ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკას წარწერა სკოლაში: „ამ ცხოვრების დედაც“


წარწერა, რომელიც 15 წლის ლუკამ "მწვანე სკოლაში" დატოვა
წარწერა, რომელიც 15 წლის ლუკამ "მწვანე სკოლაში" დატოვა

15 წლის თბილისელი მოსწავლე ლუკა ს. იაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უმძიმესია, მრავლობითი მოტეხილობები და თავის ქალის მძიმე ტრავმა. ლუკა ოთხშაბათს, 9 სართულიდან გადახტა, მეოთხე დღეა მართვით სუნთქვაზეა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე, სამშაბათს და ოთხშაბათს არასრულწლოვანი შსს-ს დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს დიღმის მასივის პირველ განყოფილებაში პოლიციელებმა გამოჰკითხეს, თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი „დანაშაულის“ გამო.

რა იყო ლუკას „დანაშაული“? სკოლის და პოლიციის ვერსიით, იგი ღამით, მაშინ, როცა სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა, ღობეზე გადაძვრა, „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გადავიდა და სკოლის და ადმინისტრაციის შენობების კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა, მათ შორის, „ამ ცხოვრების დედაც“, „აბა დამიჭირე“, Fack (Fuck-ის ნაცვლად), "სვაბოდა ბიჭებს", "Destroy Pussy Not the World", "Police Suck My Dick" და "Fack the Law".

რას აპროტესტებდა ლუკა? შესაძლოა, იმას, რომ ოჯახმა სწავლის გადასახადის გადახდა ვერ შეძლო და „მწვანე სკოლიდან“ სხვა სკოლაში გადავიდა ან სულაც სხვა რამეს, ლუკამ საბოლოოდ დანაშაული არ აღიარა, თუმცა ერთი შეხედვით, უწყინარი „გრაფიტი“, საბოლოოდ უმძიმესი შედეგით დასრულდა. დღეს 15 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის. ის, თუ რა გადახდა ლუკას პოლიციის განყოფილებაში მისი ძმა ბექა გვიყვება:

პოლიციელებმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, ცუდად გამხდარა და სასწრაფოც არ გამოიძახეს.სამხედრო აკადემიიდან გამოვადებინებთ შენს ძმასო ასე უთქვამთ. რაღაც დროით დაიმარტოხელეს და განყოფილებიდან ატირებული გამოსულა"
ბექა, ლუკას ძმა


„დედაჩემისგან ვიცი, რომ პოლიციელებმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, ცუდად გამხდარა და სასწრაფოც არ გამოიძახეს. თავიდან ჩვენება მისცა და თქვა, რომ სკოლის კედლებზე წარწერები მე გავაკეთეო, მეორე დღეს ეს ჩვენება გადათქვა. ემუქრებოდნენ, მათ შორის იმით, რომ პრობლემებს მეც შემიქმნიდნენ, სამხედრო აკადემიიდან გამოვაგდებინებთ შენს ძმასო ასე უთქვამთ. რაღაც დროით დაიმარტოხელეს და განყოფილებიდან ატირებული გამოსულა“ - ამბობს ბექა.

“მწვანე სკოლაში“ აცხადებენ, რომ პოლიცია დაცვის კერძო სამსახურმა გამოიძახა, მას შემდეგ რაც დილით, სკოლის დაზიანებული კედლები და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა მოხდა დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს დიღმის პირველ განყოფილებაში? ნამდვილად იძალადეს თუ არა პოლიციელებმა 15 წლის მოსწავლეზე, რამაც მოზარდს უმძიმესი გადაწყვეტილება მიაღებინა.

ნიშანდობლივია, რომ თავიდან ლუკას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ძიებას იგივე განყოფილება აწარმოებდა, რომელიც სკოლის კერძო საკუთრების „განზრახ დაზიანებას“ იძიებდა.

მას შემდეგ, რაც 15 წლის ლუკას საქმე მედიით გახმაურდა, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეების გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG