ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანქვაბმა თავი ბომბორას სამხედრო აეროდრომს შეაფარა


"აფხაზთა პრეზიდენტი" გადადგომაზე ჯერ არ ფიქრობს

ვინ გახდება კრემლის ახალი ფავორიტი კაპრიზულ აფხაზურ ელიტაში?

უკვე მესამე დღეა, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გუდაუთაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების, მეშვიდე სამხედრო ბაზის, ბომბორას აეროდრომის ტერიტორიას აფარებს თავს. ოპოზიცია მას „ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში, კორუფციასა და პროქართული კურსის“ გატარებაში სდებს ბრალს.

ანქვაბი იძულებული იყო სოხუმი 27 მაისს დაეტოვებინა, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ მთავრობის სახლი დაიკავა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყო განლაგებული. ანქვაბის მომხრე პოლიციასა და უშიშროებას ცეცხლი არ გაუხსნია. ამის შემდეგ ოპოზიციის მომხრეებმა სახელმწიფო ტელევიზიის პარალიზებაც შეძლეს.

აფხაზური ოპოზიცია, სადაც ძირითადად, აფხაზთა პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას კლანის წევრები არიან გაერთიანებული, თავიდან დე-ფაქტო პრემიერის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, გენერალური პროკურორისა და რამდენიმე რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებას მოითხოვდა.

თუმცა, ანქვაბის გუდაუთაში გადასვლის შემდეგ, მთავარი მოთხოვნა უკვე დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომაა. აფხაზთა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ადღურ ხარაზია ამბობს

„გამოსავალი ერთია - ანქვაბი უნდა გადადგეს. პრეზიდენტი, რომელიც ვერ შეხვდა საკუთარ ხალხს და გაიქცა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ასეთი პრეზიდენტი ქვეყნის სრულფასოვანი ხელმძღვანელი ვერ იქნება.“

გვიან ღამით, აფხაზთა სახალხო კრებამ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტს კი გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას 35 დეპუტატიდან მხოლოდ 20-მა დაუჭირა მხარი, ანქვაბის მომხრე 15 დეპუტატი, არაოფიციალური ინფორმაციით, ასევე, გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

საპასუხოდ, ანქვაბმა გუდაუთიდან განაცხადა, რომ არ აპირებს პრემიერ ლეონიდ ლაკერბაიას დათხოვნას და ჯერ, არც გადადგომაზე ფიქრობს. მისი აზრით, პარლამენტი არ არის უფლებამოსილი ასეთი საკითხები გადაწყვიტოს. ანქვაბის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ე.წ ოპოზიციურ საბჭოს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა სურს.

პარალელურად, ანქვაბის მომხრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ ხაზი გაუსვა, რომ ძალოვნები კანონიერი ხელისუფლების ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.
.
დღეს დილიდან, ოპოზიციამ ძალაუფლების ხელში აღება სოხუმში სცადა. სოხუმის მერი ალიას ლაბახუა, რომელიც ანქვაბის მომხრეა, საკრებულომ თანამდებობიდან დაითხოვა და მის ნაცვლად ოპოზიციონერი კონსტანტინე ფილია დანიშნა. საპასუხოდ, მერიის შენობაში, ანქვაბის შეიარაღებული მომხრეები შევიდნენ და ფილიას მუშაობის დაწყების საშუალება არ მისცეს.

ჭრელი აფხაზური ოპოზიციის ე.წ საკოორდინაციო საბჭოში, რომელსაც სეპარატისტულ ანკლავში ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს, დე-ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბის პოლიტიკური მტრების მთელი სპექტრია წარმოადგენილი.

აქ არის: ყოფილი საგარეო მინისტრი და ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა, რომელიც 2011 წელს, ანქვაბთან საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა და ბოლო ორი წელი მოსკოვში ცხოვრობდა; ასევე ყოფილი პრემიერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა. ანქვაბთან არჩევნები მანაც წააგო.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაპშპა, იგი თანამდებობიდან სწორედ ანქვაბმა გაუშვა; ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოჩამჩირის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი დაურ თარბა, პოსტი მასაც ანქვაბმა დაატოვებინა.

ქართველების გენოციდში მონაწილე სამხედროები: ბატალიონ კასკადის ყოფილი მეთაური გარი ბიგვავა; ბათუმში დაბადებული და გაზრდილი შამილ არძინბა, რომელიც „აფხაზთა გმირის“ წოდებას ატარებს; ომის ვეტერანთა გაერთიანება „არუაას“ ლიდერი ვიტალი გაბნია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საბაჟოს ყოფილი უფროსი ასლან კობახია და ეთნიკური რუსი ბოევიკი სერგეი პიგარი.

ოპოზიცია ახალი „დროებითი პრეზიდენტის“ არჩევას გეგმავს, ახალ პრემიერად კი ბესლან ბუთბას კანდიდატურას განიხილავს. „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის“ ლიდერს მიმდინარე გადატრიალებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სახელმწიფო ტელევიზიის პარალიზების ფონზე, ერთადერთი ტელეკომპანია „აბაზა“, რომელიც თითქმის მთელ აფხაზეთს ფარავს, სწორედ ბესლან ბუთბას საკუთრებაა.

„ჩვენთან იმყოფებიან სტუმრები რუსეთიდან. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ისინი გვეხმარებიან სიტუაციის სტაბილიზაციაში. რუსები საშუამავლო მისიით ჩამოვიდნენ. ვცდილობთ პრეზიდენტთან, ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას და ახალი ხელისუფლების სტრუქტურების ფორმირებას.“

მეორე დღეა სოხუმში მოსკოვიდან ჩასული ორი დელეგაცია მუშაობს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, ადგილობრივი მედიის ცნობით, მხოლოდ გუდაუთაში მყოფ ანქვაბსა და მის მხარდამჭერებს ხვდება; რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ სურკოვი კი ანქვაბთან ერთად, სოხუმში ოპოზიციასაც ესაუბრება.

კრემლი, რომელსაც ყოველწლიურად კაპრიზული აფხაზური ელიტის შენახვა 25 მილიარდი რუსული რუბლი, დაახლოებით 733 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რთული ამოცანის წინაშე დგას.

რუსებმა ან უნდა უზრუნველყონ ანქვაბისა და მისი გარემოცვის გუდაუთიდან მოსკოვში მშვიდობიანი გახიზვნა ან უნდა დაეხმარონ „რკინის ალიკს“ სოხუმის დაბრუნებაში. რაიმე სხვა კომპრომისის მონახვა, ამ ვითარებაში, თითქმის წარმოუდგენელია.
XS
SM
MD
LG