ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით გარეჯთან სამხედრო პოლიგონი ისევ ამოქმედდა?


თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების  საწვრთნელი ბაზა დავით გარეჯთან
თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების  საწვრთნელი ბაზა დავით გარეჯთან

თავდაცვის სამინისტრომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე ალგეთის სამხედრო პოლიგონი აღადგინა. ამის შესახებ საზოგადოებისთის სტუდია GNS-ის გადაცემა „კვირის რეპორტაჟიდან“ გახდა ცნობილი.

სტუდიის გადამღებმა ჯგუფმა ორი მძლავრი აფეთქების ხმა დოდოს რქის მონასტერში დააფიქსირა. ჟურნალისტებმა უკანა გზაზე სამხედრო სასწავლო ცენტრის კადრებიც გადაიღეს.

თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად კატეგორიულად უარყო ალგეთის პოლიგონის ამოქმედების ფაქტი, მოგვიანებით კი აღიარა რომ პოლიგონზე რეზერვისტების წვრთნა ნამდვილად მიმდინარეობს, ოღონდ მსხვილკალიბრიანი იარაღის გარეშე.

ალგეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნა უზენაესი სასამართლოს 1998 წლის დადგენილებით არის აკრძალული. გია ბადაგაძე, ყოფილი მოსამართლე, რომელმაც 12 წლის უკან ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ამბობს

„ეს პოლიგონი გაუქმებული იყო მინისტრთა კაბინეტის მიერ და იმ გადაწყვეტილებაში ყველაფერია აღწერილი. ჩვენ ასე გავაკეთეთ, რახან ქი შევიდა თავდაცვის სამინისტრო, გადაწყვეტილებაში ჩავუწერეთ პირდაპირ - დაევალოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის 1991 წლის 24 აპრილის #314 დადგენილების შესრულება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია არ იქნას მის მიერ გამოყენებული სამხედრო-საწვრთნელ პოლიგონად.

ჯერ ერთი თავდაცვის სამინისტროსთვის სავალდებულო იყო მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, ვთქვათ, არ შეასრულა და თავდაცვის მინისტრს შეიძლება საყვედური მისცე მაგაზე, მაგრამ ჩვენ უკვე სასამართლოს ძალით ვუთხარით რომ ეს შეასრულე! სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კი ყველასთვის სავალდებულოა.“

გარეჯის სიახლოვეს მდებარე ალგეთის პოლიგონზე პირველად წვრთნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობამ 1991 წელს სპეციალური დადგენილებით აკრძალა.

პირველმა ეს დადგენილება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ დაარღვია.1995 წლიდან პოლიგონზე ქართულ-რუსული რამდენიმე ფართომაშტაბიანი სამხედრო წვრთნა გაიმართა, რომელსაც ნადიბაიძესთან ერთად, რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ვიქტორ სამსონოვი ხელმძღვანელობდა.

წვრთნას ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სარჩელი მოჰყვა, რომელიც 1998 წელს საბოლოოდ დაკმაყოფილდა და ალგეთის სამხედრო პოლიგონი გაუქმდა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მეცნიერული ანალიზი, რომ „დავით გარეჯის კომპლექსისთვის საზიანოა რეგიონში წარმოებული თუნდაც მცირე აფეთქებები, რომელთა დამაზიანებელი გავლენა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე იგივე ინტენსივობის მიწისძვრის ბიძგები“.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ახალი პოლიგონების მოსაწყობად ორი ადგილი შეარჩია.ეროვნული გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსი ლევან ასათიანი, რომელმაც თანამდებობა 2010 წლის დეკემბერში დატოვა ამბობს

„მართლა ვიწვალეთ, ამ ახალი ტერიტორიების მოძებნაზე, მაგრამ რატომ არ გამოიყეს არ ვიცი. სხვათაშორის, ის ადგილები, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, არა მხოლოდ ეროვნული გვარდიის წვრთნისთვის იყო ხელსაყრელი. მანდ ნებისმიერი სახმელეთო ქვედანაყოფის დონის სწავლების ჩატარება შეიძლებოდა.

უბრალოდ ცოტა უფრო მეტი ჭკუა უნდოდა მაგას, მეტი დაგეგმარება და მოტივაცია. ნებისმიერი სწავლება, რომლებიც არ დასრულდება საბრძოლო სროლებით, ის წვრთნა არის ფუჭი, ტყუილად ჩატარებული, ეს არის ჰაერში გასროლილი საბიუჯეტო სახსრები.

სწავლება საბრძოლო სროლებამდე ტარდება ფუჭი ვაზნებით, მაგრამ ესეც დაუშვებელია. მე, როგორც სამხედრო და ასევე როგორც არქიტექტორი ვმსჯელობ, ვიცი რა არის ტაძრები, ვიცი რა არის დავით გარეჯი და როგორი სიფრთხილე სჭირდება მაგ კომპლექსს. უბრალოდ სროლაზე კი არა, მანდ საერთოდ ფრთხილად უნდა იარო, მძიმე მანქანითაც კი არ უნდა იარო.“

უცნაურია, მაგრამ 2009 წელს დავით–გარეჯი ვერ მოხვდა იმ ქართულ ძეგლთა ნუსხაში, რომელიც საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო ნუსხაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეიტანა.

ეს გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა ალგეთის პოლიგონის აღდგენას. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, კულტურის სამინისტროს მესვეურებმა ხმამაღლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ დავით გარეჯი სწრაფი ტემპით ინგრევა.

2010 წლის ოქტომბერში მონასტერში მთლიანად ჩამოინგრა ტრაპეზის ნაწილი და გაღრმავდა უნიკალური ფრესკების დაზიანება. პოლიგონიდან იოანე ნათლისმცემლის მონასტერი 5 კილომეტრშია, გარეჯის კომპლექსი კი 15 კილომეტრში. დავით გარეჯის ირგვლილ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდის გამო კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ მალე კომპლექსის ლაზერული სკანირება მოხდება

„პატარა მიწისძრების შემთხვევაშიც კი ზიანდება ხოლმე სერიოზულად ისტორიული ძეგლები და სწორედ ამ ზიანის გამოსარიცხავად არის ციფრული აზომვა გამოგონილი. ასეთი რამე გაკეთდება ყველა ძეგლზე, რომელიც დაცული ძეგლია ჩვენთან. და, შემდეგ ეს მოხდება ელექტრონულ ბაზაში, რომელსაც „საიარკის“ ელექტრობული ბანკი ჰქვია.“

დავით გარეჯის კომპლექსი მეექვსე საუკუნეში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - დავითმა დაარსა. უნიკალური კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი იყო.

გასული საუკუნის 40-იან წლებში, კომპლექსის სიახლოვეს საბჭოთა არმიის პოლიგონი გაიხსნა, რომელმაც მონასტერს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა.

1988 წელს, ქართველ სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გარეჯის პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რომელიც მალე ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა.

დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ისევ აპირებს სასამართლოს წესით გაასაჩივროს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას უკანონო გადაწყვეტილების ალგეთის პოლიგონის აღდგენასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG