ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი სილა... ტფილისის უსტაბაშობამდე


ელისაშვილმა კამპანია გუდიაშვილის მოედნიდან დაიწყო By Tako Songhulashvili

ამბავი ათი წლის წინ, 2006 წლის შემოდგომაზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო, აქ ქალაქზე ზრუნვის მოსურნეთა ახალი გაერთიანება პირველად შეიკრიბა. 20 სექტემბერი შემთხვევით არ აურჩევიათ. 70 წლის წინ, 1936 წლის 20 სექტემბერს, ტფილისს ოფიციალურად - თბილისი ეწოდა. 2006 წლის 20 სექტემბერს კი „ტფილისის ჰამქარი“ დაიბადა.

თავდაპირველად, ჰამქარში მოსახვედრად საკმარისი იყო „თბილისის სიყვარული“ და „ქალაქისთვის მცირე ენერგიისა და დროის გაღება“. ტრადიციის მიხედვით, ზურნა-დუდუკის ჰანგების ფონზე, ჰამქრის უსტაბაში ახალ წევრს საგანგებო ფიცს აკითხებდა, შემდეგ კი ცერა თითებს დაუჭერდა და სამჯერ სილას აწნიდა.

ტფილისის ჰამქრის პირველი აქტივობა, 2006 წლის ოქტომბერი
ტფილისის ჰამქრის პირველი აქტივობა, 2006 წლის ოქტომბერი

ენთუზიასტთა პირველი აქცია დედაქალაქის ქუჩებში უძველესი აბრების მოძიება და შენახვა იყო, რასაც სოლოლაკის ხეივანზე - შახ ტახტის ნანგრევებისა და ხუდადოვზე - მიტოვებული სასაფლაოს დასუფთავება მოჰყვა.

ბოლო ათი წლის მანძილზე, ტფილისის ჰამქრის აქციათა არეალიც და შემადგენლობაც ერთი-ორად გაიზარდა. რაც მთავარია - როგორც გიგი უგულავას, ისე დავით ნარმანიას მერობის დროს ,„ჰამქარი“ დედაქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნამდვილ ავანგარდში იყო.

„არ დაანგრიო“, მეტეხის „ბროშკა“, სეიდაბადის კლდე, მირზა შაფი, ბოტანიკური ბაღი, „დაეტიეთ თქვენს კვადრატში“, „ნაკვეთი შენია - ქალაქი ჩვენია“, პაNOრამა, ბოტანიკური, იმელი, იპოდრომი, "ზარია ვოსტოკა", კინოთეატრი „აპოლო“, SOS თბილისი, „გაამაგრე გუდიაშვილი“ - ეს არის ბოლო წლებში, ამქრელთა წარმატებული თუ წარუმატებლი ბრძოლის არასრული ჩამონათვალი.

გაამაგრე გუდიაშვილი, 2014 წელი
გაამაგრე გუდიაშვილი, 2014 წელი

პარალელურად კი იყო ლექციების დიდი ციკლი თბილისის ისტორიაზე, ქალაქის წარსულზე, ურბანული დისკუსიები აწმყოსა და მომავალზე, ტიფლისის ისტორიული და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია.

ყველაზე დიდი ბრძოლა კი წინაა, „ტფილისის ჰამქრის“ დამაარსებელი და პირველი უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილი, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, გუშინ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაება:

რატომღაც დაავიწყდათ, როგორ შეიცვალა ხელისუფლება 2003 წელს, როგორ შევცვალეთ ხელისუფლება 2012 წელს, და, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ და თბილისში ხელისუფლებას 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს შევცვლით“
ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი

„ჩვენ ხანდახან ყელში ამოგვდის ხელისუფლების ძალადობა და გაზულუქებული ჩინოვნიკების თავნებობა. და, მაშინ ვცვლით ხოლმე ხელისუფლებას. რატომღაც დაავიწყდათ, როგორ შეიცვალა ხელისუფლება 2003 წელს, როგორ შევცვალეთ ხელისუფლება 2012 წელს, და, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ და თბილისში ხელისუფლებას 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს შევცვლით.“

39 წლის ალექსანდრე ელისაშვილი, ყოფილი ჟურნალისტი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის მთავარ პრობლემად დაბინძურებულ ჰაერსა და გარემოს, სამშენებლო და სატრანსპორტო ქაოსს, ავარიულ სახლებს, პარკინგის და მწვანე რეკრეაციული სივრცის მწვავე დეფიტს და უმუშევრობის მაღალ დონეს მიიჩნევს. საკუთარი გუნდის წარდგენას იგი მოგვიანებით აპირებს.

უსტაბაშისა და ჰამქრის მსვლელობა, 2009 წელი
უსტაბაშისა და ჰამქრის მსვლელობა, 2009 წელი

ელისაშვილი რიგით მეოთხე პოლიტიკოსია, რომელმაც თბილისის მერობაზე პრეტენზია განაცხადა. თბილისში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი - ელენე ხოშტარიაა, „ნაციონალური მოძრაობის“ - ზაალ უდუმაშვილი, ხოლო მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე წარმოადგენს.

ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის საკრებულოში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატია. 2014 წლის თვიმმართველობის არჩევნებზე, მან ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში აჯობა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.

პაNOრამა, 2015 წელი
პაNOრამა, 2015 წელი

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ელისაშვილს აქვს შანსი არჩევნების ფავორიტად შერაცხულ სახელისუფლებო კანდიდატს გეგმები სერიოზულად აურიოს:

ელისაშვილის გზავნილი არის ასეთი, რომ გავწმინდოთ თბილისი პარტიული და კლანური ინტერესებისგან. ეს არის სწორი, მოთხოვნადი გზავნილი თბილისელი ამომრჩევლისთვის და ამას თბილისი მისცემდა ხმას, მაგრამ კანდიდატმა უნდა შეძლოს ამომრჩევლის დარწმუნება რომ არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ რეალურად შეუძლია ამ დაპირების შესრულება"
გია ხუხაშვილი, ექსპერტი

„ელისაშვილის გზავნილი არის ასეთი, რომ გავწმინდოთ თბილისი პარტიული და კლანური ინტერესებისგან. ეს არის სწორი, მოთხოვნადი გზავნილი თბილისელი ამომრჩევლისთვის და ამას თბილისი მისცემდა ხმას, მაგრამ კანდიდატმა უნდა შეძლოს ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მას არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ რეალურად შეუძლია ამ დაპირების შესრულება.

ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ ელისაშვილს ამის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტტექნოლოგიებზე. თუ ელისაშვილი შეძლებს სერიოზული გუნდის ფორმირებას, თუ ამომრჩეველი დაინახავს, რომ ამ გუნდს შეუძლია ქალაქის მართვა ისე, რომ რეალურად გაიყვანოს მერიიდან პარტიული და კლანური ინტერესები, მაშინ კალაძემ შეიძლება წააგოს კიდეც არჩევნები.“

ლექცია - "როგორ შეიცვალა ტფილისი"
ლექცია - "როგორ შეიცვალა ტფილისი"

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი მაგრველაშვილი ზუსტ თარიღს და არჩევნების დანიშვნის აქტს აგვისტოს ბოლოს გამოაცხადებს.

გადამხდელებს მომავალი არჩევნები 39 011 899 ლარი დაუჯდებათ. აქედან - 28 120 049 ლარი უშუალოდ არჩევნების ჩატარებას მოხმარდება; 7 619 000 - საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას; 2 242 850 - სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯია, ხოლო 1 030 000 ლარი არჩევნებისათვის ცსკო-ს მოხელეთა გადამზადება დაჯდება.

სამი სილა უსტაბაშისგან - ახალი წევრის მიღების ტრადიცია "ტფილისის ჰამქარში"
სამი სილა უსტაბაშისგან - ახალი წევრის მიღების ტრადიცია "ტფილისის ჰამქარში"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG