ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Eurobasket 2022: თბილისში ესპანეთი, რუსეთი და თურქეთი მოდიან


ეროვნული ნაკრების ლიდერი გიორგი შერმადინი
ეროვნული ნაკრების ლიდერი გიორგი შერმადინი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ზედიზედ მეხუთე ევრობასკეტზე, რომელიც სტარტს 2022 წლის 1 სექტემბერს აიღებს, მეტოქედ მსოფლიო გრანდი ერგო. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება ცოცხლად მსოფლიოს ორგზის, ევროპის სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების სამგზის ვერცხლის მედალოსანი ესპანეთის ნაკრები იხილოს.

ბერლინში გამართულმა კენჭისყრამ და მანამდე მასპინძლის უფლებით, ერთი მეტოქის შერჩევამ, თბილისის A ჯგუფში ასევე განაწესა: თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი. საქართველო ევრობასკეტს ბელგიით დაიწყებს, შემდეგ ესპანეთს ეთამაშება, ცენტრალური მატჩი საქართველო-რუსეთი კი 7 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფიდან საუკეთესო ოთხი გუნდი პლეი-ოფში გავა.

ევრობასკეტ 2022-ის თილისმა და ელჩი ლეგენდა დირკ ნოვიცკი
ევრობასკეტ 2022-ის თილისმა და ელჩი ლეგენდა დირკ ნოვიცკი
გვინდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან რაც შეიძლება უკეთესი შედეგით და მაქსიმალურად მაღალი ადგილით და შემდეგ, თითოეული მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება
პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი


„ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, გვინდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან რაც შეიძლება უკეთესი შედეგით და მაქსიმალურად მაღალი ადგილით და შემდეგ, თითოეული მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება.

ეს არის რეალური ამოცანა, ჩვენს ნაკრებს ყველას დამარცხება ხელეწიფება, თუმცა მთავარი მიზანი თბილისის ჯგუფიდან გასვლაა“ - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

კენჭისყრამ ბერლინის Verti Music Hall-ში, რომელსაც კალათბურთის ორ ლეგენდასთან გერმანელ დირკ ნოვიცკისთან და იტალიელ რობერტო ბრუნამონტისთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძეც წარუძღვა, ევრო 2022-ის მონაწილე 24 ქვეყანა კიოლნის, მილანისა და პრაღის ჯგუფებშიც დაალაგა.

ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრის შედეგები
ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრის შედეგები

ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია ლიტვასთან, საფრანგეთთან და მასპინძელ გერმანიასთან ერთად კიოლნის B ჯგუფშია. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონ სერბეთს გაუმართლა და შედარებით სუსტ პრაღის D ჯგუფში ითამაშებს. მილანის C ჯგუფში კი მასპინძელი იტალიის მთავარი მეტოქეები ხორვატია და საბერძნეთი იქნებიან.

თბილისი, მილანი, კიოლნი და პრაღა Eurobasket 2022-ის მხოლოდ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ, მეთექვსმედეტფინალიდან, რომელიც 10 სექტემბერს დაიწყება, ევროპის ჩემპიონატი უკვე ბერლინის Mercedes-Benz არენაზე გაგრძელდება. კონტინენტის ყველაზე დიდი საკალათბურთო ფორუმი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, 2022 წლის 18 სექტემბერს, ფრიდრიჰსჰაინზე, 14500 ტევადობის არენაზე, დიდი ფინალით დაიხურება.

იმედი მაქვს, იმ დროისთვის პანდემიაც ჩავლილი იქნება და ჩვენი მატჩები ანშლაგით ჩაივლის, ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მოტივაცია იქნება. პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა
მანუჩარ მარკოიშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე


„იმედი მაქვს, იმ დროისთვის პანდემიაც ჩავლილი იქნება და ჩვენი მატჩები ანშლაგით ჩაივლის, ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მოტივაცია იქნება. პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება.

ესპანეთი გრანდია, თურქეთიც და რუსეთიც ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. ბელგიას და ბულგარეთს კი უნდა მოვუგოთ“ - აღნიშნა ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მანუჩარ მარკოიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს გავიდა და მას შემდეგ კონტინენტის მთავარ ტურნირში რეგულარულად თამაშობს. 2011 წელს, ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-11 ადგილი დაიკავეს, 2013-ში - მე-17, 2015 წელს - მე-15 და 2017 წელს ისევ მეჩვიდმეტე ადგილი.

თბილისის მშენებარე ახალი სპორტის სასახლე
თბილისის მშენებარე ახალი სპორტის სასახლე

სპეციალურად Eurobasket 2022-ის ჯგუფის სამასპინძლოდ თბილისში, უნივერისტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლე შენდება. ახალი დარბაზი, რომელიც 2021 წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას, წინასწარი გათვლებით, გადამხდელებს 72 მილიონი ლარი დაუჯდებათ და 10500 მაყურებელს დაიტევს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განგირი ევრობასკეტ 2022-ზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში

01.09.2022 საქართველო - ბელგია

03.09.2022 საქართველო - ესპანეთი

04.09.2022 საქართველო - თურქეთი

06.09.2022 საქართველო - ბულგარეთი

07.09.2022 საქართველო – რუსეთი

ბრუნამონტი, სანიკიძე და ნოვიცკი ბერლინის Verti Music Hall-ში კენჭისყრის შემდეგ
ბრუნამონტი, სანიკიძე და ნოვიცკი ბერლინის Verti Music Hall-ში კენჭისყრის შემდეგ

Facebook Forum

XS
SM
MD
LG