ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საია: მნიშვნელოვანი ხარვეზები კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე - ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ("საია") შემაჯამებელი შეფასებისას. ასოციაცია შაბათს ჩატარებულ არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი დამკვირვებლით ადევნებდა თვალს. მისიამ საერთო ჯამში, 2 250 უბნამდე დაფარა.

"საიას" განცხადებით, დღის განმავლობაში, დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე - თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით - ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციის შეფასებით, შაბათს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს. საარჩევნო უბნებზე იყო ადამიანების კონცენტრაცია, რაც კენჭისყრაზე თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ელექტორატის ნების თავისუფალ გამოხატვას.

ფარულობის პრინციპის დარღვევა ხდებოდა მარკირების და ხმის მიცემის დროს. რიგ შემთხვევებში აღირიცხა, მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემა; ასევე არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვება და ხმის მიცემა. დაფიქსირდა გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევებიც, უბნის ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი პირების გადაადგილების სახით.

თავად "საიას" ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. მათ მიმართ აგრესიას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. რიგ შემთხვევებში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერისა და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას. 2 დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი.

"საიას" დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა.

დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა ზოგან ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები. ეს "საიამ" უარყოფითად შეაფასა და შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა.

ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე "საიამ" ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები აღრიცხა. საუბარია თანხის გადაცემის შემთხვევებზე. "საია" ასევე საუბრობს საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობაზე, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას. ასოციაციის განცხადებით, ეს არამარტო აფერხებდა კენჭისყრის პროცესს, არამედ იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდასაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დარღვევები ფიქსირდებოდა უბნის დახურვის შემდეგაც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემული იყო იმაზე მეტი ბიულეტენი ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდებოდა. ხშირ შემთხევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია დაულუქავად მიდიოდა.

"საია" უარყოფითად აფასებს ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებასაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის შეგრძნება გააჩინა. ასოციაცია კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს აგრძელებს და საბოლოო ანგარიშის მომზადებას გეგმავს. ანგარიში შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ისე არჩევნების დღეს.

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, "საიას" მიერ განხორციელებული მონიტორინგის მისიის დაფინანსებაში მონაწილეობდა ნორვეგიის საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო, ევროკავშირი და „ღია საზოგადოება - საქართველო“. "საია" აცხადებს, რომ მათ მიერ დარღვევების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და "მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს“.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG