ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სამხრეთის გაზის დერეფანი“: ქართული მოლოდინები და რეალობა


„სამხრეთის გაზის დერეფანი“ - SCP+TANAP+TAP

30 ივნისს, აზერბაიჯანი საქართველოს გავლით, თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს ოფიციალურად დაიწყებს. გასულ კვირას საზეიმოდ გახსნილი ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (TANAP), გაფართოებულ სამხრეთ კავკასიურ (SCP) და ჯერ კიდევ მშენებარე, ტრანს-ადრიატიკულ (TAP) გაზსადენებთან ერთად „სამხრეთის გაზის დერეფანს“ კრავს.

მაღრიბი-ევროპის გაზსადენის (MEG) შემდეგ, სამხრეთის გაზის დერეფანი მეორე არარუსული მილსადენია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ბრიუსელის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკაში სრულად ჯდება.

პირველ ეტაპზე, 2-დან 6 მლდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მხოლოდ თურქეთი მიიღებს, 2020 წლის შემდეგ, როცა SCP-სა და TANAP-ს ოფიციალურად მიუერთდება TAP-ი, დერეფანმა უკვე 16 მლდ კბ/მ გაზი უნდა გაატაროს, საიდანაც 10 მლდ-ს იტალია წაიღებს.

უფრო შორეული გეგმებით, ამ მარშრუტით ევროპელ მომხმარებლამდე 2023 წლისთვის - 23 მლდ კბ/მ, ხოლო 2026 წლისთვის - 31 მლდ კბ/მ გაზი უნდა მივიდეს. ამ შემთხვევაში „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ევროპაში რუსული გაზის კონკურენტად გადაქცევის შანსი აქვს. შედარებისთვის, რუსეთმა 2017 წელს, ევროპაში 193 მლდ კბ/მ გაზი გაყიდა.

ლიანა ჯერვალიძე, ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში „ამერიკის ხმასთან“ ვარაუდობს, რომ მხოლოდ ძვირი აზერბაიჯანული აირით „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სრულად დატვირთვა და 45 მილიარდიანი ინვესტიციის ამოღება ურთულესი ამოცანაა, თუ ტრანს-კასპიური გაზსადენის (TCGP) მშენებლობა და თურქმენეთის გაზის მდიდარ საბადოებზე წვდომა ვერ მოხერხდა:

TANAP-ის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინსფრასტრუქტურის სრულად დატვირთვა მოხდა. ეს ჩემი აზრით, თურქმენული გაზის მიბმის გარეშე ვერ მოხდება“
ლიანა ჯერვალიძე, ანალიტიკოსი ენერეგტიკის საკითხებში

„აზერბაიჯანული გაზი იაფი არ არის, გაზის საბადოები კასპიის ზღვაში ღრმა წყლებშია განთავსებული, აქედან გამომდინარე აუცილებელია სხვა რესურსების, იგივე თურქმენული გაზის მოზიდვა დერეფანში.

TANAP-ის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინსფრასტრუქტურის სრულად დატვირთვა მოხდა. ანუ, დაახლოებით 20-24 მლდ კბ/მ აირი მაინც უნდა გავიდეს ამ დერეფანში, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურაში ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლოს და ეს ჩემი აზრით, თურქმენული გაზის მიბმის გარეშე ვერ მოხდება.“

ის, რომ თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის პირადი მიწვევის მიუხედავად, TANAP-ის გახსნაზე თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი არ ჩავიდა, ექსპერტთა აზრით, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ აზერბაიჯანულთან ერთად, თურქმენული გაზით დატვირთვა საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.

თურქმენული გაზის ექსპორტს ევროპაში ხელს უშლის, როგორც აზერბაიჯან-თურქმენეთის სასაზღვრო კონფლიქტი, ისე კასპიის ზღვის აუზის ორი დიდი მოთამაშის რუსეთისა და ირანის ხისტი პოზიცია - ევროპის გაზის ბაზარზე თურქმენეთი, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე არ დაუშვან.

TANAP-ის გახსნაზე ესქიშეჰირში
TANAP-ის გახსნაზე ესქიშეჰირში

TANAP-ის გახსნა ქალაქ ესქიშეჰირში თურქეთის პრეზიდენტთან ერთად იზეიმეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, ბულგარეთის პრემიერმა ბორისოვმა, BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დადლიმ და თვითაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის მეთაურმა აქინჯიმ.

თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად მოულოდნელად ესქიშეჰირში არც საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. მარგველაშვილმა ბოლო წუთს, „დატვირთული გრაფიკის“ მიზეზით თურქეთში გაფრენა გადაიფიქრა და მილსადენის გახსნაზე მხოლოდ ელჩი კოპლატაძე მივიდა. მანამდე, 29 მაისს, TANAP-ის გახსნაზე ბაქოში, საქართველო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დონეზე იყო წარმოდგენილი.

ანალიტიკოს ლიანა ჯერვალიძეს ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება და ხომ არ იყო უფრო დიდი მოლოდინი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მიმართ?

დასანანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ TANAP-ის გახსნაში მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, კარგი იქნებოდა ასეთ ღონისძიებაზე ხელისუფლების უმაღლესი პირებით ვყოფილიყავით წარმოდგენილი“

„მოლოდინები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართაც დიდი გვქონდა, მაგრამ ისიც 50-60%-ის ზევით არ დატვირთულა. გაზის ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა უფრო მეტი მოლოდინები გვქონდა და გვაქვს.

ამ ფონზეც ძალიან დასანანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ TANAP-ის გახსნაში მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენთვის, როგორც ნეიტრალური სატრანზიტო ქვეყნისთვის, რომელიც დაინტერესებულია როგორც აზერბაიჯანული აირის ტრანზიტის ზრდით, ისე თურქმენული გაზით, კარგი იქნებოდა ასეთ ღონისძიებაზე ხელისუფლების უმაღლესი პირებით ვყოფილიყავით წარმოდგენილი.“

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, საქართველოს 2018 წლის ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წელს, ჩვენს ქვეყანაში გაზის მოხმარება 9%-ით იზრდება და უკვე 2,659 მლრ კ/მ აირი დაგვჭირდება, შარშან ეს მაჩვენებელი - 2,439 მლრ კ/მ იყო.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გატარებული აზერბაიჯანული საექსპორტო აირის სანაცვლოდ წლიურად - 813 მლნ კ/მ გაზი რჩება, რაც ჩვენი წლიური მოხმარების, დაახლოებით მესამედია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG