002 - მეორე შედეგი აჩვენა თვითმმართველობის არჩევნებზე (24%). სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა

2003 - საპარლამენტო არჩევნებში გავიდა მესამე ადგილზე (18.08%). არჩევნების გაყალბების ლოზუნგით დაიწყო მასობრივი პროტესტის ორგანიზება, რაც პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლით დასრულდა

2004 - სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად (96%). რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა (67%). პარტია დატოვა პოლიტიკური მდივნის კობა დავითაშვილის ჯგუფმა

2006 - მოიგო ადგილობრივი არჩევნები (60%)

2007 - სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე, გამოეყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ჯგუფი. 7 ნოემბრის აქციისა და "ტელეიმედის" დარბევის შემდეგ, სააკაშვილი გადადგა და დანიშნა ახალი არჩევნები

2008 - მოიგო რიგგარეშე საპრეზიდენტო (53%) და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები (59%). გამოეყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის ჯგუფები

2009 - სააკაშვილთან პოლიტიკური კავშირი გაწყვიტა გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას ჯგუფმა

2010 - მოიგო ადგილობრივი არჩევნები (65.7%), გიგი უგულავა გახდა პირდაპირი წესით არჩეული თბილისის პირველი მერი

2012 - დამარცხდა „ქართულ ოცნებასთან“ საპარლამენტო არჩევნებში (40%), რის შემდეგაც, ეტაპობრივად დაკარგა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში გასული დეპუტაციის დიდი ნაწილი

2013 - დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში (22%). ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველო დატოვა. დააპატიმრეს გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი

2014 - დამარცხდა ადგილობრივ არჩევნებში (22,4%), დააპატიმრეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიგი უგულავა

2015 -16 პარტია დატოვეს ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძისა და სტრატეგიული განვითარების მდივნის გიორგი ვაშაძის ჯგუფებმა. პარტიის თავმჯდომარე სააკაშვილს უკრაინის მოქალაქების მინიჭების გამო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

2016 - დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში (27%) და დაიწყო პარტიის გაყოფის პროცესი

XS
SM
MD
LG