ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა – ეს ის ტერმინებია, რასაც ყოველდღიურად, გაზრდილი სიხშირით მოისმენთ სხვადასხვა მედია საშუალებიდან და რომელთა შესახებ წაიკითხავთ თითქმის ყველა მეორე პოსტს სოციალურ ქსელებში.

ქართულ საზოგადოებაში ეს ტერმინები შეშფოთებისა და მომავლისადმი შიშის გამომხატველად ჟღერს და ცნობიერად თუ არაცნობიერად აცოცხლებს და ახმიანებს იმ სტრესს, რაც ქვეყანამ 90–იან წლებში გადაიტანა. ერთის მხრივაა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც გეო-პოლიტიკურ ცვლილებებს განაპირობებს, ასეთია თუნდაც სირიის კრიზისი, ბრექსითი, რუსეთ–თურქეთის ურთიერთობა და არჩევნები აშშ–ში, რაც სრულიად ბუნებრივად ასახვას ჰპოვებს საქართველოზე. მეორე მრივაა პოლიტიკა ქვეყნის შიგნით: თავისი არჩევნებით, მეტ–ნაკლებად გადაწყობილი და სახე-ცვლილი პოლიტიკური წესრიგითა და დღის წესრიგით და ამ პროცესების ერთგვარი სარკე: საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, რომლის ყოველდღიური დაპატარავების ამბავსაც საქართველოს ყველა მოქალაქე განიცდის.

თანამედროვე, ცვალებად და გლობალიზაციის ეპოქაში ლარი რომ უცვლელი არ დარჩებოდა, გასაგებია, თუმცა ობიექტურის გარდა, რა სუბიექტური და აქედან გამომდინარე, გამოსწორებას დაქვემდებარებული ფაქტორები ახდენს მასზე უარყოფით გავლენას? ამის შესახებ "ამერიკის ხმის" მსმენელისა და მკითხველისთვის მოსაზრებების გამოთქმა ეკონომისტს, პროფესორ ლადო პაპავას ვთხოვეთ:

„ის რაც მოხდა და ხდება ამ დღეებში, ეს პანიკური ვითარება კურსის ზრდასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ შექმნილია არაკომპეტენტური და შეუთანხმებელი განცხადებით, რომელიც გააკეთა მთავრობამ იპოთეკური სესხების მხარდაჭერის შესახებ, ასევე ზოგიერთი აქციზური გადასახადის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია პანიკა. აშკარაა, რომ ეს პანიკა არ იქნებოდა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს რომ ჰქონოდათ სათანადო კონსულტაციები ბანკებთან, შესაბამისი ბიზნეს–სფეროების წარმომადგენლებთან. აეხსნა და მათთან ერთობლივად შეემუშავებინა მოქმედების სქემა. ხოლო რადგან ასე არ მოხდა, ამან გამოიწვია ის, რომ ლარი მყისიერად, ნახტომისებურად გაუფასურდა.“

კითხვაზე შეიძლება ჩავთვალოთ თუ არა, რომ ეს ბანკების შურისძიებაა რადგან მთავრობამ მათი ინტერესი არ გაითვალისწინა და მათთან კონსულტაციების გარეშე განაცხადა იპოთეკური სესხების შეღავათიან რეჟიმში გადასვლის შესახებ, ლადო პაპავა გვპასუხობს:

„არ არის არანაირი შურისძიება. ნუ დავადანაშაულებთ ბანკს. ბანკი მოქმედებს თავისი ბიზნესის გადასარჩენად. აბა მთავრობა რომ ეუბნება, რომ დოლარში გაცემული სესხი ახლა ლარში უნდა გადაიყვანო და კომპენსაციას ლარში მოგცემო, იმ ბანკს, ხომ ვალდებულებები საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დოლარში აქვს აღებული? ან იმ ხალხთან, ვინც დოლარში გახსნა ანაბრები და დოლარში აქვს ანგარიშები, მათთანაც ხომ დოლარში აქვს აღებული ვალდებულებები? მთავრობა რომ დამატებით ლარს მისცემს, იმ ლარით ხომ მაინც დოლარი ექნება საყიდელი?," ამბობს პაპავა.

მისი აზრით, ბანკებმა წინასწარ დაიზღვიეს თავი. "ეს არაა შურისძიება. ეს არის გაუთვალისწინებელი, დაუფიქრებელი მოქმედების შედეგი, რადგანაც მთავრობამ გაახმოვანა ნედლი პროდუქტი, რომელიც ბანკებთან არ იყო შეთანხმებული. იგივე ეხება ნავთობის ბიზნესს. რადგანაც ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი სექტორია და ეს ინიციატივაც არ იყო შეთანხმებული. ლარი ასახავს იმ ობიექტურ ტენდენციას, რაც არის მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოში და ქვეყნის შიგნით. ეს პანიკური ნახტომი განპირობებული იყო განცხადებებით, რომელიც არ ყოფილა შეთანხმებული შესაბამის ბიზნეს–სექტორთან.“

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გადასახადების შემოღება რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. ლადო პაპავა ამ ნორმას დაბრკოლებად მიიჩნევს.

