ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა პარლამენტის წინაშე. მისი სიტყვა დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე გაგრძელდა და ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ თემებს შეეხო, როგორიცაა კონსტიტუცია, სოციალური მდგომარეობა და სიღარიბე, სამუშაო ადგილები და დასაქმების პოლიტიკა, ეკონომიკა და ახალი ინიციატივები ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროინტეგრაცია, ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობა, იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უშიშროების საბჭო და მის წინაშე არსებული გამოწვევები, შავი ზღვის როლის გაზრდა საერთო უსაფრთხოებაში, სასამართლო სისტემა და კრიზისული ვითარება მის ირგვლივ, მედია, პოლიტიკური პარტიები და განათლების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობა: „თანამშრომლობისა და პარტნიორობის, აქტიური პოლიტიკის წარმატების მაგალითია არაღიარების პოლიტიკა. ამ წარმატების საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან აქტიური ჩართულობით უნდა შევქმნათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადავდგათ შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ“.

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში დაესწრო პრემიერი და მინისტრები. გამოსვლის შემდგომ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მარგველაშვილის გამოსვლა შემდეგნაირად შეაფასა: „ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებების მხრივ, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორების აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი. მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“.

პრეზიდენტის სიტყვის შემდგომ პარლამენტში გამოსვლები 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამომსვლელების ტექსტები მრავალფეროვანი მიდგომებით გამოირჩეოდა. მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების’ თავმჯდომარე, გიგა ბუკიამ გამოსვლისას პრეზიდენტს გულწრფელობისა და სამართლიანობის ხარისხი დაუწუნა, მეტი ნეიტრალობა მოსთხოვა და სასამართლოს მიმართ დაპირისპირებაში დაადანაშაულა: „ხშირ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს საკითხებზე, არ არის ნეიტრალური, არ არის სამართლიანი, არ არის არბიტრის როლში, როგორც ჩემმა კოლეგებმა ბრძანეს, არ არის მიუკერძოებელი. მან გადაუხვია იმ ბალანსიდან, რომელის დაცვაც მას ევალება, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვინაიდან, როგორც ჩანს, უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გძნობს თავს, როდესაც ხელისუფალი ხელისუფლებასთან არის ოპოზიციაში. არა მხოლოდ დღევანდელი გამოსვლიდან ვაფასებ მას ასე. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი ოპოზიციაშია პარლამენტში უმრავლესობასთან, ოპოზიციაშია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და დღეს ძალიან საგანგაშო იყო, რომ საკონსტიტუციო ინსტიტუტს, სასამართლოს დაუპირისპირდა.ის განცხადება, რომ სასამართლოშია კრიზისი, უნისონშია ნაციონალური მოძრაობისგან გამოთქმულ მოსაზრებებთან, რომ ჩამოიშალა სასამართლო, ეს არის პირდაპირ ძალიან საგანგაშო და სახიფათო განცხადება ხელისუფლების სიმყარის მიმართ.“

ლევან გოგიჩაიშვილი ფრაქცია ქართული ოცნებიდან ამბობს, რომ 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტებს შავი დღე გაუთენა, რომელიც არასდროს დასრულდება: „მათ (ოპოზიციის – ნ.დ.) გამოსვლაში ძირითადი საკითხი ეხებოდა ერთ ადამიანს. ამ ადამიანის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა თქვენ პირველ ოქტომბერს გაგითენათ შავი დღე, რომელიც არ მთავრდება და არ დასრულდება არასდროს ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ამ ქვეყანაში შექმნა მომავალი, გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ასეც იქნება სულ.“

გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მმართველი გუნდი შინაარსისგანაა დაცლილი: „უკვე მეხუთე წელია აქ იცვლება სახეები, ვიღაცეები ძველები რჩებიან, მაგრამ ტექსტი ერთი და იგივე გვესმის ამ ტრიბუნიდან: საკუთარი თავის ქება, წასული ხელისუფლების ლანძღვა და მეტი არაფერი, ნულოვანი შინაარსი. არც რწმენა გაერთიანებთ ერთმანეთის, არც მომავლის ხედვა, არაფერი არ გაერთიანებთ საერთოდ, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა. როგორ უნდა შევაჯამოთ თქვენი ხუთწლიანი მმართველობა? აქ უკვე ბევრჯერ ითქვა, მაგრამ მოკლედ ასეა: გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი სამთავრობო ვალები, რაც დაუტოვეთ შემდეგ თაობებს, გაზრდილი კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, გაზრდილი რუსეთის გავლენა ჩვენი ქვეყნის შიგნით, შემცირებული შემოსავალი ბევრი ოჯახისთვის, რეალურად, მსყიდველობითი უნარიანობით შემცირებული პენსისია, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, შემცირებული რწმენა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა მომავლისადმი – ესაა უმძიმესი განაჩენი, რომელიც თქვენ გამოუტანეთ ჩვენს ქვეყანას. როდესაც პირად საუბრებში აღიარებთ ხოლმე, რომ გვაქვს მძიმე მდგომარეობა, მეორე დღეს, როდესაც გთავაზობთ რაღაც ხედვას, კონკრეტულ ეკონომუკურ ხედვას, განხილვაც კი არ გინდათ. ახლა აქ რომ გამოხვალთ რიხიანი სიტყვით, ერთ–ერთმა მაინც გვითხარით, რამდენი მილიონით გემეტებათ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. ციფრი, რიცხვი გვითხარით.“

გამოსვლები პარლამენტში ახლაც გრძელდება. ის ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG