ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუქმებული სავიზო რეჟიმი ჩინეთთან - "დასავლეთის ჯინზე მიღებული გადაწყვეტილება" ?


საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მოგვიანებით საკითხზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

„30 დღის განმავლობაში ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო უვიზოდ მოინახულონ, ტურიზმის კუთხით ეს სრულიად მისაღები ციფრია.“,- ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე გაიზრდება ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაც, პირველ ეტეპზე როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, დღეში ერთი რეისი შესრულდება.

„მინიმუმ დღეში ერთი ფრენა გვექნება ჩინეთთან. ეს საკმარისი არ არის, ამბიცია უფრო დიდი გვაქვს, ჩვენი სამიზნეა დღეში 10-მდე ფრენა ჩინეთთან. მოთხოვნის გენერირებაზე სამინისტროს ექნება სამუშაო. ამ ეტაპზე კვირაში 7 რეისი იქნება. პეკინი-ურუმჩი -თბილისი. პირდაპირი ფრენები გვინდა გვქონდეს, ჩინეთის აღმოსავლეთ ქალაქებთან“,- თქვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს გააუმჯობესებს და დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას.

„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას... ჩინეთი არის ყველაზე დიდი და სასურველი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში. ყოველწლიურად ჩინეთიდან 150 მილიონი ტურისტი ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო დანახარჯები 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს [მაჩვენებელი] მინიმალურია“,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

პეკინს ოფიციალური თბილისის პასუხად ამ დროისთვის განცხადება არ გამოუქვეყნებია. ჩინეთში საქართველოდან მოგზაურებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებული სრულად არ არის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ისინი ტურისტული ჯგუფის წევრები იქნებიან და მაქსიმალური ვადა 30 დღეა.

ანალოგიური წესი მოქმედებს კიდევ 5 ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორისაა აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი, მოლდოვა და თურქემენეთი.

„დასავლეთის ჯინზე“ მიღებული გადაწყვეტილება?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობის ეს გადაწყვეტილება „დასავლეთის ჯინზე“ იყოს მიღებული.

„ცუდია, რომ ჩინელებისთვის სრულად ვხსნით საზღვარს და ტაივანელებს საერთოდ არ ვუშვებთ ქვეყანაში ... ცუდია, რომ ყველაფერი რაც დღეს სინო-საქართველოს ურთიერთობებში ხდება სრულიად ერთმნიშვნელოვნად დასავლეთის ჯინაზე კეთდება, ოღონდ ვის ვეჯინებით და რის იმედად ვართ, სრულიად გაუგებარია.
როგორც ყოველთვის, სტრატეგიულად არასწორ დროს, არასწორ ადგილზე ვხვდებით ხოლმე“,- წერს თინა ხიდაშელი.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ არის ჩვენი არჩევანი“,- ამბობს დეპუტატი ხატია დეკანოიძე და განმარტავს, რომ „ძლიერი დაწოლა რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკებზე“ მძიმე შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი სვამს კითხვას იმის შესახებ, რამდენად თავსებადობაშია მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.

საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარნიორობა 2023 წლის ივლისში გააფორმა, დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს გამოქვეყნდა და ის ბევრ მიმართულებას მოიცავს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG