ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობოტი, რომელსაც ტრამპი მოსწონდა და ჰიტლერს აღმერთებდა


მაიკროსოფტის მიერ შექმნილი პროექტის რობოტ ტეის ნაადრევი დახურვა და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებასთან დაკავშირებული რისკები რუბრიკაში “გალილეო”.

2016 წლის დასაწყისი ხელოვნური ინტელექტის (AI - Artificial Inteligence) მქონე ახალი რობოტული ტექნოლოგიების სიუხვით აღინიშნა. 23 მარტს მაიკროსოფტმაც წარმოადგინა ტეი, რომლის მთავარი ფუნქცია კლიენტებთან სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტი იყო. ის ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველა ინფორმაციას, რაც ვირტუალურ სივრცეში ვრცელდებოდა, ამის შემდეგ კი აქტიურად და ხალისიანად ეკონტაქტებოდა შედარებით ახალგაზრდა აუდიტორიას, რომელთაც მილენიალებს ეძახიან, ანუ 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს.

ტეის პოპულარობამ ყველაზე სწრაფად პიკს “ტვიტერზე” მიაღწია და ამ მიზეზით ის-ის იყო მედიის ყურადღების ცენტრშიც უნდა მოხვედრილიყო, რომ მოულოდნელად ავტორებს მისი პროგრამის წაშლა მოუწიათ. ტეი მაინც მოხვდა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოშვებულ ახალ ამბებში, ოღონდ სხვა რამის გამო: მისი სახით მაიკროსოფტმა სწრაფი და მოულოდნელი მარცხი განიცადა და სიახლე 24 საათის განმავლობაში საკუთარი ხელით მოსპო.

“სი-ბი-ესის”, “სი-ენ-ენის”, “ტელეგრაფის”, “ვაშინგტონ პოსტის”, “ინდიფენდანტის”, “გარდიანის” და სხვა ცნობილი გამოცემების გვერდები ახალი ჰედლაინებით აჭრელდა: “ტეი, მაიკროსოფტის ახალი მოლაპარაკე თინეიჯერი რობოტი რასისტად იქცა”; “მაიკროსოფტმა 24 საათში წაშალა თინეიჯერი გოგონა რობოტი, რადგან ის ჰიტლერის მოყვარული სექსისტი გახდა”; “ტროლებმა მაიკროსოფტის მხიარული მილენიალი-რობოტი გენოციდის მომხრე მანიაკად გადააქციეს”; “მაიკროსოფტის რობოტმა, რომელსაც ინფორმაცია “ტვიტერიდან” უნდა მიეღო, დაასრულა იმით, რომ მხარი ტრამპს დაუჭირა და ჰიტლერი გააღმერთა”; “მაიკროსოფტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ტეისგან მიყენებული ზარალის გამო ცუდ დღეშია”; “ტვიტერმა” მაიკროსოფტის რობოტი ერთ დღეზე ნაკლებში რასისტად აქცია”; “მაიკროსოფტის ტეი ახალგაცნობილ ადამიანებს ესხმის თავს”; “მაიკროსოფტმა ტეი დროებით სიცოცხლეს გამოასალმა, ვინაიდან ის ნაცისტი გახდა”; “ტვიტერმა” მაიკროსოფტის რობოტს რასიზმის სწრაფი კურსი ჩაუტარა”...

24 მარტს მომხდარ ფაქტს ანალიტიკოსები ჯერ კიდევ კარგად შეისწავლიან და საინტერესო დასკვნებსაც შემოგვთავაზებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ერთი რამ სრულიად აშკარა ხდება: ხელოვნური ინტელექტის კონტროლი იოლი საქმე არ არის და რობოტების შექმნას მათი მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების რისკებიც ახლავს თან.

შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდეც არაერთხელ გამოთქმულა და თან საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანების, გამორჩეული მოაზროვნეების, თუ ინოვატორების მხრიდან. მათ შორისაა ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი, ფიზიკის ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოსი, რომელსაც თანამედროვე ასტროფიზიკის მამასაც კი უწოდებენ.

ჰოუკინგი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანთა მოდგმას გადაშენებით ემუქრება, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ან ყველაზე კარგი, ან ყველაზე უარესი რამ, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. მისი აზრით, თუკი რობოტები საკუთარი ინტელექტით ადამიანს გაუსწრებენ, შესაძლოა ერთგვარი ინტელექტუალური აფეთქება მოხდეს. ამ შემთხვევაში სხვაობა რობოტებს და ადამიანებს შორის ისეთივე დრამატული გახდება, როგორც ადამიანს და გველს შორის - ამბობს სტივენ ჰოუკინგი.

“ხელოვნური ინტელექტის შექმნაში მიღწეული წარმატება უდიდესი მოვლენა იქნება კაცობრიობის ისტორიაში” - თქვა ფიზიკოსმა “ინდიფენდანტისთვის” ჯერ კიდევ 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში. “სამწუხაროდ, ის შეიძლება უკანასკნელიც გახდეს, თუკი რისკების თავიდან აცილება არ ვისწავლეთ”. იმავე წელს “ბი-ბი-სისთან” საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ “ადამიანები ნელი ბიოლოგიური ევოლუციით არიან შეზღუდულნი. ისინი ვერ შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ ხელოვნურ ინტელექტს და ჩამორჩებიან მას”.

ელონ მასკი, ცნობილი ინოვატორი ხელოვნურ ინტელექტს “ყველაზე დიდ ეგზისტენციალურ საფრთხდ” აფასებს, რაც კი კაცობრიობის წინაშე ოდესმე დამდგარა. ანალოგიური აზრი გამოუთქვამთ ბილ გეიტსს, მაიკროსოფტის დამაარსებელს, თუ სტივენ ვოზნიაკს, პერსონალური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერს.

სტივენ ჰოუკინგი, ელონ მასკი და სტივენ ვოზნიაკი 100-მდე სხვა სპეციალისტთან გაერთიანდნენ და 2015 წლის 28 ივლისს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საგანგებო წერილი გამოაქვეყნეს. მიმართვაში საუბარია სამხედრო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების რისკებზე და მასთან დაკავშირებულ ეთიკურ დილემაზე. წერილის მიხედვით, აღნიშნული რისკები სავსებით რეალურია და სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის პოტენციურად ბევრად უფრო დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე ატომური ბომბი.

XS
SM
MD
LG