ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილია მეორე: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“


NB8-ს დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, 84 წლის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, თბილისში, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ოკუპაცია დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს და რუსეთმა უნდა გაანთავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები.“

”გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ეს ტერიტორია იყოს წართმეული“ - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

ესტონეთის პარლამენტის სპიკერი ეიკი ნესტორი საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში
ესტონეთის პარლამენტის სპიკერი ეიკი ნესტორი საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში

ილია მეორესთან შეხვედრამდე, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, ჯერ გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის (EUMM) მისიის ოფისი მოინახულა, შემდეგ კი 12 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ხურვალეთში რუსული ოკუპაციის შედეგი საკუთარი თვალით იხილა.

ილიამ მეორემ მადლობა გადაუხადა სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს საოკუპაციო ხაზის მონახულების გამო.

20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა დაპყრობილია რუსეთის მიერ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები“.
ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

„20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა დაპყრობილია რუსეთის მიერ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს.

მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები.“

ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) - ეს არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისპირეთის სამ (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) და ხუთ ნორდიკულ (ისლანდია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია) სახელმწიფოს შორის. ეს ფორმატი 1992 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ოკუპაციისგან საბოლოოდ გათავისუფლდნენ.

2003 წლიდან ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორმატი გაფართოვდა. რეგიონური პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, მან მოიცვა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და უსაფრთხოების თემატიკაც. მათ შორის, აშშ, მოლდოვა, უკრაინა, და სამხეთ კავკასია.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანი თბილისში
ნორდიკულ-ბალტიური რვიანი თბილისში

საქართველოს პრობლემატიკის გაცნობის მიზნით, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორუმი 2017 წელს სპეციალურად თბილისში შეიკრიბა. ორდღიანი ვიზიტის დროს, NB რვიანის ხუთ სახელმწიფოს (ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) პარლამენტის თავმჯდომარეები წარმოადგენდნენ, ორს (ფინეთი, ისლანდია) - ვიცე-სპიკერები, ხოლო ერთს (შვედეთი) - ელჩი.

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატმა ეიკი ნესტორმა ხურვალეთში რუსული მავრთულხლართების მონახულების შემდეგ აღნიშნა, მათ გაუმართლათ, რომ NATO-ს წევრები არიან.

ჩვენ გაგვიმართლა რომ ვართ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები, რაც გვაძლევს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. შესაძლოა, ჩვენი ნაბიჯები და გამოცდილება დაგეხმაროთ თქვენც წარმატებისა და მიზნის მიღწევაში“
ეიკი ნესტორი, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩვენ ახლა, აქ ხურვალეთში, გეუბნებით რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ გვესმის თქვენი. ჩვენ გაგვიმართლა რომ ვართ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები, რაც გვაძლევს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. შესაძლოა, ჩვენი ნაბიჯები და გამოცდილება დაგეხმაროთ თქვენც წარმატებისა და მიზნების მიღწევაში. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.“

ევროპული და ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი გამოცდილების გაზიარების, ასევე, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის უკეთ გაცნობის მიზნით ნორდიკულ-ბალტიური რვიანის დელეგაცია, ბოლო ორი დღის მანძილზე, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორს.

XS
SM
MD
LG