"რა აზრი აქვს რეფერენდუმის ჩატარებას იმაზე, რაზეც ცნობილია, რომ შედეგი იქნება უარყოფითი. ამიტომ ჯერ კონსტიტუციაში უნდა შეეტანათ ცვლილება, რომ ხელ–ფეხი გახსნოდა მთავრობას. ორი სასწრაფო ცვლილებაა საჭირო: ერთი პარლამენტის თბილისში გადმოტანა, რომ ეს უაზრო, ორი შენობის შესანახი და ორ შენობაში სამუშაო პროცესის განხორციელების ხარჯი განახევრდეს და მეორე: საგადასახადო ცვლილებისთვის რეფერენდუმის გამოყენების აუცილებლობა მოიხსნას. მერე აღმოჩნდება, რომ შეიძლება უფრო მოქნილი მოქმედება და არა მარტო აქციზების გაზრდა.“

საქართველოს მთავრობაში ასევე გაკეთდა განცხადება ნავთობ-პროდუქტების შესაძლო გაძვირების შესახებ, რასაც როგორც წესი, დომინოს ეფექტი აქვს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ მოხმარებული პროდუქციის თითქმის სამი მეოთხედია იმპორტირებულია. ლადო პაპავა ამის შესახებ ამბობს:

„საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა დაიწყო მატება. ეს ისედაც აისახება საქართველოში ნავთობ–პროდუქტების ფასებზე და მეორეს მხრივ, როდესაც ზრდი აქციზურ გადასახადს, რა თქმა უნდა, ესეც აისახება ფასებზე. ამიტომ აქ აუცილებელი იყო ნავთობ–პროდუქტების იმპორტიორებთნ კონსულტაცია. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი სერიოზული მაგრამ: რამ გამოიწვია ეს ცვლილებები აქციზური გადასახადის ზრდაში? ეს გამოწვეულია იმით, რომ მთავრობა აკეთებს შეღავათს (თუმცა ამ შეღავათსაც პირობითად ჰქვია შეღავათი) მოგების გადასახადზე, რომ რეინვესტირებული მოგება არ დაიბეგროს. მაგრამ ასეთი რეინვესტირებული მოგება საქართველოს ეკონომიკას ფეხზე ვერ დააყენებს. რადგან ის დარგები, რამაც საქართველოს ეკონომიკა ფეხზე უნდა დააყენოს: მრეწველობა, ახალ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დარგები, ინოვაციური ეკონომიკა, საქართველოში, პრაქტიკულად არ არსებობს."

მისივე თქმით, ის შეღავათები, რომლებიც მოგების გადასახიდან ამოქმედდება 2017 წელს, ხელს შეუწყობს ბანკების, დასაზღვევო კომპანიების, სასტუმროების, სათამაშო ბიზნესის, რესტორნების გაფართოებას, "რაც ისედაც მოხდებოდა, ყოველგვარი შეღავათების გარეშე. ამ შეღავათმა კი გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში კომპენსაციაა საჭირო და აქციზები გაზარდეს.“

მორიგი, საქართველოსთვის უაღრესად მტკივნეული და აქტუალური საკითხი ავტომობილებს ეხება. მთავრობამ ამ დრომდე მხოლოდ მცდელობა აჩვენა, რაც ვითარების გაჯანსაღებისკენ იყო მიმართული. რეალური ნაბიჯები კი არ გადადგმულა. ლადო პაპავა ამის შესახებ ამბობს:

„მანქანების იმპორტის დაბრგვის საკითხშიც მთავრობა არათანმიმდევრულია. თბილისი და მთლიანად, მთელი საქართველო მართლაც, გადავსებულია ავტომობილების მოძველებული პარკით და მარჯვენასაჭიანი, საფრთხის მატარებელი ავტომობილებით. იყო განცხადება, ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში, რომ უნდა აეკრძალათ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოტანა. სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ მიიტანეს. გაივსო თბილისი პრობლემური ავტომანქანებით. ახლა მათზე გადასახის მომატება, მე მგონი, დაგვიანებულია. სჯობს, უფრო მნიშვნელოვანი აკრძალვა შემოიღონ ასეთი ავტომობილების შემოტანაზე და შემდგომ იფიქრონ გადასახადის განაკვეთის ზრდაზე, რომელიც უზრუნველყოფს თბილისში მოქმედი საავტომობილო პარკის გაახალგაზრდავებას. პარალელურად, მოსახლეობას პრობლემები რომ არ შეექმნას, უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც დღეს არადამაკმაყოფილებლად მუშაობს.“

ზუსტად ერთ თვეში ახალი წელია. უკანასკნელ ერთ კვირაში ლარი 20 თეთრით გაუფასურდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG