ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაცია West Tower Hotel-ში: Am241-ი 300 000 ევროდ


ქუთაისში ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241)
ქუთაისში ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის აგენტებმა ქუთაისში, სასტუმრო West Tower Hotel-ში, სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი აიყვანეს, რომლებიც 300 ათას ევროდ ამერიციუმ 241-ის (Am241) გაყიდვას ცდილობდნენ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში რადიოაქტიური ნივთიერება თვითნაკეთ კონტეინერში იყო მოთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე, დაფიქსირებული რადიოაქტიური Y გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, ამოღებულ Am241-თან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის“.

სპეცოპერაცია West Tower Hotel-ში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:49 0:00

„ამერიკის ხმას“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, რადიოაქტიური ნივთიერებით მოვაჭრეები კოტრდაზვერვის აგენტების ტრადიციულ მახეში გაებნენ. "პოტენციური მყიდველი" რომელმაც მათ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე, ოთხვარსკვლავიან სასტუმრო West Tower Hotel-ში შეხვედრა დაუთქვა, სინამდვილეში სუს-ის აგენტი იყო.

ამერიციუმ 241-ით (Am241) უკანონო ვაჭრობის საქმეზე გამოძიება ორი მოქალაქის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი ან ვაჭრობა საქართველოში ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სასტუმრო ქუთაისში სადაც, სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა
სასტუმრო ქუთაისში სადაც, სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა

ეს არ არის საქართველოში Am241-ით უკანონო ვაჭრობის პირველი შემთხვევა, 2017 წელს სუს-მა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც Am241-ის შემცველი, ქარხნული წესით დამზადებულ კვამლის დეტექტორის გაყიდვას ცდილობდნენ.

2013 წელს კი ბეთანიაში, სუს-ის აგენტებმა ამოიღეს 241Am-ის 12 ცალი ფირფიტა, გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრით 32 მკზვ/სთ. ამ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Am241-ის გარდა, საქართველოს რადიოაქტიური ნივთიერებების „შავ ბაზარზე“ საკმაოდ პოპულარულია ურან-238, ურან-235, ცეზიუმ-137, ევროპიუმ-152, ირიდიუმ-192, კობალტ-60, სტრონციუმ-90 და ცეზიუმ-135. უკანონო კონტრაბანდული რადიოაქტიური ნივთიერებები საქართველოში =ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და შავი ზღვით, ბათუმის და ფოთის პორტების გავლით ხვდება.

იმის მიუხედავად, როგორც საქართველო-სომხეთის, ისევე, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, რადიოაქტიური ნივთიერების აღმომჩენი, ძვირადღირებული კონტროლის სისტემები - პორტატული რადიაციული მონიტორებია დამონტაჟებული, კონტრაბანდისტები სხვადასხვა გზებით, მაინც ახერხებენ, რომ სენსორებმა საშიში ტვირთის დაფიქსირება ვერ შეძლონ.

XS
SM
MD
LG