ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც გაზრდის პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭირო ინვესტიციების მოძიებას ვერ ახერხებს, ახლად შექმნილი ამერიკული საინვესტიციო ფონდი “გაზელ ფაინანსი” დაეხმარება.

ფონდის საწყისი კაპიტალი 28 მილიონი დოლარია, საიდანაც 25 მილიონი საქართველოში, დანარჩენი კი სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესებში ჩაიდება.

საქართველო რეგიონის ბროლია. ქვეყანამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო დაეხვეწა, არ არის რთული ბიუროკრატიული და საგადასახადო შეზღუდვები.
სტეფანი კომსა

„გაზელი ეკონომიკური ტერმინია და ისეთ კომპანიას ნიშნავს, რომელიც წელიწადში 20 პროცენტით იზრდება, კარგი ტრაექტორია აქვს და ახალი შექმნილია,“ განაცხადა ჯერფ ლიბერტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, „განვითარებად და ასევე განვითარებულ ბაზრებში, ასეთ ბიზნესებს საინვესტიციო კაპიტალზე ხელი ადვილად არ მიუწვდება.“

„გაზელ ფაინანსი“ ბიზნესებს კაპიტალზე წვდომას გაუადვილებს. ფონდი საშუალოდ 5 წლიან სესხებს გასცემს და მისი ფინანსური ინსტრუმენტები და სესხის პირობები კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო შეღავათიანი იქნება. ბიზნესებში ინვესტიციების ოდენობა კი 100 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე იმერყევებს.

საინვესტიციო ფონდის ოპერაციების მმართველი ოფიცერი სტეფანი კომსას თქმით, საშუალო და მცირე ბიზნესს ბანკის სესხებზე წვდომა აქვს, „მაგრამ როცა კომპანიას გაზრდა უნდა, სად უნდა წავიდეს? ვინ ჩადებს მათში სარისკო კაპიტალს? ჩვენ ვნახეთ, რომ რეგიონში ეს ნიშა ასათვისებელია.“

„ბანკები სესხის უზრუნველყოფის მიზნით ხშირად ითხოვენ სამკაოდ მაღალ გარანტიებს, ბიზნესის ღირებულების 100, ზოგჯერ 200 პროცენტს. ჩვენ მათგან განსხვავებით უფრო მეტ რისკზე შეგვიძლია წასვლა და ბიზნესთან რისკის გაზიარების მექანიზმი გვაქვს,“ განაცხადა კომსამ.

ვფიქრობ ეს ნაბიჯი სხვა ინვესტორებს დაანახებს, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო ფონია, რომ ქვეყნაში კარგი მარეგულირებელი გარემოა და ბიზნესის კეთება ადვილია.
ჯეფ ლიბერტი

ფონდის საწყისი კაპიტალის მოზიდვაში საქართველოც მონაწილეობდა.

ამერიკაში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლიას თქმით, „ამ ფონდის დაარსებაში და საქართველოში შემოსვლაში ძალიან დიდი როლი ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს და ზოგადად საქართველოს მთავრობას. ჩვენ პირველივე დღიდან მხარს ვუჭერდით ამ ინიციატივას. საერთო ჯამში საპარტნიორო ფონდი ასევე გახდა აქციონერი ამ ინსტიტუტის.“

„გაზელ ფაინანსმა“ საქართველო რეგიონულ ცენტრად შეარჩია. ფონდი ამბობს, რომ ეს საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყნის სანდოობასაც გაზრდის.

„ვფიქრობ ეს ნაბიჯი სხვა ინვესტორებს დაანახებს, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო ფონია, რომ ქვეყნაში კარგი მარეგულირებელი გარემოა და ბიზნესის კეთება ადვილია,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ლიბერტმა.

ფონდს საქართველოში რეგიონულ ცენტრად შერჩევაში ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო დაეხმარა.

„საქართველო რეგიონის ალმასია,“ თქვა კომსამ. „ქვეყანამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო დაეხვეწა. მე საქართველოში წარსულშიც მიმუშავია და ვიცი, რომ იქ კომპანიის შექმნა და ბიზნესის კეთება ნამდვილად ადვილია. არ არის რთული ბიუროკრატიული და საგადასახადო შეზღუდვები. ეს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საქართველოში საშუალებას მოგვცემს კონცენტრაცია ბიზნესის გაზრდაზე გავაკეთოთ.“

„გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ფონდმა“ დიდი როლი ითამაშა საწყის ეტაპზე ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციის შესრულებით.

ევრაზიის ფონდის პრეზიდენტი ჰორტონ ბიბი სენტერი ამბობს, რომ პროექტში „ევრაზიის ფონდმა“ საკუთარი ინვესტიცია ჩადო იმისთვის, რომ შეექმნა ფონდის მმართველი ორგანიზაცია, რომელიც საინვესტიციო კაპიტალს მოიპოვებდა. „მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოსა და სომხეთის მიმართ ევრაზიის ფონდის გრძელვადიანი თანადგომის დასტურია, რადგან „გაზელ ფაინანსი“ წლების მანძილზე გააგრძელებს საქმიანობას.“

„გაზელ ფაინანსის“ პარტნიორები ამერიკის მთავრობის საზღვარგარეთ ინვესტიციების კორპორაცია (ოპიკი), საქართველოს საპარტნიორო ფონდი და ორი ჰოლანდიური ფინანსური ინსტიტუტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG