ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავარო: "საქართველოში ფინანსური ინტერესი ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი ძალის მხარესაა"


საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის პოლიტიკურ მიმომხილველს ლუის ნავაროს, რომელიც 2009-2014 წლებში საქართველოში ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, ვაშინგტონში, ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და წინა-საარჩევნო გარემოზე ესაუბრა.

პირველ რიგში დიდი მადლობა და მოგესალმებით, თქვენ საქართველოში მუშაობდით, ახლა კი საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში ხშირად წერთ საქართველოს საკითხებზე. დღეს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრებთ. როგორ შეაფასებდით წინა-საარჩევნო გარემოს?

საერთაშორისო ორგანიზაციებმა საარჩევნო გარემოს წინასწარი შეფასებები უკვე გააკეთეს. მათი უმრავლესობის თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა არჩევნების ლეგიტიმურობა საფრთხის ქვეშ არ დგას. თუმცა, საბოლოო შეფასება ხმის მიცემის პროცესის სამართლიან წარმართვას უკავშირდება. სამი რამ, რაც უნდა აღინიშნოს, არის- პირველი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყეების კუთხით განგრძობითი პრობლემები, მეორე-საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კუთხით რეალური გამჭირვალობის არარსებობა მაშინ, როდესაც პოლიტიკა ყოველთვის ფულის წარმომავლობის გამოძიების გარშემო ტრიალებს, და მესამე- პოლიტიკური გარემოს რეალური პრობლემები, როგორიცაა კანონის აღსრულება და მედია გარემო.

რომ განვავრცოთ, მმართველი პარტია შემოწირულობების 90 პროცენტს იღებს აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ამის შემდეგ "ევროპული საქართველო" და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობაა". რას გვეუბნება ეს რიცხვები, რატომაა ასეთი დიდი სხვაობა?

მე ვფიქრობ, ამ პრობლემას ვხედავთ მას შემდეგ, რაც საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი არსებობს. ფინანსური ინტერესი საქართველოში ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი ძალის მხარესაა. განსხვავება 2012 წლის არჩევნებსა და 2016 არჩევნებს შორის არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით, რომელსაც საკუთარი მატერიალური რესურსები აქვს, და გამჭირვალობის ნაკლებობის გათვალისწინებით, ამ სათამაშო მოედანზე ძალთა გადანაწილების გათანაბრება 2012 წლის შემდეგ, დღემდე, ვერ ხერხდება.

"საერთაშორისო გამჭირვალობა" საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. მედიის კუთხით, ჩვენ ვხედავთ "რუსთავი ორის" გარშემო არსებულ დავას, საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმედი მთავრობისკენ იხრება, და ამასთან, როგორც უკვე ვისაუბრეთ შემოწირულობებით მმართველი პარტია ლიდერობს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ წინასაარჩევნო გარემო სამართლიანია? მმართველი პარტია უარყოფს ამ ბრალდებებს.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, და უპირატესობა, რაც ოპოზიციას აქვს და გასულ წლებში არ არსებობდა, არის ის, რომ ეროვნული დაფარვის მაუწყებელი, მხედველობაში მაქვს რუსთავი ორი, ოპოზიციურად განწობილია. სწორედ ამიტომ, საკუთრებაზე დავა და საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის პროგრესისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ერთი მხრივ, არსებობს სატელევიზიო არხი, რომელიც ღიად ოპოზიციურია, თუმცა შეშფოთების საკითხი არის ის, თუ რამდენად ახერხებს რუსთავი ორი მთლიანი ოპოზიური სპექტრის წარმოჩენას თუ მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს ასახავს. საგულისხმოა, რომ რუსთავი ორის ყოფილი წამყვანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია, ეს მიკერძოებულობის საკითხს ნაკლებად ეხება, რადგან საქართველოში არ არსებობს მიუკერძოებელი პოლიტიკური მაუწყებლობა. თუმცა პირდაპირ კავშირშია იმასთან, არის თუ არა რუსთავი 2 ოპოზიციის ხმა თუ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას წარმოაჩენს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ოცნებას აქვს არათანაბარი გავლენა მედიაზე. "იმედთან" დაკავშირებით კონსოლიდაცია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მენეჯმენტის შეცვლა რეალური პრობლემებია.

ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რას აჩვენებს ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მნიშვენლობის კუთხით?

ამ ეტაპზე ეს რთული სათქმელია. ნათელია, რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ ლანდშაფტში დომინირებს, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა 2008 წლის არჩევნების შემდეგ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის და იმ საჩივრების გათვალისწინებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, ვაწყდებით იმავე პრობლემას: ერთი პარტია ირჩევს საკუთარი ინტერესის გატარებას, სხვების ინტერესების ხარჯზე, მაშინ, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ფორმატი თეორიული კუთხით უმჯობესდება, როგორც ეს ვენეციის კომიციამ განაცხადა. რჩება საკითხები, რომლებიც პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტოს მოტივებში იყო გათვალისწინებული და რომელზეც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ყველა შენიშვნა მიიღონ, არამედ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მათ ინტერესებშია. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა მთავრობა ასე იქცეოდა. კიდევ ერთხელ, რეკომენდაციების გამორჩევა, შენს სასარგებლოდ, შემაშფოთებელია.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG